კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალაიას განაჩენი მომდევნო სასამართლო სხდომაზე გამოცხადდება

15 აგვისტო, 2013
 
სალომე ჩხეიძე

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩანა ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების  სასამართლო პროცესზე, რომელიც 7 სპეცრაზმელის წამების ეპიზოდს შეეხება, ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოადგინეს. მოსამართლე დავით მგელიაშვილი  განაჩენს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. 

პროცესზე საბოლოო სიტყვა წარმოთქვა ბაჩანა ახალაიამაც და განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ მოსამართლე გაითვალისწინებს პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ურთიერთგამომრიცხავ მტკიცებულებებს და მას და მასთან ერთად ბრალდებულებს გაამართლებს.

„მე რომ დამნაშავე ვყოფილიყავი, ამას აუცილებლად ვიტყოდი და დანარჩენი ბრალდებულები ახლა აქ არ იქნებოდნენ.“ - აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა. 

მისივე თქმით, საქმეში დაზარალებულად ცნობილი შვიდი სპეცრაზმელი გადიოდა ჩვეულებრივ წვრთნებს, რომელსაც ფიზიკური მოუმზადებლობის გამო ვერ გაუძლეს. ახალაიას განცხადებით,  ამჟამად ისინი მხოლოდ პროკურატურის დაკვეთას ასრულებენ და  სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, მათ, როგორც მოუმზადებელ და გამოუსადეგარ სპეცრაზმელებს, სამსახურს დაატოვებინებენ.

პროკურორმა შაქრო ზაალიშვილმა  დასკვნით სიტყვაში ვრცლად ისაუბრა ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებული 7 პირისთვის წაყენებული ბრალის შესახებ.

პროკურატურის ინფორმაციით, 2012 წლის აგვისტოში, საპარლამენტო არჩევნების პეიროდში ახალაიამ შეიტყო, რომ შსს-ს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს 7 სპეცრაზმელი მხარს უჭერდა კოალიცია „ქართულ ოცნებას“, რის გამოც მათი დასჯა გადაწყვიტა. ამ მიზნით, ახალაიას ორგანიზებით 1-ლი სამმართველოს პირადი შემადგენლობა, 19 აგვისტოს წაიყვანეს იალღუჯის საწვრთნელ ბაზაზე, თითქოსდა რეინჯერის კურის გავლის მიზნით,  სადაც იმყოფებოდნენ 21 სექტემბრამდე და აღნიშნულ 7 სპეცრაზმელს აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ჰყავდათ გაუსაძლის მდგომარეობაში.

„საწვრთნელ ბაზაზე ასული სპეცრაზმელებიდან აღნიშნული 7 სპეცრაზმელი გამოყვეს ცალკე და დანარჩენებს მათთან კონტაქტის უფლება არ ჰქონდათ. პირველივე დღეს ვარჯიშის შემდეგ ისინი გააშიშვლეს, დააწვინეს ძირს, პირით მიწისკენ,  ბრალდებულმა ჩუბინიძემ მოტეხა ნუშის ტოტები და 2 მათგანს უკანა ტანში გაუკეთა, ინსტრუქტორებს კი დაავალა, გადაეღოთ მათთვის სურათები, რათა ახალაიასთვის ეჩვენებინათ. შემდგომში ინსტრუქტორმა ერთ-ერთ მათგანს გამოაბა კისერზე თოკი და გაათრია. ასევე,  ერთ-ერთი „ბაბაიაგასავით“ გადასვევს ცოცხზე, ასე ახვეტინეს,“ - აღნიშნა დასკვნით სიტყვაში პროკურორმა ზაალიშვილმა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის მიზანი იყო, ამ ადამიანების დასჯით, სხვა თანამშრომლებისთვისაც ეჩვენებინა მაგალითი, რა მოუვიდოდათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო. ამასთან, ეს დასჯა უნდა ყოფილიყო შენიღბული, თითქოსდა უტარდებოდათ რეინჯერის კურსი, რეალურად კი, სიტყვა „რეინჯერი“ ბრძანებაში ნახსენებიც არ ყოფილა.

