კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჭელის მინარეთის დემონტაჟი ადიგენის საკრებულომ გადაწყვიტა

29 აგვისტო, 2013
სამხრეთის კარიბჭე

სოფელ ჭელის მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო. მინარეთის უკანონოდ დადგმისთვის კი ადგილობრივ მუსლიმებს 200-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ჭელაში უნებართვოდ დადგმული მინარეთის შესახებ საქმის ადმინისტრაციული წარმოება 1 აგვისტოს დაიწყო. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტის გივი ყულჯანიშვილის განცხადებით, მუსლიმებმა მინარეთთან დაკავშირებით გამგეობას არანაირი დოკუმენტი არ წარუდგინეს. ამიტომ, საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება მინარეთის დემონტაჟის შესახებ.გარდა ამისა, მინარეთის უკანონოდ დადგმისთვის მუსლიმებს 200 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ. 

საკრებულომ ბრძანება (N სს/63) 2013 წლის 20 აგვისტოს გამოსცა. გივი ყულჯანიშვილის განმარტებით, მიწა, რომელზეც მეჩეთი და მინარეთი დგას, დავით ჩოგაძის სახელზეა რეგისტრირებული. ადგილობრივმა მუსლიმებმა კი გამგეობაში შეიტანეს განაცხადი, რომელშიც ნათქვამია რომ ჩოგაძემ მიწა მათ აჩუქათ და გამგეობას სთხოვენ დაურეგისტრიროს.

„ყველა საბუთი დავით ჩოგაძეზეა, გასარკვევი არაფერი იყო, მიღება-ჩაბარების აქტი არსებობდა. ამათ კი დაწერეს რაღაც ქაღალდზე, 10-15 კაცი აწერს ხელს, რომ ვითომ ჩოგაძემ ეს აჩუქა. გვეუბნებიან, ვიყიდეთ და დაგვირეგისტრირეთო, გამგეობა როდის არეგისტრირებს მიწებს?!“ - აცხადებს ყულჯანიშვილი. 

დავით ჩოგაძე ამბობს, რომ ამ მიწასთან შეხება აღარ აქვს და არ აპირებს მასთან დაკავშირებულ რაიმე დოკუმენტს ხელი მოაწეროს. 

„მაგათ უნდათ, რომ ერთ კონკრეტულ პიროვნებაზე გააკეთონ ყველაფერი და დამადანაშაულონ მე. არად, მე არ მიმიძღვის არანაირი დანაშაული, არც ამიშნებია და არც გამიკეთებია. რადგან მიწა არის ჩემ სახელზე, უნდათ პასუხისმგებლობაც მე დამაკისრონ, მაგრამ ხელს არ მოვაწერ არცერთ დოკუმენტზე. ალბათ გავასაჩივრებთ მაგ დოკუმენტს, რომც არ გავასაჩივროთ და სასამართლოს გადაეცეს შემდეგ, ჩვენ ჩვენს უფლებებს დავიცავთ, ადვოკატს ავიყვანთ“, - ამბობს ჩოგაძე. 

მისივე განმარტებით, მიწა ნამდვილად მის სახელზეა რეგისტრირებული, თუმცა,მან ხალხს გადასცა: „არიან მოწმეები, 8 თუ 10 კაცი, რომ მე ეს ჩემი საკთრება გადავეცი ხალხს და 7-8 წლის განმავლობაში მანდ არაფრით მისარგებლია. ამათ უნდათ, რომ მაინცადამაინც მე ავიღო ეს საქმე, თითქოს მე ვაწარმოე მშენებლობა“.

მინარეთის დემონტაჟს ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზიც“. 

„500-მდე ხელმოწერა შეგროვდა, პოლიციაში შევიტანეთ და ველოდებით რა გადაწყვეტილებას გამოიტანენ. დემონტაჟს ვითხოვთ. მოლოდინის რეჟიმში ვართ“, - აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოდერძი კუბლაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთს გვერდით მინარეთი მიადგეს. პარალელურად, სოფელში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მინარეთის დემონტაჟის მოთხოვნით. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ სოფელში სიტუაციას ვიღაც ხელოვნურად ძაბავს, რადგან მუსლიმები და მართლმადიდებლები კეთილმეზობლურად ცხოვრობენ.


ახალი ამბები