კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ფსიქიატრიული დაწესებულებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

7 აგვისტო, 2013
 
 თამთა  თვალავაძე, სალომე ჩხეიძე

6 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშის - „საქართველოს ფსიქიატრიული დაწესებულებები; პრობლემები, საჭიროებები, რეკომენდაციები“ - პრეზენტაცია გაიმართა. ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, კვლევამ წარმოაჩინა ყველა ის აქტუალური პრობლემა, რაც საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებობს:

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა  საქართველოს ფსიქიატრიული დაწესებულებების კვლევა განახორციელა მიმიდნარე წლის აპრილსა და მაისში. ჩვენ გუნდის წარმომადგენლები სარგებლობდნენ  სახალხო დამცველის რწმუნებულებით გარკვეულ ინსტიტუციებში, რამაც მოგვცა საშუალება განგვეხორციელებინა მოულედნელი ვიზიტები და უფრო ობიექტური ანალიზი გაგვეკეთებინა“, - აღნიშნა მან. 

ანგარიშის ერთ-ერთმა  ავტორმა, ოლგა კალინამ ვრცლად ისაუბრა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე და რეკომენდაციებზე. მისი თქმით, ფსიქიატრიულ სისტემაზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს სატენდერო სისტემა, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ფისიქიატრიული დაწესებულებები ტენდერის გზით ყიდულობენ უხარისხო წამლებს მათი დაბალი ღირებულების გამო, რაც  ჯანდაცვის სფეროში მიუღებელი მიდგომაა.

„ხშირ შემთხვაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არის ისეთი კონტიგენტი, რომელთაც არამარტო ფსიქიატრიული პრობლემა აქვთ, არამედ სხვადასხვა სომატური დაავადება.ასეთ ადამიანებს სჭირდებათ განსაკუთრებული მკურნალობა. კიდევ ერთი პრობლემა არის პაციენტთა არაინფორმირებულობა. მათ არ იციან დიაგნოზი, არ იციან მკურნალობის დეტალები და ხშირ შემთხვევაში არც იციან თავისი მკურნალი ექიმის ვინაობა. ეს მიდგომა  მიუღებელია. ასევე,  არსებობს რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პრობლემა. საქართველოში არ არის განვითარებული ეს სფერო. რეაბილიტაციის სერვისებს დაფინანების მხოლოდ 1 პროცენტი ხმარდება,  საავადმყოფოს შიგნით რეაბილიტაცია კი, თითქმის არ ხდება. როდესაც ჩვენ ვატარებდით კვლევას,  თბილისში არსებული ერთადერთი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი დახურვის პირას იყო ფართი არქონის გამო. ეს პრობლემა ნამდვილად საჭიროებს რეაგირებას. ასევე აუცილებელია ხარისხის კონტროლის სისტემის შემუშავება. ჩვენთან არ არსებობს ერთიანი სტანდარტი - ზოგ საავადმყოფოში მკურნალობა ძალიან მაღალ დონეზეა, ზოგში კი დაბალზე.  პაციენტს აქვს უფლება თანაბრად მიღოს შესაბამისი მკურნალობა, ხარისხი და საცხოვრებელი პირობები“, - აღნიშნა ოლგა კალინამ.

ანგარიშის კიდევ ერთმა ავტორმა სიმონ მამულაშვილმა საზოგადოებაში გავრცელებულ სტიგმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს „გიჟებად“ მოიხსენიებენ, რაც მიუღებელია:

„კვლევის დროს სურამის საავადმყოფოს დირექტორმა გვითხრა, რომ ხშირად ზაფხულში დასასვენებლად ჩამოსული ადამიანები „ექსკურსიას“ აწყობენ და „გიჟების ჩვენებას“ ითხოვენ დაწესებულების ადმინისტრაციისგან. ეს, რა თქმა უნდა, სოციალურ სტიგმაზე მეტყველებს, რაც ქმნის უამრავ პრობლემას“. 

აღნიშნული კვლევა ადამიანის  უფლებათა ცენტრის პროექტ „ ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატირებისა და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერების “ ფარგლებში ჩატარდა,  დონორი ორგანიზაცია კი,  Pro Victims  Foundation  იყო.

კვლევითი ჯგუფის შემადგენლობაში ასევე იყვნენ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები, ნინო ანდრიაშვილი და ეკა ქობესაშვილი, რომლებიც უწევდნენ უფასო იურიდიულ კონსულტაციას ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებს. ასევე პროექტის ფარგლებში მომზადდა ორსერიანი დოკუმენტური ფილმი „გარიყულები“, რომელიც ატვირთულია ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოპორტალზე.

ოფიაციალური  მონაცემებით ,საქართველოში 2011 წელს  სულ 67 736 ფსიქიკური ან ქცვითი აშლილობების მქონდე ადამიანი დარეგისტრირდა. რეალურად  ეს რიცხვი გაცილებით დიდია. შიზოფრენიის დიაგნოზით საქართველოში 12 083 ადამიანია რეგისტრირებული.

