კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო პოსტსააკაშვილისეული ეპოქისთვის ემზადება

25 ივლისი, 2013
 
რადიო თავისუფლება 

სამ თვეში, ქართველები მოქმედი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეს აირჩევენ, სააკაშვილის, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ნაციონალურ პოლიტიკაში დომინირებდა. სააკაშვილს კონსტიტუცია უკრძალავს ზედიზედ მესამე ვადით კენჭისყრას, მაგრამ ახლახან, ერთ-ერთ ინტერვიუში მან პოლიტიკაში დარჩენა არ გამორიცხა.

საპრეზიდენტო არჩევნები ქართულ პოლიტიკაში წყალგამყოფია, რადგან ის იმ ღრმა საკონსტიტუციო ცვლილებების მაუწყებელია, რომელიც 2010 წლის ოქტომბერში მიიღეს. ამ ცვლილებების თანახმად, პრემიერმინისტრის ძალაუფლება იზრდება, ხოლო სახელმწიფოს მეთაურის – იზღუდება. ის გახდება ასევე სახალხო ნდობის ვოტუმი პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის მთავრობისთვის, რომლის კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა. „ქართულ ოცნებას“ დღეს 150-ადგილიან პარლამენტში 86 ადგილი აქვს, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 52. არჩევნების შემდეგ, ყოფილი მმართველი პარტიის ფრაქცია ცამეტმა დეპუტატმა დატოვა, და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმის განსასაზღვრად, გადარჩება თუ არა ეს პარტია და დარჩება თუ არა ის გავლენიან პოლიტიკურ ძალად.

მოქმედ და ყოფილ რეჟიმებს შორის სიტუაცია კვლავ დაიძაბა 20 ივლისს, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რომლებიც პარტიული კონფერენციისთვის იკრიბებოდნენ, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქვები და ბოთლები დაუშინეს დასავლეთ საქართველოს ქალაქ ზუგდიდში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები“ ამტკიცებენ, რომ აქციის მონაწილეების მობილიზება „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა. აქციის 12 მონაწილე დააკავეს და 100 ლარით (დაახლოებით $60) დააჯარიმეს. „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ინციდენტზე ყოველგვარ პასუხისმგებლობას უარყოფს.

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDA) მიერ 2103 წლის მარტში და ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, როგორც ივანიშვილის, ასევე „ქართული ოცნების“ პოპულარობამ იკლო, რაც ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ამომრჩევლების ზოგიერთი არარეალისტური მოლოდინის და ცვლილებების შეუსრულებლობას უკავშირდება. იმ რესპონდენტთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ მისცემდნენ ხმას ხვალ რომ ადგილობრივი არჩევნები იყოს, მარტში 62% იყო, ივნისში კი 54%-მდე დაეცა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის დავით დარჩიაშვილის აზრით, ზუგდიდის ძალადობა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის კლებას, სამწუხარო ეკონომიკურ სტატისტიკას და ამ პრობლემებიდან ყურადღების გადატანას უკავშირდება.

ამის საპირისპიროდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი არ შეცვლილა და ის კვლავ 10%-ია, განსხვავებით ოქტომბრის არჩევნებში მიღებული 40.34%-სგან.
გაურკვეველია, არის თუ არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოპულარობის კლება პირდაპირი შედეგი ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებების ტალღის. ბაჩო ახალაია, რომელიც ჯერ თავდაცვის მინისტრად მუშაობდა და შემდეგ, შარშან ზაფხულში, მცირე ხნით შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ნოემბერში დააპატიმრეს და დღეს მას წამების და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით ასამართლებენ. ყოფილი პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც სააკაშვილმა დეკემბერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელად დაასახელა, მაისში დააკავეს. მას ბრალად ედება თანამდებობის ბოროტად გამოყენება და მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლა 2006 წლის იანვარში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ბანკირ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამოძიების პროცესში.
არსებობდა მოლოდინი, რომ მერაბიშვილს, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს, პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელებდნენ თბილისში, აპრილში გამართულ აქციაზე. თუმცა, ამ აქციამდე რამდენიმე დღით ადრე, სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს მაისში ამერიკული სტილის პრაიმერი გამოავლენდა. ივნისის დასაწყისში, უმცირესობის დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პარტიამ პრაიმერის ჩატარება გადაიფიქრა; თუმცა ორი კვირის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალეს.

