კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები პრემიერის მიერ „შუამთობაზე“ სიძე-პატარძლისთვის საჩუქრის გადაცემას კანონდარღვევად მიიჩნევენ

13 აგვისტო, 2013
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატისა და პრემიერ-მინისტრის ქმედებებს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ,  სამოქალაქო სექტორი უკანონოდ მიიჩნევს. არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი მარგველაშვილის „თუშეთობაში“ მონაწილეობას, ხოლო ბიძინა ივანიშვილის მიერ „შუამთობაზე“ ახლადდაქორწინებული წყვილისათვის ბრილიანტის ბეჭდის  ჩუქებას ეხმიანებიან.

10 აგვისტოს, აჭარის კურორტ ბეშუმში, სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა. ტრადიციისამებრ, ზეიმს ახლადდაქორწინებული სიძე-პატარძალიც სტუმრობს, რომლებიც საჩუქრებსა და მილოცვებს ღებულობს. წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ასეთ წყვილს ბეჭედი აჩუქა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ პროკურატურისაგან პრემიერ მინისტრის მიერ, საჩუქრის გადაცემის ფაქტის შესწავლას ითხოვს. 

„პრემიერ მინისტრის მიერ ამომრჩევლისათვის საჩუქრის გადაცემის ფაქტი, შესაძლოა შეიცავდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რაც დამოკიდებულია საჩუქრის ღირებულებაზე“, აღნიშნულია ორგანიზაციის ბლოგზე განთავსებულ განცხადებაში. 

ორგანიზაცია აცხადებს, რომ თუ პრემიერ მინისტრის მიერ გადაცემული საჩუქარი არ აღემატება 100 ლარს, მაშინ შესაძლოა სახეზე გვქონდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.  თუ პრემიერ მინისტრის მიერ გადაცემული საჩუქრის ღირებულება აღემატება 100 ლარს, მისი ქმედება შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლის თანახმად, „საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ამომრჩევლისათვის ქონების გადაცემა ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით“.

პრემიერ-მინისტრის მიერ საჩუქრის გადაცემა მედია საშუალებით გავრცელდა. ფოტო მასალა განთავსებულია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის facebook-ის ოფიციალურ გვერდზეც. ფოტოებთან ერთად განთავსებულ ტექსში თავდაპირველად ეწერა:  „... ტრადიციისამებრ, შუამთობაზე ასულმა მექორწილე წყვილმა ნიშნობის ცერემონიალი გამართა და სამახსოვრო საჩუქრები მიიღო პრემიერისგან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან“. 

რა აჩუქეს წყვილს? ამ შეკითხვით აჭარის მთავრობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნათია სირაბიძეს მივმართეთ:

„შუამთობაზე“ არ ვიმყოფებოდი. როგორც მითხრეს, ცალცალკე საჩუქარი არ ყოფილა. ერთი სიმბოლური საჩუქარი იყო. როგორც მითხრეს, სახელმწიფო ფული ამაში არ დახარჯულა “ -ამბობს სირაბიძე. 

მოგვიანებით კი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის facebook-ის გვერდზე შუამთობასთან დაკავშირებით განცხადების ტექსტი შეიცვალა და მასში პრემიერ-მინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გაცემული საჩუქრების შესახებ აღარ წერია. სირაბიძის განცხადებით, თავდაპირველ ტექსტში შეცდომა გაეპარათ. ფაისბუქის ოფიციალური გვერდიდან ის ფოტოც გაქრა, სადაც ჩანს  როგორ ასაჩუქრებს პრემიერი პატარძალს ბეჭდით.    

არასამთავრობო სექტორის გამოხმაურება, პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის „თუშეთობაში“ მონაწილეობასაც მოჰყვა. „თუშეთობა“ 3 აგვისტოს სოფელ ომალოში გაიმართა. მარგველაშივლი ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა „თუშეთობაზე“ სწორედ, პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსით წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ადგილობრივი ბიუჯეტიდან იყო დაფინანსებული. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს (http://ick.ge/rubrics/politics/15309-i.html)  „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა, ირინე ურუშაძემ განუცხადა, მსგავს ღონისძიებაზე საარჩევნო მიზნებისთვის პირის მიწვევა შეიძლება უკანონო შემოწირულობად ჩაითვალოს: 

„იქედან გამომდინარე, რომ წინასაარჩევნო კამპანია ფაქტობრივად უკვე დაწყებულია, საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაცია კი, მხოლოდ ფორმალურ პროცედურას წარმოადგენს, კოალიცია „ქართული ოცნების“ მომავალი კანდიდატი ვალდებულია, დაიცვას ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტი, რომლის თანახმად, სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის მკაფიო განსხვავება უნდა არსებობდეს, რაც ამ შემთხვევაში დარღვეულია. პრეზიდენტობის კანდიდატი ვალდებულია დაიცვას მის მიერვე დეკლარირებული მაღალი პოლიტიკური სტანდარტი და კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირებამდეც არ დაუშვას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ვინაიდან ამომრჩევლისთვის ის უკვე აღიქმება, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი“.

ფოტოს წყარო:აჭარის მთავრობის ოფიციალური ფეისბუკის გვერდი

ახალი ამბები