კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები

24 ივლისი, 2013

http://www.civil.ge/

პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი იმ ცვლილებათა პაკეტის განხილვა დაიწყო, რომლის მიღებაც რიგგარეშე სესიის ფარგლებში დაჩქარებული წესით ივლისში იგეგმება.

სულ ინიცირებულია ოთხი კანონპროექტი: ერთი პროექტი პარტიების შესახებ კანონში ცვლილებების თაობაზე, რომელიც არსებული შეზღუდვების ლიბერალიზაციას ისახავს მიზნად და საარჩევნო კოდექსში ცვლილებათა სამი დამოუკიდებელი კანონპროექტი - ერთი პროექტი ეხება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვას; მეორე საპრეზიდენტო კანდიდატების კამპანიის ხარჯებთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო მესამე პროექტი რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების ხმის მიცემის უფლების განხორციელების მექანიზმებს.

ყველა ეს პროექტი საარჩევნო რეფორმის საკითხებზე მომუშავეს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში მომზადდა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიციური პარტიების ჩართულობით.

ცვლილებები პარტიების შესახებ კანონში
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შემუშავებული ცვლილებები მიზნად ისახავს იმ მკაცრი რეგულაციების ლიბერალიზაციას, რომელიც 2012 წლის დასაწყისიდან მოქმედებს.
ერთ-ერთ მთავარ სიახლეს დაგეგმილ ცვლილებებში წარმოადგენს დებულება, რომლის მიხედვითაც, იურიდიულ პირებს უბრუნდებათ პარტიების დაფინანსების უფლება. კომპანიებს პარტიების დაფინანსება 2011 წლის დეკემბრის ცვლილებების შედეგად აეკრძალათ და ეს უფლება დარჩათ მხოლოდ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც წელიწადში მაქსიმუმ 60 000 ლარის შემოწირულობა შეუძლიათ გაიღონ პარტიების სასარგებლოდ.
შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, იურიდიული პირებისგან მისაღები შემოწირულობის წლიური ოდენობა 120 000 ლარს არ უნდა აჭარბებდეს. ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, აუცილებელი პირობაა, რომ იურიდიული პირი რეგისტრირებული იყოს საქართველოში, ხოლო მისი პარტნიორები და საბოლოო ბენეფიციარები იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. ის იურიდიული პირი, რომელსაც წინა კალენდარული წლის ან საარჩევნო წლის კენჭისყრის დღემდე შემოსავლების 15%-ზე მეტი მიღებული აქვს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებით, პარტიის შემომწირველი ვერ იქნება, კანონპროექტის თანახმად.
ცვლილებათა პროექტის მიხედვით, არსებული 60 ათასი ლარიდან 300 ათას ლარამდე იზრდება შემოსავლების ზღვრული ოდენობა, რომლის მიღებაც პარტიებს სხვადასხვა ტიპის საჯარო ღონისძიებების მოწყობიდან შეუძლიათ. ეს ღონისძიებები შესაძლოა იყოს ლექციების, გამოფენების მოწყობა ან საგამომცემლო და სხვა ტიპის საქმიანობა.
ამასთან მარტივდება პარტიის მიერ საბანკო სესხის აღების რეგულაციები. თუ მოქმედი წესებით, პარტიას მხოლოდ საარჩევნო წელს და ისიც მას შემდეგ შეეძლო მაქსიმუმ 1 მილიონი ლარის კრედიტის აღება, რაც ის საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირდებოდა, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, მას მილიონის ფარგლებში კრედიტის გამოტანის შესაძლებლობა ყოველ კალენდარულ წელს ექნება.
იმავდროულად, ორჯერ მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში დასაშვები ხარჯის საერთო ზღვრული ოდენობა. ის აღარ უნდა აღემატებოდეს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1 %-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პარტიას წელიწადში 26.13 მლნ ლარზე მეტის დახარჯვის უფლება არ ექნება. მოქმედი კანონმდებლობით, ეს ოდენობა ორმაგია და მშპ-ის 0.2%-ს შეადგენს.
ცვლილებების მიხედვით, უქმდება ნორმა, რომელიც ერთ კომპანიაში მომუშავე ფიზიკურ პირებს უწესებდა ჯამურ ლიმიტს 500 ათასი ლარის ოდენობით, რომლის ზევითაც მათ წლის განმავლობაში ერთი პარტიისთვის შემოწირულობის გაღება აკრძალული ჰქონდათ.
ცვლილებების თანახმად, პარტიას, რომლის წლიური ბრუნვაც 10 000 ლარს არ აღემატება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 1 თებერვლამდე წლიური ფინანსური ანგარიშის წარდგენა აუდიტორული დასკვნის გარეშე შეეძლება. ამ ვალდებულებისგან მოქმედი კანონმდებლობით 1 000-ლარიანი ბრუნვის მქონე პარტიები არიან გათავისუფლებულები.
ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წელიწადში მხოლოდ ერთხელ ექნება უფლება ჩაატაროს პარტიის ფინანსური საქმიანობის აუდიტი, ხოლო რიგგარეშე აუდიტის ჩატარებას მხოლოდ სასამართლოს სანქციით შეძლებს პარტიის უკანონო ფინანსური საქმიანობაზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში. ცვლილებების თანახმად, სასამართლოს სანქცია დასჭირდება ასევე აუდიტის სამსახურს, რათა გამოითხოვოს ინფორმაცია პარტიების ან მასთან დაკავშირებული პირებისთვის შემოწირულობის განმახორციელებელი პირების ფინანსების შესახებ.
ამგვარი ინფორმაციის არ მიწოდება, ცვლილებების პროექტით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის-  2 000 ლარით; მოქმედი კანონი ამ ქმედებაზე 5 000 ლარიანი ჯარიმის დაწესებას ითვალისწინებს.
ამასთან, თუ მოქმედი კანონით, პარტიების დაფინანსების წესების დარღვევის სხვადასხვა შემთხვევებში გათვალისწინებულია ჯარიმის ხუთმაგი ოდენობის დაკისრება, ცვლილებების თანახმად, საჯარიმო სანქცია აკრძალული შემოწირულობის ორმაგ ოდენობამდე შემცირდება.
შემოთავაზებული პროექტით არ იცვლება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება პარტიისთვის ყადაღის დადების შესახებ, რომელიც სასამართლომ მოკლე ვადებში (48 საათი) უნდა დაამტკიცოს ან უარყოს. თუმცა, ცვლილებების თანახმად, იზრდება სასამართლო განხილვის ის ვადები, რომელიც საჭიროა აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი სამართალდარღვევათა ოქმის განსახილველად.

