კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიძინა ივანიშვილი: „დაგვიტოვეთ ფაქტები და თქვენ ნახავთ რეაქციას“

18 ივლისი, 2013
 
საბა წიწიკაშვილი, შიდა ქართლი 

უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში შიდა ქართლის სამხარეო, კრიმინალური პოლიციის და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის (სუს-ის) განყოფილებების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეების ცემის და დაშინების ფაქტები გახშირდა. რამდენიმე შემთხვევის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისის წარმომადგენლებმა მასალები შეაგროვეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატს წარუდგინეს. „დაგვიტოვეთ ფაქტები და თქვენ ნახავთ რეაქციას“, - გვითხრა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.

ზეწოლა დირექტორებზე

8 ივნისს კასპში სახელმწიფო უშიშროების სამსახურის (სუს) წარმომადგენლებმა საჯარო სკოლების დირექტორები დაიბარეს. სუს-ის კასპის განყოფილების უფროსმა გიორგი გერმისაშვილმა კასპის 30-მდე საჯარო სკოლის დირექტორები ადგილობრივ რესურსცენტრის შენობაში დაიბარა, კაბინეტში ცალცალკე შეიყვანა და დაკითხა.

ამის თაობაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისის წარმომადგენლებთან ღიად კასპის მესამე და მეოთხე საჯარო სკოლების დირექტორებმა, მარიან ქონიაშვილმა და ქეთევან ხითარიძემ ისაუბრეს. მათი თქმით, გერმისაშვილთან ოთახში ცალ-ცალკე შევიდნენ. გერმისაშვილის ინტერესის საგანს დირექტორების სამუშაო გამოცდილება, განათლება, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის განმეორებითი სურვილი და სხვა პირადი ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა. ეს დაკითხვა სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნებამდე ერთი დღის ადრე განხორციელდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისის ინფორმაციაზე დაყრდნობით ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი მარგველაშვილს თბილისში კითხვა დაუსვა. მარგველაშვილმა განაცხადა, რომ გადამოწმების შემდეგ აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურდა. თუმცა, ვისთან გადაამოწმა მინისტრმა (აწ უკვე პრეზიდენტობის კანდიდატმა)  ინფორმაცია, უცნობია. მინისტრი დასახელებულ დირექტორებს არ გასაუბრებია.

მარგველაშვილის განცხადებიდან რამდენიმე საათში ადამიანის უფლებათა ცენტრი მეტეხის საჯარო სკოლის დირექტორს მანანა გეჯაძეს სახლში ესტუმრა. მან ასევე დაადასტურა, რომ უშიშროების თანამშრომელთან ისიც იყო შესული: „ყველანი შევდიოდით ინდივიდუალურად“, - გვითხრა გეჯაძემ. აღნიშნულ დირექტორებთან საუბარი დოკუმენტირებულია ვიდეოფირზე.

20 ივნისს მეტეხის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა გეჯაძე კასპის რესურცენტრის განყოფილებაში იმყოფებოდა. აქ ის რესურსცენტრის უფროსს დავით ზანგურს შეხვდა. შენობიდან გამოსული გეჯაძე, დღის 15:00 საათზე, ცუდად გახდა - გულის შეტევა დაემართა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმებმა მას წვეთოვნები არქივის შენობაში დაუდეს, საიდანაც დაწოლილ მდგომარეობაში კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოდან გამოსული გეჯაძე ადამიანის უფლებათა ცენტრთან ურთიერთობაზე უკვე უარს ამბობს.

რამდენიმე დღის შემდეგ ადამიანის უფლებათა ცენტრი კიდევ ორ დირექტორს - ხოვლესა და დოესის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. მათაც იგივე დაადასტურეს.

ნაცემი ახალგაზრდა

2013 წლის 31 მაისს ქარელის რაიონის დაბა აგარაში პოლიციის თანამშრომლებმა 19 წლის ლევან გოგიჩაშვილი სცემეს. მეორე დილით 1 ივნისს გოგიჩაშვილი დააპატიმრეს და ადმინისტრაციული, 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლის გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: „ლევან გოგიჩაშვილმა აგარის პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას. ასევე გაუწია წინააღმდეგობა, რითაც ხელი შეუშალა სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებაში“. წარდგენილი ბრალდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკვალიფიცირდა.

პოლიციელმა ბესიკ ზეინკლიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ავთანდილ ხარაზიშვილთან ერთად. „ლევან გოგიჩაშვილმა შეამჩნია ჩვენი მანქანა და ჩვენი მისამართით გადააფურთხა. როდესაც მოვუწოდეთ წესრიგისკენ, პოლიციის მუშაკებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა. მნ ჩვენი მისამართით შეიგინა. ადგილზე ის ვერ დავაკავეთ, რადგან მიიმალა“, – ასეთია პოლიციელის ჩვენება სასამართლო დოკუმენტში. იგივე დაადასტურა მეორე პოლიციელმა.

