კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაჩო ახალაიას უდანაშაულოდ ცნობას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა

6 აგვისტო, 2013
 
სალომე ჩხეიძე

ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრი, ბაჩანა  ახალაია და მასთან ერთად ბრალდებულები, მოსამართლე გიორგი დარახველიძემ 31 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე უდანაშაულოდ ცნო.   აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკოსთა მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.  

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმავე დღეს შეხვდა გენერალ გიორგი კალანდაძეს, რომელიც ახალაიასთან ერთად იყო ბრალდებული და სისხლის სამართლის საქმეში გამართლება მიულოცა. სააკაშვილის თქმით, მას ეჭვი არ ეპარებოდა მათ უდანაშაულობაში.

„სამწუხაროა, რომ 9 თვე თქვენ და იმ პატრიოტებს, რომლებიც დღეს გაამართლეს, აცდენდნენ ფუჭად. აცდენდნენ იმ დროს, როდესაც საქართველოს არ ჰყავს არც ერთი დასაკარგი ოფიცერი და კადრი", - განუცხადა კალანდაძეს სააკაშვილმა.

ბაჩანა ახალიას უდანაშაულოდ ცნობას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც, რომლის თქმითაც, ახალაია დამნაშავედ რომც ეცნოთ, პრეზიდენტი სავარაუდოდ, მას მაინც შეიწყალებდა.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ კი, პატიმრების წამების საქმეზე,  ბაჩო ახალაიას გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ რაც ციხეებში ხდებოდა, შეუძლებელია დაბალ დონეზე გაკეთებულიყო, თუ დავალებები ზემოდან არ მოდიოდა.  

"პირდაპირ, უშუალოდ შეიძლება, ბაჩო ახალაია არ მონაწილეობდა ადამიანების წამებაში, მაგრამ სისტემის იდეოლოგი გახლდათ მიხეილ სააკაშვილი და მისი დამქაშები. ჩვენ ყველამ ვიხილეთ, რა ხდებოდა ციხეებში, როგორ ეპყრობოდნენ ადამიანებს და დამერწმუნებით, ალბათ, ეს ყველაფერი წარმოუდგენელია გაკეთდეს დაბალ დონეზე, თუ არ მოდის ზემოდან დავალებები. ეს იყო სისტემური ხასიათის დანაშაული“  - აღნიშნა კახა კალაძემ.

პოლიტიკოსთა ნაწილი ბაჩო ახალაიას გამართლებას ბრალდების მხარის სისუსტეს მიაწერს.  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, თინა ხიდაშელის განცხადებით, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არ ნიშნავს იმას, რომ ბაჩო ახალაია უდანაშაულოა. ეს ნიშნავს იმას, რომ მას პროკურატურამ ვერ დაუმტკიცა დანაშაული.

"სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისგან თავს ვიკავებ, რომ არ მოხდეს ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა.  თავისთავად, ის რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოხდა, დიდი პროგრესის მაჩვენებელია. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ სააკაშვილის საქართველოში ასეთი რამ გაებედა სასამართლოს? ეს ადასტურებს იმას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ დიდი ნაბიჯებით მივდივართ. თუმცა მეორე მხრივ ის, რომ ბაჩო ახალაიას მიმართ ასეთი ტიპის დანაშაულის დამტკიცება ვერ მოახერხა პროკურატურამ, ეს არ მეტყველებს იმაზე, რომ ბაჩო ახალაია ანგელოზია, ეს ნიშნავს იმას, რომ პროკურატურამ ვერ დაუმტკიცა დანაშაული, სასამართლოს კი,  მტკიცებულებების საფუძველზე გამოაქვს გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ დადგა ეს გადაწყვეტილება. კარგია, როცა სასამართლო ამას ახერხებს, ცუდია როცა პროკურატურა ვერ ახერხებს დაამტკიცოს ბრალი ასეთი მძიმე მუხლით წაყენებული ბრალდების შემთხვევაში", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

საქმეში ბრალდების მხარის სისუსტეზე გაამახვილა ყურადღება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად კვაჭანტირაძემაც და განაცხადა, რომ ის პროკურორები, რომლებიც სათანადოდ ვერ ასრულებენ მოვალეობებს, უმჯობესი იქნება, თუ პროკურატურას ჩამოშორდებიან.

ბრალდების მხარის სისუსტის შესახებ მოსაზრებას არ ეთანხმება მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, რომლის თქმითაც,  იგი იცნობს წარმოდგენილ ბრალდებას, მტკიცებულებებს, იცნობს პროკურორებს და მათი სისუსტის შესახებ ეჭვი, საფუძველს მოკლებულია. 