დასკვნით სიტყვაში ადვოკატებმა ყურადღება გაამახვილეს სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე და იმ გარემოებებზე, რაც, მათი აზრით, წარმოაჩენდა მტკიცებულებების სიყალბეს.

„პროკურორმა აღნიშნა, რომ გაშიშვლებულ დაზარალებულებს ინსტრუქტორებმა მობილურებით ფოტოები გადაუღეს ახალაიასთვის საჩვენებლად, თუმცა საგულისხმოა, რომ გამოძიების ეტაპზე  საერთოდ არ გასჩენიათ  ამ ინსტრუქტორების ტელეფონების ამოღებისა და დათვალიერების სურვილი. იქნებ ჯერ კიდევ ჰქონდათ შენახული აღნიშნული ფოტომასალა. მაგრამ საქმე ისაა, რომ პროკურატურამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს იყო ტყუილი და ფოტოების ტელეფონებში ძებნას აზრი არ ჰქონდა“ - განაცხადა ახალაიას ადვოკატმა, გიორგი ონიანმა.

ახალაიასთან ერთად ბრალდებულმა ინსტრუქტორებმა განაცხადეს,  რომ ის მკაცრი პროგრამა, რომლითაც სპეცრაზმელებს წვრთნიდნენ, თავადაც აქვთ გავლილი და ეს კრიმინალს არ წარმოადგენს. მათივე თქმით, წვრთნისას ჯარისკაცებს აყენებენ გაუსაძლის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, რათა  ჰქონდეთ მაღალი დონის ფსიქოლოგიური და ფიზიკური მომზადება. ყოფილი ინსტრუქტორებისვე განმარტებით, რეინჯერთა კურსის მიზანია, მოხდეს რაც შეიძლება მეტი ოდენობის ჯარისკაცის გაცხრილვა წვრთნისთვის, რათა წვრთნას გაუძლოს ძალიან ცოტა, მაგრამ ხარისხიანმა ჯარისკაცმა, ამისთვის კი ინსტრუქტორები სხვადასხვა ხასიათის ფსიქოლოგიური და ფიზიკური დატვირთვის ხერხს მიმართავენ. მათივე განცხადებით, შეატყვეს რა,  საწვრთნელთა ფიზიკური მოუმზადებლობა, მეორე დღესვე შეიცვალა პროგრამა და უფრო გამარტივებული მეთოდით გააგრძელეს წვრთნა.

ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა მსურველს შეეძლო კურსის დატოვება და გაიხსენა მოწმე კურდღელიას ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ შექმნილი ფიზიკური პრობლემების გამო იალღუჯიდან წამოვიდა და ამაში მისთვის ხელი არავის შეუშლია. 

ადვოკატებმა ასევე  განაცხადეს, რომ ახალაიამ საერთოდ არ იცოდა, თუ რა ტიპის წვრთნებს გადიოდნენ სპეცრაზმელები იაღლუჯას ბაზაზე. იმ პერიოდში იგი  ბაზაზე საერთოდ არ ყოფილა. 

ბაჩო ახალაიას და მასთან ერთდ იმავე საქმეში ბრალდებულ 7 პიროვნებას, ბრალი ედებათ  სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე, 143-ე და 144-ე მუხლებით, რომელებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, წამებას,  დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს. 

მოსამართლე დავით მგელიაშვილმა განაჩენის გამოსატანად რამდენიმე დღე ითხოვა და აღნიშნა, რომ მომდევნო სასამართლო სხდომის გამართვის თარიღს, როდესაც განაჩენი უნდა გამოცხადდეს, მხარეებს სხდომის გამართვამდე ერთი დღით ადრე შეატყობინებს.  

ამ ეტაპზე, ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძღული. საქმე ციხის ბუნტის ეპიზოდს ეხება. საქმეზე სასამართლო სხდომები სექტემბერშია ჩანიშნული. სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში გვარდიის ჯარისკაცების აბანოში გამოკეტვის, ბიზნესმენ ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ვაზიანის ბრიგადაში ჯარისკაცების ცემის საქმეში კი,  სასამართლომ 31 ივლისს ბაჩანა ახალაია და მასთან ერთად ბრალდებულები უდანაშაულოდ ცნო. 

ახალი ამბები