სხდომაზე უბნის ინსპექტორი დავით სარალიძეც მიუწვევიათ. მან ყურადღება  გაამახვილა, რომ ლევან გოგიჩაშვილი ადრეც სახდელდადებულია.

სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას ლევან გოგიჩაშვილმა განმარტა, რომ მისგან მოშორებით მდგარ მანქანაზე პოლიციელები თუ ისხდნენ, არ შეუმჩნევია. „უბრალოდ გადააფურთხა ქუჩაში“ და არა იმ ავტომანქანის მიმართულებით, რომელშიც, როგორც შემდეგ გაირკვა, პოლიციელები ისხდნენ. გოგიჩაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ მას პოლიციელებმა სასტიკად ცემეს.

გოგიჩაშვილის დედა ირმა ნოზაძე აცხადებს: „ჩვენს სახლთან ახლოს პარკია. დავინახე, რომ იქიდან ჩემი შვილი დასისხლიანებული მოდიოდა. ვიფიქრე, რამე ჩხუბი იყო. ვუთხარი ჩემს შვილს, რომ სახლში შესულიყო და მე პარკისკენ წავედი. იქ პოლიციელები დამხვდნენ. ვკითხრე, რა მოხდა მეთქი. არაფერიო, მიპასუხეს. პოლიციელები თუ ხართ, ვერ დაინახეთ, ჩემს შვილს რა მოუვიდა-მეთქი?! რა გინდა, მე ვცემეო, მითხრა ერთმა პოლიციელებმა. დავურეკე იმ წუთას 112-ზე და პატრული გამოვიძახე, რომ დაფიქსირებულიყო ჩემი შვილის ცემის ფაქტი. გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარების მანქანა. მოვიდნენ ექიმები და გასინჯეს ჩემი შვილი. სასწრაფოს ექიმმა მითხრა, თუ საავადმყოფოში გადავიყვანთ, თანხა გექნებათ გადასახდელიო. იმ წუთას არც თანხა მქონდა და არც პოლისი, რომ საავადმყოფოს ხარჯები დამეფარა. შემდეგ სახლში უბნის ინსპექტორიც მოვიდა და თვითონაც გაერკვია სიტუაციაში. თუ ჩემი შვილის დაკავება უნდოდათ, რატომ მაშინვე არ წაიყვანეს? სახლში ნახა ინსპექტორმა. მეორე დღეს დააკავეს ჩემი შვილი და ჩასვეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, რომ ნაჭდევები გაქრობოდა“.

სასამართლოზე სასწრაფოს ექიმი ზაზა ეგნატაშვილიც დაიკითხა. მისი განცხადებით, ლევან გოგიჩაშვილმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა, დაზიანებები კი არ აღენიშნებოდა. სწორედ ექიმის დასკვნას დაეყრდნო მოსამართლე და გადაწყვეტილებაში ჩაწერა, რომ პოლიციელების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი არ დასტურდება.

„მაინტერესებს, რატომ თქვა ექიმმა, რომ ჩემმა შვილმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა? თუ არაფერი ჭირდა ჩემს შვილს, მაშ რატომ გამოვიძახე? ეს დასისხლიანებული მაისური და ბამბის ნაჭრები საიდან გაჩნდა?!“ – კითხულობს გოგიჩაშვილის დედა. მისივე განცხადებით, აგარის პოლიციის ზემოთნახსენები მუშაკები მის შვილს დიდი ხანია გადაკიდებულები არიან: „16 წლის ასაკში ჯართის ქურდობის გამო ჩემს შვილს პატიმრობა მიუსაჯეს. ახლა კი ამნისტიითა გამოსული. რაკიღა ერთხელ მოიხადა სასჯელი, აღარ უნდა მოგვასვენონ? ვერავინ იტყვის დასახლებაში, რომ ლევანს ვინმესთვის შეეგინებინოს ან შეურაცხყოფა მიეყენებინოს. ან ესე გამეტებით ცემა როგორ შეიძლება?! ეს პირველი შემთხვევა არაა. რომ გამოვა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, თვითონ გეტყვით ჩემი შვილი, როგორ ჩაიყვანეს ადრე მდინარეზე და სასტიკად ცემეს. კვალი რომ გაექროთ, ახალი მაისური მოუტანეს მაშინ და ისე გამოუშვეს“, – ამბობს ირმა ნოზაძე.

აღნიშნულ ფაქტზე ხაშურის პროკურატურაში გამოძიება უკვე მიმდინარეობს. საქმეში სახალხო დამცველის აპარატიც ჩაერთო. 

ახალი ამბები