კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკონსტიტუციო სასამართლომ ალკოტესტის ჩატარებისგან თავის არიდებასთან დაკავშირებული ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო

8 აგვისტო, 2013
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს მოქალაქისა და უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სიმთვრალის დასადგენად თავის არიდებასთან დაკავშირებით არსებული სხვადასხვა სახის სანქცია არაკონსტიტუციურად ცნო. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ აღნიშნული მოთხოვნით სასამართლოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილმა მიმართა.

სარჩელი შეეხებოდა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 117-ე მუხლის პირველი ნაწილის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) შეუსაბამობას.  სადავო ნორმის მიხედვით,  სატრანსპორტო საშუალების მართვისას,  ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, საქართველოს მოქალაქისთვის იწვევდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით, ხოლო,  იგივე ქმედების ჩადენა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ,   500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

„ვინაიდან, სადავო ნორმით, ერთი  და იმავე სამართალდარღვევისთვის, უცხოელსა და საქართველოს მოქალაქეს განსხვავებული სანქცია ეკისრებათ, სახეზეა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა მოქალაქეობის ნიშნის საფუძველზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს  დასაბუთება იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებისა და უცხოელების მიმართ განსხვავებული სანქციის დაწესება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება. მოპასუხე მხარემ ვერ დაასაბუთა სადავო ნორმაში არსებული დიფერენცირებული მიდგომის არსი და დანიშნულება, მის მიერ მოყვანილი არგუმენტები საფუძველს იყო მოკლებული“ - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

როგორც იმავე განცხადებაშია აღნიშნული, მოცემულ საქმეზე, სასამართლო არ წყვეტს სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედებისთვის  მართვის უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით უფრო ადეკვატური სანქციაა,  თუ ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქისა და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირთათვის ერთი და იმავე ქმედებისათვის განსხვავებული სანქციის კონსტიტუციურობის საკითხი.  სასამართლომ აღნიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობა, მართვის უფლების ჩამორთმევას უფრო მძიმე სანქციად მიიჩნევს, ვიდრე ფულად ჯარიმას. შესაბამისად, სადავო ნორმით, საქართველოს მოქალაქეს ეკისრება უფრო მკაცრი სანქცია, ვიდრე - უცხოელს.

საბოლოოდ, სიმთვრალის დასადგენად თავის არიდებასთან დაკავშირებით რომელი სანქცია დარჩება კანონში - ჯარიმა თუ მართვის მოწმობის ჩამორთმევა, ამის შესახებ ახალ ნორმას პარლამენტი მიიღებს. 

ახალი ამბები