კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი ღვინიაშვილი: „ბარბარე რაფალიანცის საქმეს ხელისუფლება შეგნებულად არ ხსნის“

8 აგვისტო, 2013
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

„ნაციონალური მოძრაობიდან“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების წინა დღეს, სოფელ კოლაგში მოკლული 10 თვის ბარბარე რაფალიანცის საქმეს ხელისუფლება შეგნებულად არ ხსნის. ამის შესახებ მან კახეთის საინფორმაციო ცენტრის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

„არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე დაგვადანაშაულეს, რომ ქვევრებში ვახრჩობდით ბავშვებს. ასეთი სტრესებით მიიყვანეს ხალხი საარჩევნო ყუთებთან. 10 თვის ბავშვის სიცოცხლეზე სპეკულაცია გამოიყენეს ხელისუფლებაში მოსასვლელად. ამიტომ არ აწყობს „ქართულ ოცნებას“ რომ ეს საქმე გახსნას“, - აღნიშნა ღვინიაშვილმა.

ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით გიორგი ღვინიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც გიორგი ღვინიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ დრომდე კიდევ ჰქონდა იმედი, რომ ბარბარე რაფალიანცის საქმე გაიხსნებოდა, მაგრამ სულ უფრო რწმუნდება, რომ ხელისუფლება ამ საქმეს არ გახსნის.

„10 თვე გადის ამ ხელისუფლების მოსვლიდან და ეს საქმე არ არის გამოძიებული. აქამდე იმედი მქონდა, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინებოდა, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო ვრწმუნდები, რომ ეს საქმე შეგნებულად არ იხსნება  და ეს დანამდვილებით შემიძლია ვთქვა იმიტომ, რომ კარგად გახსოვთ რა მოხდა კოლაგში და ზოგადად, მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნების ღამეს. „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა, მთლიანად „ქართულმა ოცნებამ“, მათ შორის ახლანდელი კულტურის მინისტრის მოადგილემ, მაშინდელმა ჩემმა კონკურენტმა მანანა ბერიკაშვილმა პირდაპირ მამხილა ამ დანაშაულის ჩადენაში, რაც არის ცრუ დასმენა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. იმ ღამეს ჩამოსული იყვნენ „ქართული ოცნების“ სხვა წევრები, მათ შორის ირაკლი ალასანია, რომელსაც დილით ზუგდიდში არჩევნები ჰქონდა და რატომღაც ღამის 2 საათზე გაჩნდა გურჯაანში. მანანა ბერიკაშვილმა პირადად მე და „ქართულმა ოცნებამ“ მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ დაგვადანაშაულა, რომ „ნაციონალები“ ქვევრებში ახრჩობდნენ ბავშვებს. როცა ამომრჩეველს ამას ეუბნები, რომ „ნაციონალები“ ბავშვებს ხოცავენ, შენზე კარგი წარმოდგენა ნამდვილად არ ექნებათ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა ადამიანმა ეს დაიჯერა“, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

ღვინიაშვილის განცხადებით, ის მანანა ბერიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებს გურჯაანში უპირობოდ მოუგებდა და ამისთვის არანაირი ხრიკი არ სჭირდებოდა.

„ლოგიკაში არ ჯდება, მანანა ბერიკაშვილთან მე არანაირი ხრიკები არ მჭირდებოდა. კარგად იცით, ვის უნდა გაემარჯვა არჩევნებში,  უპირობოდ. მანანა ბერიკაშვილი მე გურჯაანში არჩევნებს ვერ მომიგებდა. სწრაფად რომ ჰკითხო გურჯაანიდან ჯერ ვეჯინია თუ კოლაგი, ვერ გიპასუხებს იმიტომ, რომ არ იცნობს აქაურობს ეს ადამიანი და მე კიდევ ჩემი გურჯაანის ცხოვრებით ვცხოვრობდი 24 საათი. დავუშვათ გავგიჟდი, მონსტრები გავხდით და ბავშვების მკვლელობაზე გადავედით, რა უნდა მიმეღო მე ამ ოჯახისგან ბავშვის მკვლელობით, 1 ხმა უნდა მიმეღო თუ 2 ხმა? რაში უნდა გამომეყენებინა? თუ ისეთი გავლენა აქვს სოფელში მაგ ოჯახს, რომ მთელი სოფელი მაგათ უნდა მოეგოთ? ეს ხომ აბსურდია“, - აღნიშნა ღვინიაშვილმა.

მისი თქმით, მზად არის, ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების კითხვებს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას უპასუხოს.

„რაფალიანცის საქმეზე კი არა, არცერთ საქმეზე დაკითხვაზე უარი არასდროს  მითქვამს. მზად ვარ, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი არ ვიცი ამ საქმეში და დიდი დასაკითხი არ ვიქნები, მაგრამ მაინც მზად ვარ“, - აღნიშნა დეპუტატმა.

გიორგი ღვინიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის პრესკლუბში იმ ვიდეო კადრებზეც ისაუბრა, სადაც ჩანს, როგორ აფარებს ქვევრს სახურავს მანანა ბერიკაშვილის ბიძაშვილი სოსო ბერიკაშვილი, როდესაც ქვევრს ახდის და დაინახავს რომ იქ ბავშვი გდია. ღვინიაშვილის განცხადებით, მას სოსო ბერიკაშვილის საქციელის ადამიანურად არ ესმის.

„ნამდვილად არ ვიცი სოსო ბერიკაშვილს რა როლი უნდა ჰქონდეს ამ საქმეში. უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ და არც მაქვს ამის საფუძველი თუმცა, ადამიანურად, სოსო ბერიკაშვილის ნამდვილად არ მესმის, როდესაც კადრებში ვხედავ, რომ თოთო ბავშვს აღმოაჩენს ქვევრში და ქვევრს ხელმეორედ აფარებს სახურავს. დელფინს აქვს იმის ინსტიქტი, რომ წყალში ჩავარდნილ ადამიანს შველის. 10 თვის ბავშვი კი არა, ცხოველი რომ ნახო ჩავარდნილი ქვევრში, პირველი ინსტიქტია, რომ ხელი ჩაყო და იმას უშველო. ადამიანურად არ მესმის, რა იყო ეს და რა ნერვებმა გაუძლო, როცა ქვევრში ჩავარდნილ ბავშვს ხელმეორედ აფარებ კარგად თავს და ელოდები ტელევიზიები როდის მოვლენ“, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

10 თვის ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ, საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს.  მანანა ბერიკაშვილმა იმავე საღამოს განცხადება გააკეთა, ბავშვის მკვლელობაში გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულა და მისი დაპატიმრება მოითხოვა.  

შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენჯერმე საჯაროდ დადო პირობა, რომ საქმეს სწრაფად გამოიძიებდნენ. უფრო მეტიც, ღარიბაშვილმა 2012 წლის 29 ნოემბერს ისიც თქვა, რომ რეალური სურათი სამ კვირაში ექნებოდა, მაგრამ შემზარავი მკვლელობიდან 10 თვის შემდეგ, საქმე გამოძიებული არ არის.

ახალი ამბები