კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ურეკი - სტიქიის ზონა

22 აგვისტო, 2013
 
ანა ურუშაძე, გურია

18 აგვისტოს დილის 6 საათზე დაწყებულმა გადაუღებელმა წვიმებმა დატბორა კურორტ ურეკის ცალკეული უბნები: მესხის ქუჩა, დუმბაძის ქუჩა, ე.წ პოლიციის ქუჩა. ძლიერმა უამინდობამ ასევე გამოიწვია ყოფილი მეურნეობის ბინების მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყერი.

სტიქიის ზონებში გრძელდება სამაშველო ჯგუფებისა და სპეციალისტების მუშაობა, რომლებიც ითვლიან ზარალს და მალე დაიანგარიშებენ მატერიალურ დანაკარგს, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ განიცადა. 

ამ დროისათვის ურეკში წვიმა შეწყვეტილია  და მოსახლეობა სტიქიის შედეგად დატოვებული ნაგვისგან ტერიტორიების გაწმენდას ცდილობს. 

ჩვენ გვესაუბრა ერთ-ერთი დაზარალებული, დუმბაძის ქუჩის მცხოვრები, ეკა მიდოდაშვილი: „ჩვენი უბნის პრობლემა მხოლოდ უამინდობასთან არაა დაკავშირებული. ჩვენ პრობლემას გვიქმნის ასევე სანიაღვრე არხებისა და წყალკანალიზაციის სისტემის გაუმართაობა. ამ არხების პრობლემა კომუნისტურ დროშიც არსებობდა. მაშინ აქ სვანეთიდან ჩამოდიოდნენ მუშები და ხელით წმენდნენ არხს. თუმცა მათმა გაუმართაობამ მაინც ბევრი გართულება გამოიწვია. ამ თვეში უკვე მეორედ დავიტბორეთ. ეზოში წყლის დონემ დაახლოებით 1 მეტრს მიაღწია, ოთახებში შესულმა წყალმა დიდი ზიანი მოგვაყენა. გაანადგურა ავეჯი, დაიხოცა შინაური ფრთოსანი“. 

დაზარალებული ქალბატონის განცხადებით, დუმბაძის ქუჩაზე მცხოვრებთა ერთ–ერთ უმთავრეს პრობლემას ქუჩის კუთხეში, მდინარე „კუჩხის აბანოზე“ მდებარე ხიდი წარმოადგენს, რომელსაც არა აქვს საკმარისი წყლის გამტარობა და უამინდობის დროს პრობლემებს ქმნის. აღნიშნულ საკითხზე ის პირადად ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც მოსახლეობას სანიაღვრე არხების შეკეთებას დაპირდა.

ურეკის ერთ–ერთ ქუჩაზე ე. წ „ხუტორის დასახლებაში“ ხშირი წყალდიდობის მიზეზი კანალიზაციის პრობლემაა. ადგილობრივი მკვიდრი, ნერონ კილაძე ამბობს, რომ ურეკს ეს პრობლემა 2005 წლიდან აწუხებს: „ბადრი პატარკაციშვილმა აქ გამტარიანობის გასაზრდელად18 გვირაბიანი ხიდი ააგო. თუმცა, ეს ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა დაგროვილი წყლის გასატარებლად, რაც ხშირ შემთხვევაში წყლის გადინებასა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვას იწვევდა. დინებათა სხვაობა ერთი მეტრია და ეს ქმნის წყალდიდობის საშიშროებას. თამამად ვაცხადებ, რომ მეტი მონდომებისა და გამოყოფილი ტექნიკის შემთხვევაში ამ პრობლემის მოგვარება და სანიაღვრე არხების გაწმენდა ორ–სამ დღეშია შესაძლებელი“.  

საკრებულოში ურეკის მაჟორიტარი დეპუტატის,  ჯაბა მიქაბერიძის თქმით, სტიქია დიდად არ შეხებია ურეკის საკურორტო ზონას. ამიტომაც აქედან არ შეიმჩნევა დამსვენებლების საგანგაშო გადინება. მისივე თქმით, სპეციალისტების მუშაობა მალე გამოარკვევს სტიქიის შედეგად მოყენებულ ზარალს და კონკრეტულ ციფრებსაც დადებს, რაც ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას მისცემს.

ერთ–ერთი სასტუმროს მეპატრონემ ლეილა ვოსკანიანმა გვითხრა, რომ შემაშფოთებელი ცნობები, თითქოსდა ურეკი მთლიანად დატბორილია და საკურორტო სეზონი ჩავარდა, გადაჭარბებულია.  

სტატიაზე გამოყენებულია „გურია ნიუსის“ ფოტოები

ახალი ამბები