„პირადად ჩემი პოზიცია არის ის, რომ იმ ეპოზოდში, რომელშიც ახალაია გამართლებულ იქნა, დამნაშავედ უნდა ყოფილიყო ცნობილი, თუმცა სანამ სასამართლოს დასაბუთებული განაჩენი არ გვექნება, მოკლებული ვართ შესაძლებლობას ამ განაჩენის კანონიერებაზე ვიმსჯელოთ", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კი ახალაიას საქმეზე მოსამართლე გიორგი დარახველიძით დაინტერესდა.  

„ახალიას სასამართლოს დეტალებს არ ვეხები, მაგრამ მოსამართლე დარახველიძე, რომელიც არჩევნებამდე სამეგრელოში, სენაკში იყო სასამართლოს თავმჯდომარე და აპატიმრებდა "ოცნების" აქტივისტებს პლაკატების გაკვრისთვის, ეს მოსამართლე იქნება სამართლიანი? შემთხვევითი იყო მისი გადმოყვანა არჩევნების შემდეგ საქალაქო სასამართლოში, თუ გამიზნულად მოხდა ეს გადაწყვეტილება?"- წერს ეკა ბესელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერს,  ლევან ბერძენიშვილს განსხვავებული შეფასება აქვს მოსამართლესთან დაკავშირებით. მისი განცხადებით,  ბაჩო ახალაიას მიმართ გამოტანილმა განაჩენმა დაადასტურა, რომ საქართველოში სასამართლო უკვე თავისუფალია.

"მე როგორც პარლამენტის წევრი მოსამართლის მიმართ კითხვებს ვერ დავსვამ, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ დღევანდელმა გადაწყვეტილებამ დაამტკიცა, რომ მოსამართლე დარახველიძის სახით საქართველოში სასამართლო პროკურატურისგან და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელია. სასამართლო თავისუფალია და ესაა სერიოზული მიღწევა უკანასკნელი წლების განმავლობაში. მე არ მახსენდება ასეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობის საქმე, რომელთან მიმართებაშიც მოსამართლეს ამ ტიპის გადაწყვეტილება გამოეტანოს.“- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ასეთივე შეფასება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც, რომლის თქმითაც, ახალაიას გამართლებით დადასტურდა, რომ სასამართლო პროკურორებისგან თავისუფალია, თუმცა, აქვე დასძინა, რომ პროცესი არ დასრულებულა, საქართველოში არსებობენ პირველი ინსტანციის ზემდგომი მოსამართლეები, რომელთაც მეტი კომპეტენცია და გამოცდილება აქვთ.

„ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, საქმის მასალებში არის გამოძიების დროს მოპოვებული არაერთი მტკიცებულება ბრალის შესახებ, პროკურატურა გაორმაგებული ძალისხმევით თუ გადაწყვეტს, და მე როგორც ვიცი გადაწყვეტენ განაჩენის გასაჩივრებას მეორე ინსტანციაში, კიდევ უფრო მეტი შემართებით და ძალისხმევით დაუჭერენ ბრალდებას მხარს", - აღნიშნა თეა წულუკაინმა.

განაჩენის გამოცხადებიდან მეორე დღეს უმრავლესობა დატოვა კობა დავითაშვილმა. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მან სწორედ ახალაიას გამართლება დაასახელა. 

„ხელისუფლების მხრიდან უკვე გაკეთდა კომენტარები, რომელთა სულისკვეთება ის იყო, რომ ესაა სასამართლოს დამოუკიდებლობის დადასტურება და დემოკრატიის ზეიმი, რომ ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ. მე განსხვავებული მოსაზრება მაქვს. ახალაიას გამართლების დემოკრატიის გამარჯვებად გამოცხადება, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ეს არაა დემოკრატიის ზეიმი. ეს არ არის ჩვენი მთავარი დაპირება, რომელიც ვერ შევასრულეთ. საქართველოში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. მე ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება არის დაცინვა იმ ხალხის, ვინც დღემდე ელის სამართლიანობის აღდგენას.” - განაცხადა დავითაშვილმა. 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ იმავე დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავდა, რომ სასამართლო განაჩენის  გამოტანის შემდეგ პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების შესახებ.

"საქართველოს პროკურატურა მიიჩნევს, რომ ბაჩანა ახალაიასთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია სასამართლო გამოძიების დროს გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით“- ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები