კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბურჯანაძე ივანიშვილს თხოვს, გადახედოს გადაწყვეტილებას „მეცხრე არხის“ დახურვასთან დაკავშირებით

22 აგვისტო, 2013
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

20 აგვისტოს, თელავში, ერეკლე მეორეს ქუჩა N17–ში პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ საარჩევნო შტაბი გაიხსნა.  გახსნას პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძეც დაესწრო. მან ჟურნალისტებს თელავის შტაბის ხელმძღვანელი ჯემალ ბაღათრიშვილი წარუდგინა და დამსწრე საზოგადოებას საარჩევნო პროგრამა გააცნო. 

ბურჯანაძესთან ერთად თელავში იმყოფებოდნენ პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსი, ირაკლი ბათიაშვილი და გია ბურჯანაძე. პრეზიდენტობის კანიდატი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კახეთის მოსახლეობას, ძირითადად, მოსავლის რეალიზაციასა და სამართლიანობის აღდგენას დაპირდა.

ბურჯანაძის განცხადებით, ქართული პროდუქციის რეალიზიაციისათვის, საჭიროა, რუსეთის ბაზარი გაიხსნას. რუსეთთან ურთუერთობის დარეგულირება კი, მისი თქმით, მხოლოდ მას შეუძლია.

„მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ურთიერთობები დაალაგოს ყველა სახელმწიფოსთან და რუსეთთან, რისი გაკეთებაც სხვებს არ შეუძლიათ და შიშით გული უსკდებათ რუსეთის ხსენებაზე - პრორუსულობა არ დაგვბრალდესო. ჩვენ შევძლებთ, რომ გრძელვადიანი და სასიკეთო ურთიერთობები იყოს დამყარებული მეზობლებთან და არ შეგვეშინდება, რომ ვინმე ამაზე გვისაყვედურებს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ თელავის შტაბი იმუშავებს ინტენსიურად და აქტიურად. დარწმუნებული ვართ, რომ კახეთში ძალიან დიდი მხარდაჭერა გვექნება“.
 
ნინო ბურჯანაძე ასევე გამოეხმაურა „მეცხრე არხის“ დახურვის თემას: „რაც ბიძინა ივანიშვილსგან გახმოვანდა, რომ არ არის სწორი, როცა პოლიტიკურ ფიგურას საკუთარი ტელევიზია აქვს, ვეთანხმები, მაგრამ მეორე მხრივ, სამართლიანები უნდა ვიყოთ და უნდა ვთქვათ, რომ ყველა სხვა პოლიტიკური ძალის მიმართ „მეცხრე არხი“ იყო ძალიან ობიექტური და დაბალანსებული. ამიტომ მე არ ვარ კმაყოფილი ამ გადაწყვეტილებით. მინდა, მივმართო თხოვნით ბატონ ბიძინას, რომ გადახედოს  თავის გადაწყვეტილებას. შეიძლება სხვაგვარად იყოს მოგვარებული ეს საკითხი. ან დროებით მმართველობაში გადაეცეს საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილ საბჭოს, რომელშიც იქნებიან ადამიანები, ვინც საყოველთაო ნდობას დაიმსახურებს, ან რაიმე სხვა ფორმით. „მეცხრე არხი“ არ უნდა დაიხუროს ახლა, საარჩევნოდ! იმ ფონზე, როდესაც ნაციონალურ მოძრაობას აქვს რამდენიმე ტელეარხი, რომლებსაც ის აკონტროლებს და იმ ფონზე, როდესაც „მაესტროც“ პრაქტიკულად იხურება და ეს სივრცე ვიწროვდება, ვფიქრობ, მედიის თავისუფლებას ნამდვილად არ წაადგება „მეცხრე არხის“ დახურვა. ამიტომ არგუმენტაცია გასაგებია, მაგრამ შეიძლება სხვა ფორმების მოფიქრებაც“, – განაცხადა ბურჯანაძემ. 

თელავის შემდეგ „დემოკრატიულ მოძრაობის“ ლიდერი სოფელ წინანდლის და ყარაჯალის მოსახლეობასაც შეხვდა და  საარჩევნო პროგრამა გააცნო.

ახალი ამბები