კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება შემოსავლების სამსახურის მიერ მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით

27 აგვისტო, 2013
არასამთავრობო ორგანიზაციები - ადამიანის უფლებათა ცენტრი, „საზოგადოებრივი დამცველი“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და მედიის ინსტიტუტი გმობენ შემოსავლების სამსახურის მიერ 26 აგვისტოს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მეჩეთის მინარეთის დემონტაჟს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია დემონტაჟის დროს გამოყენებული უხეში ფორმები მუსლიმი მოქალაქეების მიმართ, რაც შეიძლება გაიგივდეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან. 

მიგვაჩნია, რომ დაუსაბუთებელია და კრიტიკას ვერ უძლებს დემონტაჟის შემდგომ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განმარტებაში მოყვანილი არგუმენტი, თითქოსდა მინარეთის დემონტაჟი მხოლოდ შემოწმების მიზნით მოხდა და შემოწმების შემდეგ მინარეთს შემოსავლების სამსახური კვლავ დაამონტაჟებს. ლოგიკურად, თუკი შემოსავლების სამსახური მინარეთს კვლავ თავის ადგილას დააბრუნებს, საზოგადოებისთვის ბუნდოვანი და გაურკვეველია, რატომ იყო აუცილებელი მისი დემონტაჟი?! 

ვფიქრობთ, რომ კონსტრუქციის წონის დადგენა და სასაქონლო კოდთან შესაბამისობის საკითხის გარკვევა მინარეთის დემონტაჟის გარეშეც იქნებოდა შესაძლებელი. შემოსავლების სამსახურმა კი ამ საკითხის გასარკვევად მაინცდამაინც ყველაზე უხეში და მიუღებელი ფორმა შეარჩია. 

მოქალაქეთა რელიგიური გრძნობების უხეში ფორმებით შეურაცხყოფას წინა ხელისუფლების დროსაც ჰქონდა ადგილი, რისი მაგალითიც არის 2007 წელს ბათუმში ფერიის მთაზე მშენებარე მართლმადიდებლური ეკლესიის დანგრევა მშენებლობის ნებართვის არქონის მოტივით. მშენებარე ეკლესია სპეცრაზმმა და ადმინისტრაციული ინსპექციის წარმომადგენლებმა მიწასთან გაასწორეს. 

ფერიის მთაზე და ჭელაში მომხდარ ორ შემთხვევას ერთი რამ აერთიანებს - ხელისუფლებამ უხეშ და ძალადობრივ მეთოდებს მიმართა და შებღალა მორწმუნეთა რელიგიური გრძნობები მაშინ, როდესაც ორივე შემთხვევაში, შესაძლებელი იყო პრობლემის მშვიდობიანი გზებით მოგვარება. 

სამწუხაროა, რომ ფერიის მთის მაგალითი ისტორიულ გაკვეთილად ვერ იქცა დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მაშინ ოპოზიციაში იმყოფებოდნენ და ხელისუფლებას ზუსტად იმ ბრალდებებს უყენებდნენ, რასაც ამჟამად ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ უყენებს დღევანდელ ხელისუფლებას. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ დღევანდელი ოპოზიციის წარმომადგენლებიც აგრძელებენ წინამორბედთა „ტრადიციას“ და გამიზნულად თამაშობენ მოქალაქეთა რელიგიურ გრძნობებზე, რათა მიიღონ პოლიტიკური დივიდენდები წინასაარჩევნო კამპანიისას.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიძიოს ჭელაში მომხდარი ინციდენტის რეალური მიზეზები და დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი წინასწარ განზრახულ პროვოკაციას. ასევე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს, არ გამოიყენონ ინციდენტის თანმხლები საზოგადოებრივი მღელვარება პოლიტიკური მიზნებისათვის. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი,
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“,
საზოგადოებრივი დამცველი,
მედიის ინსტიტუტი
 

ახალი ამბები