კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ღია კარის დღე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის

26 აგვისტო, 2013
 
თინათინ ჯაფარიძე

1 ივნისიდან თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში მოქმედებს უფასო იურიდიული დახმარების ცენტრი, სადაც  სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, დევნილებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, პენსიონერებს, მსჯავრდებულებს და სხვა დახურულ ინსტიტუციებში მყოფ ადამიანებს,  სახლის წევრი ორგანიზაციების - „კონსტიტუციის 42-ე მუხლისა“ და ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები უფასო იურიდიულ დამხარებას უწევენ. 

პროექტის ფარგლებში, 23 აგვისტოს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ღია კარის დღე მოეწყო. პროექტის ბენეფიციარებს - სხვადასხვა პრობლემების მქონე მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, თავიანთი საქმეები ადგილზევე განეხილათ იურისტებთან ერთად, დაესვათ კითხვები და მიეღოთ იურიდიული კონსულტაცია. 

პროექტის კოორდინატორის, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, პროექტის ბენეფიციარებთან შეხვედრამ გამოავლინა, რომ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს დღეისათვის, ძირითადად, ორი ყველაზე მტკივნეული პრობლემა აქვთ: „ეს არის თავშესაფრის პრობლემა, როდესაც მათ არა აქვთ საცხოვრებელი და სხვადასხვა შენობა-ნაგებობებს არიან დროებით შეფარებულები და მეორე - სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების პრობლემა, როდესაც მოქალაქეები აცხადებენ, რომ ისინი აკმაყოფილებენ სტატუსის მისანიჭებლად შემუშავებულ კრიტერიუმებს, მაგრამ სტატუსი უსამართლოდ არ ენიჭებათ“. 

მარგარიტა მანუკიანი: „საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვუყურე რეკლამას და იქიდან გავიგე ღია კარის დღის შესახებ. მე ვცხოვრობ ძლაიან გაჭირვებულად, მაგრამ არა მაქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი. მოვედი აქ, რათა დავადგინო, რამდენად შესაძლებელია, რომ  მე მივიღო სოციალური დახმარება“.   

იურისტებთან საუბრისას მოქალაქეები უმეტესწილად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

პროექტის ფარგლებში იგეგმება რამდენიმე მსგავსი ღია კარის დღის ჩატარება. ამასთან მნიშვნელოვან და საჯარო ინტერესის მქონე საკითხებზე სისტემატიურად გაიმართება პრესკონფერენციები. პროექტის ფარგლებში, ასევე, ამოქმედდა იურიდიული განათლების ცენტრი სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რომელთაც დამატებით მასტერკლასებიც ჩაუტარდებათ. 

პროექტი ერთწლიანია და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, ვისაც სურს, მიიღოს უფასო იურიდიული დახმარება, შეუძლია, დარეკოს ცხელ ხაზზე: სისხლის სამართლის საკითხებზე - 2 14 80 94,  ხოლო სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საკითხებზე - 2 18 04 71. 

პროექტთან დაკავშირებული ყველა სიახლე და სამომავლო ღონისძიებები  განთავსდება შემდეგ ვებ გვერდებზე: www.humanrights.ge ;  www.hridc.tv; www.article42.blogspot.com  .

ახალი ამბები