საბიუჯეტო დაფინანსება
პარტიების შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს ყველა ის პარტია, რომელიც უკანასკნელ საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გადალახავს 3%-იან ბარიერს.
მოქმედი კანონმდებლობით, ყოველწლიური სახელმწიფო დაფინანსება კვალიფიციური პოლიტიკური პარტიებისთვისაა ხელმისაწვდომი – ანუ იმ პარტიებისთვის, რომელთაც ცალცალკე ან სხვებთან ერთად საარჩევნო ბლოკში გადალახეს 4%-იანი ბარიერი საპარლამენტო არჩევნებზე და 3% ადგილობრივ არჩევნებზე.
აღნიშნული კრიტერიუმის საფუძველზე ამჟამად, სახელმწიფო დაფინანსებას 14 პარტია იღებს. საბიუჯეტო დაფინანსება შედგება საბაზისო ნაწილისგან, პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრისათვის გამოყოფილი დანამატისა და მიღებული ხმების ოდენობის კომპონენტისაგან.
საბაზისო დაფინანსება ამჟამად 150 ათას ლარს შეადგენს. თუმცა ეს ოდენობა 300 ათასი ლარია იმ პარტიებისთვის, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში 8%-იანი ზღვარი გადალახეს ან ადგილობრივ არჩევნებში 6%-იანი შედეგი მიიღეს.
პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების ზრდის საკითხი ასევე უნდა ყოფილიყო ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში შემუშავებული ცვლილებების პროექტის ნაწილი, თუმცა, როგორც ქართული ოცნების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათი პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე ეს საკითხი ამ ეტაპზე მოიხსნა დღის წესრიგიდან და მასზე მსჯელობა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაგრძელდება.
არსებული ინფორმაციით, საუბარი იყო ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, ყველა კვალიფიციურ პარტიას საბაზისო დაფინანსება 300 ათას ლარამდე უნდა გაზრდოდა, ხოლო ერთჯერადად ბიუჯეტიდან დაფინანსება მიეღოთ იმ პარტიებს, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხდნენ, თუმცა შვიდი საუკეთესო შედეგი აჩვენეს.
ეს პარტიები არიან ქრისტიან-დემოკრატები (საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული შედეგი - 2.04%),  ლეიბორისტები (1.24%), ახალი მემარჯვენეები (0.43%), თავისუფალი საქართველო (0.27%), მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის (0.19%), ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (0.14%) და ქართული დასი (0.11%).
თუმცა ზოგიერთმა პარტიამ, მათ შორის ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსებას ადგილობრივი არჩევნების საფუძველზე იღებს, ხელი არ მოაწერა მემორანდუმს, რომელიც დაფინანსების ზრდის სქემაზე პარტიების თანხმობას გამოხატავდა. მემორანდუმზე თავისი უარყოფითი პოზიცია ხელმოწერით დააფიქსირა საპრეზიდენტო კანდიდატის ნინო ბურჯანაძის პარტიამ "დემოკრატიული მოძრაობა", რომელსაც აქამდე არცერთ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.
ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ იმის გამო, რომ სრული კონსენსუსი ვერ შედგა დაფინანსების ზრდასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, ეს საკითხი შეჩერდა. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა მწვავედ გააკრიტიკეს მმართველი კოალიციის მხრიდან შეთანხმების ჩაშლა, რაც, მათი თქმით, პარტიებს არათანაბარ პირობებში ტოვებს და ეჭვქვეშ აყენებს საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.
ქართულმა ოცნებამ უარყო ეს ბრალდებები, როგორც უსაფუძვლო და განაცხადა, რომ მან დაფინანსების ზრდის გარდა, ყველა სხვა შეთანხმებული საკითხის ინიცირება მოახდინა.  
პარტიების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებები, ასევე ითვალისწინებს პარტიათა უფრო მეტ ფინანსურ წახალისებას პოლიტიკაში ქალების ჩართვის შემთხვევაში. თუ მოქმედი ნორმით, კვალიფიციური პარტია დაფინანსებაზე 10%-იან დანამატს იღებს იმ შემთხვევაში, თუ პარტიული სიის ყოველ 10 კანდიდატს შორის ორი ქალია წარმოდგენილი, ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, სიის ყოველ ათეულში სამი ქალი კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში დანამატი 30%-მდე გაიზრდება. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ეს რეგულაცია 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის ამოქმედდება.

 საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები
საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებათა ერთი პროექტი ასევე ითვალისწინებს საარჩევნო სუბიექტების ფინანსური წახალისების მექანიზმებს.
ცვლილებების მიხედვით, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნებში ხმათა 10%-ს ან მეტს მიიღებს, მას წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯები ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 1 000 000 ლარის ფარგლებში ერთჯერადად აუნაზღაურდება; ამასთან დაფინანსება იქნება იმ ოდენობის, რა თანხასაც დახარჯავს საარჩევნო სუბიექტი კამპანიის დროს; გამოყენებული სახსრების ანგარიში საარჩევნო სუბიექტმა აუდიტის სამსახურს აუდიტორულ დასკვნასთან ერთად არჩევნებიდან 18 დღის განმავლობაში უნდა წარუდგინოს, რათა სანაცვლოდ ხარჯების ანაზღაურებაზე თანხმობა მიიღოს, ცვლილებების თანახმად.
კამპანიის დაფინანსების ამგვარი სქემა კანონში 2012 წლის იანვარში ჩაიწერა და ვრცელდება მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე - მილიონი ლარის ფარგლებში კამპანიის ხარჯები უნაზღაურდება იმ სუბიექტს, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იან ბარიერს გადალახავს. ეს წესი, ახალი ცვლილებების მიხედვით, კვლავ ძალაში რჩება, თუმცა დათქმა იმის შესახებ, რომ მთლიანი დაფინანსებიდან 300 000 ლარი მიზნობრივად სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად უნდა მიემართოს, მოიხსნება.
ამავე კანონპროექტის თანახმად, საბიუჯეტო დაფინანსების მქონე პარტიები ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარს, ხოლო ოლქზე 150 ლარს მიიღებენ თავიანთი წარმომადგენლობის დასაფინანსებლად. მოქმედი კოდექსში დაფინანსების ეს ოდენობები ნაკლებია და შესაბამისად, 60 და 120 ლარს შეადგენს.
საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცალკე ცვლილებათა პროექტით, რეგისტრაციიდან სხვადასხვა მიზეზით მოხსნილ ამომრჩევლებს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ, თუ ისინი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციას 2013 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გაივლიან.

დღევანდელი მდგომარეობით ასეთ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ და მათი საერთო რაოდენობა, ცესკოს-ს ინფორმაციით, 97 ათასს აღემატება, საიდანაც 70 ათასზე მეტი თბილისზე მოდის.
ამავე კანონპროექტის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნის შექმნა ცესკოს შეეძლება მინიმუმ 20 და მაქსიმუმ 3 000 ამომრჩევლისთვის. ქვეყნის შიგნით საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა რაოდენობა 1500 არ უნდა აღემატებოდეს.

ახალი ამბები