კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასჯელაღსრულების ქალთა მე-5 დაწესებულების პატიმრებმა შესაძლოა შიმშილობა განაახლონ

9 აგვისტო, 2013
 
სალომე ჩხეიძე, ქვემო ქართლი

სასჯელაღსრულების ქალთა მე-5 საპყრობილის პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება პროტესტს კვლავ მიმართავენ. მსჯავრდებულების მოთხოვნა 3 დღის წინ მოხსნილი  ციხის დირექტორისა და მისი მოადგილის თანამდებობაზე აღდგენაა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს  მსჯავრდებულები რუსთავის მე-5 ქალთა დაწესებულებიდან დაუკავშირდნენ. პატიმრებმა განაცხადეს, რომ უფროსის, სალომე ჯანელიძისა და მისი მოადგილის, ნინო  მაისურაძის გათავისუფლებას პროტესტით შეხვდნენ და შიმშილობა გამოაცხადეს, რის გამოც 7 აგვისტოს ციხის ადმინისტრაციამ ე.წ. „კარმუშკები“, საკნის კარზე დატანებული სარკმლები, მათ დაახლოებით 3 საათის მანძილე ჩაუკეტა. ასევე, ამ პერიოდში გათიშული იყო ციხეში არსებული ტელეფონი, რომლიდანაც დარეკვა პატიმრებს სხვა დროს შეზღუდული არასდროს ჰქონიათ. აღნიშნულ ფაქტს დაწესებულებაში არეულობა მოჰყვა, ერთმა პატიმარმა კი თვითდაზიანებაც მიიყენა.

„რამდენიმე დღის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს ჩვენი დაწესებულების ხელმძღვანელი სალომე ჯანელიძე და მის ნაცვლად ახალი უფროსი - გიორგი სუდაძე მოიყვანეს. ჩვენ პროსტესტის ნიშნად შიმშილობა დავიწყეთ და ვითხოვდით სალომე ჯანელიძის თანამდებობაზე დაბრუნებას. ახალმა უფროსმა, როგორც ჩანს, ჩვენი დასჯის მიზნით, „კარმუშკები“ დაგვიხურა და გვამყოფა არაადამიანურ პირობებში. ადმინისტრაციის მხრიდან ასეთ საქციელს დაწესებულებაში არეულობა და ხმაური მოჰყვა. სასწრაფოდ ვითხოვთ სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლების შემოსვლას“- აღნიშნა ჩვენთან საუბარში ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, თამარ ტალიკაძემ.

მსჯავრდებულ თამარ ბაშარაძის თქმით, ახალმა უფროსმა, გიორგი სუდაძემ პირველივე დღიდან  ცუდად დაიწყო  საქმიანობა.  

„ჩემს სანახავად მოსული  მცირეწლოვანი შვილი მან ისე გააჩხრეკვინა, რომ ბავშვს შეეშინდა და  ტირილი დაიწყო. ვფიქრობ,სუდაძემ ამ შემთხვევაში ბავშვის უფლებებიც დაარღვია.  ძველი დირექტორი კი,  ყოველთვის ძალიან კარგად გვექცეოდა, ჩვენც და მნახველებსაც. მან სათითაოდ ყველას პრობლემა იცოდა“, - აღნიშნა მსჯავრდებულმა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დამხარების მინისტრის მოადგილეს, არჩილ თალაკვაძეს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, ამჟამად ქალთა მე-5 დაწესებულებაში სტაბილური მდგომარეობაა.

„შიმშილობის დაწყებისთანავე ციხეში მოქმედებდა სამედიცინო მონიტორინგის ჯგუფი და აკვირდებოდა პატიმრების მდგომარეობას. ამჟამად  ყველა პატიმარს შეწყვეტილი აქვს შიმშილობა, გარდა ერთისა, რომლის მოთხოვნაც განსხვავებულია, - იგი საკუთარი განაჩენის გადახედვას ითხოვს, ეს კი ჩვენი სამინისტროს კომპეტენცია არ არის. მსჯავრდებულთაგან ერთ-ერთმა მიიყენა თვითდაზიანება, თუმცა ამჟამად სტაბილურ მდგომარეობაშია. დაწესებულებაში სიმშვიდეა და ობმუდსმენისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები უკვე იყვნენ შესულები“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

ქალთა მე-5 დაწესებულებაში 45 პატიმრის მიერ შიმშილობის დაწყებას გამოეხმაურა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარიც და განაცხადა, რომ ციხეების დირექტორების მოხსნა-დანიშვნა სამინისტროს პრეროგატივაა და შიმშილობით ვერაფერი გადაწყდება.  მისივე განცხადებით, ქალთა მე-5 დაწესებულების ყოფილი დირექტორი სალომე ჯანელიძე ამ დროისათვის არსად არ დანიშნულა. რაც შეეხება იმას, აპირებს თუ არა მინისტრი პატიმრების მონახულებას, როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ის იმას გააკეთებს რასაც საჭიროდ ჩათვლის.

მსჯავრდებულები გარდა ძველი ხელმძღვანელის მოხსნისა, მათი მეხუთე დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში შესაძლო გადაყვანასაც აპროტესტებენ. მსჯავრდებულები აცხადებენ, რომ სალომე ჯანელიძის მოხსნამდე რამდენიმე დღით ადრე  დირექტორმა აცნობა, რომ მათი მე-12 დაწესებულებაში გადაყვანა იგეგმებოდა, რაც პატიმრებს არ სურდათ, რადგან მე-5 საპატიმროში მათ ძალიან კარგი მდგომარეობა აქვთ.  

„მოგვიტანეს ანკეტები, სადაც აღნიშნული იყო, რა პირობები გვექნებოდა იქ გადაყვანის შემთხვევაში. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ადამიანი ერთ საკანში ვიქნებოდით, საერთო გვექნებოდა სველი წერტილებიც, მაშინ როცა აქ ყველას ინდივიდუალური სველი წერტილი გვაქვს და ერთ საკანში 1 ან 2 პატიმარი ვართ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ აქ ძალიან კარგი ბიბლიოთეკა გვაქვს, სხვა საპატიმროში კი, როგორც გვითხრეს,  მისი გადატანა ვერ მოხდებოდა“ - აღნიშნა ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, რომელმაც ვინაობის დაფარვა ითხოვა. მისივე თქმით, სალომე ჯანელიძე მათ შეპირდა, რომ ყველანაირად ეცდებოდა, არ გადაეყვანათ მსჯავრდებულები მე-5 დაწესებულებიდან და როგორც მსჯვრდებული ვარაუდობს, ჯანელიძისა და მისი მოადგილის მოხსნა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.

სასჯელაღსრულების სამინისტროში კი, აცხადებენ რომ პატიმრების შესაძლო გადაყვანასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. 

ახალი ამბები