ანაგრიშში ვკითხულობთ: „ წლების განმავლობაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებს  მხოლოდ ხელმოკლე, პირადი საცხოვრებლის არმქონე პაციენტები აკითხავენ, მკურნალობენ და შემდეგ წლობით რჩებიან , რადგან ჰოსპიტალსგარეთა მკურნალობა ნაკლებად არის  განვითარებული. არცთუ იშვიათია შემთხვევები , როცა ფსიქიკური პრობლემების  მქონე ადმიანები სამკურნალოდ ან უცხოეთში მიდიან , ან დაწესებულებებს საერთოდ არ მიმართავენ , ფსიქიატრიული რეესტრის აღრიცხვაზე არ დგებიან და სახლის პირობებში  მკურნალობენ“.

სახელმწიფო  ფსიქიატრიული დახმარების პროგრამას ექვს საავადმყოფოში ახორციელებს.სისტემაში  გამოვლენილ პრობლემებს შორის  აღსანიშნავია : სამედიცინო პერსონალის  შრომის  სათანადოდ  ანაზღაურების პრობლემა, არასაკმარისი  რაოდენობის ფსიქოლოგი და  სოციალური მუშაკი.

ცალკეა აღნსანიშნავი,  პაციენტთა მიმართ  არასათანადო მოპყრობა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებები მოხდა , „თუკი წინა წლებში არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა პერსონალის მხრიდან საკმაოდ მყარად იყო დამკვიდრებული და ამგვარი საქციელისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, მათ თითქმის არავის სთხოვდა პასუხს, ეს პრობლემა მნიშველოვანწილად აღმოფხვრილია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში“ - ვკითხულობთ ანგარიშში.

რაც შეეხება  პაციენტების  ფიზიკურ შეზღუდვას ეს  საკამოდ გავრცელებული  სამედიცინო მანიპულაციაა. ამ მიმართულებით მკვლევარების მთავარი მიზანი  იყო აღნიშნული პროცედურის  კანონთან შესაბამისობაში  გამოყენების შემოწმება.იურდიული ნორმების  მიხედვით, ფიზიკური შეზღუდვა  შესაძლებელია გამოიყენებოდეს  იმ შემთხვევაში , როდესაც  პაციენტი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან სხვა პირებს. რეგიონებისგან განსხვავებით, თბილისში ახლადგარემონტებულ საავადმყოფოებში განთავსებული საწოლები აღჭურვილია ფიზიკური შეზღუდვისათის შესაბამისი რკინის მარყუჟებით. ერთეულ შემთხვევებში , სავარაუდოა , რომ შეზღუდვა გამოიყენება პაციენტის დასჯისათვის, ზოგჯერ  არ ივსება ფიქსაციის  ჟურნალი, სადაც  მსგავსი შემთხვევები უნდ აიყოს აღნიშნული. 

„სტაციონარში მოთავსებული პაციენტები ინდივიდუალურად  უნდა იყვნენ ინფორმირებულები  თავისი უფლებების შესახებ“ - ეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2004 წლის რეკომენდაციაა. იგივე არის  ნათქვამი საქართველოს კანონში „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“. კვლევის ფარგლებში  გამოკითხული პაციენტების უმრავლესობამ არ იცოდა თავისი დიაგნოზი და მკურნალობის დეტალები. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ხშირ შემთხვევებში  პაციენტები არ ფლობენ ინფორმაციას მათი უფლებების შესახებ. ეს განსაკუთრებით ეხება „ნებაყოფლობით მკურნალობაზე“  მყოფ პაციენტებს, რომლებსაც  რეალურად  უნდათ საავადმყოფის დატოვება, მაგრამ დარწმუნებულნი არიან რომ არ აქვთ ამის უფლება. 

 კვლევაში აღნიშნულია, რომ უკნასკნელ წლებში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში  განხორციელებული ცვლილებებიდან  ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს ფსიქიატრიული პროფილის ახლდგახსნილ საავადმყოფოებში საცხოვრებელი პირობების  გაუმჯობესება  წარმოადგენს. თუმცა სხვადასხვა  დაწესებულებებში ეს  პირობები არაერთგვაროვანია. ზოგ დაწესებულებაში პაციენტთა  პალატები, რომლებში ისინი ყველაზე  დიდ დროს ატარებენ, არასახარბიელო მდგომარეობაშია. მძიმე სუნი, ვენტილაციის  სისტემის  არარსებობა, არასაკმარისი განათება, მოუწესრიგებელი  ტუალეტები და სააბაზანოები - ეს ის ძირითადი პრობლემებია, რაც კვლევის შედეგად გამოიკვეთა. ანგარიშის მიხედვით,  ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე ვიტარებაა ქუტირისა და სურამის ძველ სტაციონარში. 

კვლევის  ბოლოს  მოცმეულია  საზოგადოებრივის აზრის  გამოკითხვის შედეგები ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებთან მიმართებაში. მიღებულმა შედგებმაც  ცხადყო, რომ საზოგადოების  მნიშვნელოვანი ნაწილი არასაკმარის  ინფორმაციას ფლობს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, მათ  სოციალურ განწყობებში დომინირებს ისეთი სახის სტერეოტიპები, რომლებიც სტიგმატიზაციასა და  დისკრიმინაციას განაპირობებს, ამ რისკის  ქვეშ მყოფი პირების მიმართ. 

ახალი ამბები