არათანმიმდევრულობის მორიგი დემონსტრირება იყო, როდესაც 28 ივნისს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის ნიშნად თბილისის მუნიციპალიტეტში მისი ოთხი წევრის ფინანსური დარღვევების ბრალდებით დაპატიმრების გამო, ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო სხდომებს, მაგრამ პარტიამ ბოიკოტი 10 დღეში შეწყვიტა.

ასევე 28 ივნისს, პრეზიდენტის პარტიამ კონფერენციათა სერია წამოიწყო ოთხი პოტენციური საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად. ესენი არიან, პარლამენტის ყოფილი სპიკერი დავით ბაქრაძე; პრემიერმინისტრის ყოფილი მოადგილე და მინისტრი ევროპული ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე; ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე შოთა მალაშხია; და პარლამენტის დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე.

ფართოდ გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ბაქრაძე ყველაზე რეალური არჩევანია. დღემდე გამართულ პრაიმერიში (ორი დარჩა) ის ლიდერობს. მას საჯაროდ დაუჭირა მხარი თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოქტომბრის საარჩევნო მარცხამდე, თავად განიხილებოდა შესაძლო პოტენციურ კანდიდატად. ბაქრაძემ პრეზიდენტობის სურვილი მორალური ვალდებულების ჭრილში ახსნა, იმ უსამართლობათა აღმოსაფხვრელად, რომელიც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარსულში დაუშვა, რომ ის არ შეაქცევს ზურგს პარტიის იმ რიგით წევრებს, რომლებიც „ტრავმის, ტკივილის და შოკის“ მდგომარეობაში არიან პარტიის წინააღმდეგ ბრალდებების „ტალღის“ გამო.

ბაქრაძე ბევრად ზომიერი და მოქნილი პოლიტიკოსია, ვიდრე ხისტი და მბრძანებლური ბარამიძე. მან არაერთხელ დაამტკიცა მზადყოფნა კომპრომისისთვის, დიდწილად, ამ თვის დასაწყისში მიმდინარე მოლაპარაკებებში თავის მემკვიდრესთან, პარლამენტის სპიკერ დავით უსუფაშვილთან, შემდგომი საკონსტიტუციო რეფორმების და უმცირესობის მხრიდან პარლამენტის სხდომების ბოიკოტირების შეწყვეტის საკითხებში.

საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაცია 2 ივლისს დაიწყო; 18 ივლისისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 14 განაცხადი მიიღო, რომელთაგან ორი გაუქმდა იმ მიზეზით, რომ კანდიდატობის მსურველებს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდათ. ყველაზე ცნობილი კანდიდატები არიან: პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე; არასაპარლამენტო ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი; და გიორგი თარგამაძე, პატარა პარტიის „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე, პარტიის, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტის ოპოზიციის ნაწილი იყო. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ახლა ოპოზიციური პარტია „საქართველოს გზის“ ხელმძღვანელია, ამბობს, რომ შეიძლება მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ მას, იმავდროულად, ფრანგული პასპორტიც აქვს და ორმაგი მოქალაქობის გამო შეიძლება კანონთან პრობლემა შეექმნას.

მაისის დასაწყისში, „ქართულმა ოცნებამ“ თავის საპრეზიდენტო კანდიდატად, განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დაასახელა. 3 ივლისს პრემიერმინისტრმა ივანიშვილმა იწინასწარმეტყველა, რომ მარგველაშვილი პირველ ტურშივე გაიმარჯვებს. მაგრამ NDA-ის კვლევების თანახმად, მისი პოპულარობის რეიტინგი მხოლოდ 29%-ია, მაშინ როდესაც რესპონდენტთა 52% აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ იწონებს. გამოკითხულთა 10% ხმას აძლევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, 5% – ბურჯანაძეს, 4% – თარგამაძეს და 3% – ნათელაშვილს.

ბურჯანაძეც და თარგამაძეც ფიქრობენ, რომ არჩევნების ბედი მეორე ტურში გადაწყდება, რადგან ხმების 50%-ს ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს.

თარგმანი: http://foreignpress.ge

ახალი ამბები