კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაჩანა ახალაიას სასამართლო სხდომიდან კიდევ ერთი ბრალდებული გაათავისუფლეს

26 ივლისი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

შვიდი სპეცრაზმელის წამების საქმეზე ბაჩანა ახალაიასთან და კიდევ 6 ადამიანთან  ერთად ბრალდებულ   დავით ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიება - წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეეცვალა და სხდომის დარბაზიდანვე გათავისუფლდა.

ყოფილი შინაგან საქმეთა და  თავდაცვის მინისტრის, ბაჩანა ახალაიას სასამართლო პროცესზე მასთან ერთად ბრალდებულის, დავით ჩუბინიძის ადვოკატმა, სულხან კაპანაძემ, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა დააყენა.  დამცველის განცხადებით,  მოსამართლის გადაწყვეტილებაში წინასწარი პატიმრობის შეფარდების მიზეზად მითითებული იყო, რომ ჩუბინიძეს შესაძლოა ზეწოლა მოეხდინა ბრალდების მოწმეებზე, რითაც ხელს შეუშლიდა სასამართლოს მიმდინარეობას. ადვოკატის თქმით, ზეწოლის საშიშროება აღარ არსებობს, რადგან ბრალდების მხარის ყველა მოწმე უკვე დაკითხულია სასამართლოზე.

პროკურორი შაქრო ზაალიშვილი არ დაეთანხმა შუამდგომლობას და განაცხადა, რომ ჩუბინიძე აგრესიულად იქცეოდა პროცესის მიმდინარეობისას და მოსალოდნელი სასჯელის შიშით, შესაძლოა, მიმალულიყო კიდეც. 

მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და   დავით ჩუბინიძე წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა, გირაოს სახით კი 15 000 ლარის გადახდა დააკისრა. შეგახსენებთ, რომ წინა სასამართლო სხდომაზე ამგვარი შუამდგომლობის საფუძველზე კიდევ ერთი ბრალდებული, ალექსი დავითაშვილი გათავისუფლდა.

სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა კახა ბოკუჩავა, რომელიც 2012 წლის აგვისტოში შინაგან საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მსახურობდა.

„19 აგვისტოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი განყოფილებიდან რამდენიმე მოსამსახურე  წაიყვანეს იალღუჯის საწვრთნელ ბაზაზე რეინჯერის კურსის გასავლელად და დავით ვეკუამ მიბრძანა, რომ გავყოლოდი მათ. ორი სატვირთო მანქანით მივდიოდით და ერთ-ერთში მე ვიჯექი. მანქანაში ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, ჩხუბი, გინება, მუქარა და ა.შ. რამდენიმე ადამიანისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება უნდოდათ დანარჩენებს და  ჩხუბი რომ არ მომხდარიყო, სწორედ ამიტომ გაგვაყოლეს რამდენიმე ადამიანი, დაცვის მიზნით. იალღუჯის ბაზაზე ასვლისას, იქ მყოფ ინსტრუქტორებს მოვახსენეთ მათი დაპირისპირების შესახებ და ვუთხარით, რომ სჯობდა ერთმანეთისგან დაეშორებინათ.“ - განაცხადა დაკითხვისას  ბოკუჩავამ.

კურსანტების დაპირისპირების ფაქტი დაადასტურა მოწმე დავით მელიქიძემაც, რომელიც ასევე დაცვის მიზნით გააყოლა მათ დავით ვეკუამ იალღუჯის საწვრთნელ ბაზამდე.

24 ივლისის პროცესზე დაიკითხა საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის მე-2 განყოფილების უფროსი გიორგი კობიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მიიღო დავალება, გამოეყო  7 მოსამსახურე რეინჯერის კურსის ჩასატარებლად იალღუჯის ბაზაზე.
  
„შევარჩიეთ ინსტრუქტორები და მეორე დღეს გავგზავნეთ ბაზაზე. მეც ავყევი და ვნახე საწვრთნელად მოყვანილი დაახლოებით 40 მოსამსახურე, რომელიც გაყვეს 2 ჯგუფად. ისედაც ძალიან რთულია, ამდენი ადამიანის ერთად ვარჯიში და ამასთან, როგორც გავიგე, მათ შორის გარკვეული დაპირისპირება არსებობდა.  შემდგომში კიდევ რამდენიმეჯერ ავედი იალღუჯის ბაზაზე და ჩვეულებრივი სიტუაცია იყო. რაც შეეხება ჩემს მიერ გაგზავნილ ინსტრუქტორებს, 3-4 დღეში უკან დავაბრუნეთ გიორგაშვილი, რადგან  ბატალიონის სერჟანტის მოვალეობა დაეკისრა და ასევე სუთიძე და ზანგიევი, რომელთაც რაგბის ჩემპიონატში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.“ - განაცხადა  გიორგი კობიძემ.

პროკურორმა შაქრო ზაალიშვილმა მოწმეს ერთი კვირის მანძილზე კურსანტების საწრთვნელ პროგრამასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა: 

„როგორც აღნიშნეთ, თქვენ შეადგინეთ პროგრამა. იქნებ აღნიშნოთ რა სახის ვარჯიშები შედიოდა მასში, იყო თუ არა გათვალისწინებული გინება, ცემა, ყელზე თოკის გამობმა და ისე გათრევა, გისოსებიან მიტოვებულ შენობაში დამწყვდევა, ღალატის დაბრალება, ცოცხზე გადასმა, გაშიშვლება და უკანა ტანში ჯოხების გაკეთება?..“  

აღნიშნულზე გიორგი კობიძემ განაცხადა, რომ ეს შეკითხვა შეურაცხმყოფელია. ასევე,  კითხვა გააპროტესტა დაცვის მხარემ. 

შეგახსენებთ, რომ ბაჩანა  ახალაიას შს მინისტრობის დროს იაღლუჯას სამხედრო ბაზაზე 7 სპეცრაზმელის წამების ორგანიზება ედება ბრალად. მასთან ერთად ბრალდებულებს,  დავით ვეკუას, მამუკა აბაშიძეს, ვლადიმერ ზანგიევას, რობერტ სუთიძეს, დავით გიორგაშვილს,  ალექსი დავითაშვილსა და დავით ჩუბინიძეს კი,  წამება და არაადამიანური მოპყრობა. 

ახალი ამბები