კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის უნივერსიტეტში არსებულ ვითარებას პროკურატურა სწავლობს

30 აგვისტო, 2013
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

"ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ ფინანსურ ხარვეზებს შესაძლოა უნივერსიტეტის რექტორი შეეწიროს", - ამ განცხადებას ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები ავრცელებენ.  

დასავლეთ საქართველოს სამხარეო პროკურატურა წერეთლის უნივერსიტეტის ფინანსური მდგომარეობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ლექტორ-მასწავლებლებმა უნივერსიტეტის რექტორის გიორგი ღავთაძის წინააღმდეგ ბრალდებები წამოაყენეს. მათ  თანამშრომელთა ხელშეკრულებების გადახედვა და უნივერსიტეტის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა მოითხოვეს.

ლექტორ-მასწავლებლების დევნა პოლიტიკური ნიშნით, არასერიოზული განწყობა ლექტორების მხრიდან სტუდენტებისა და ლექციების მიმართ, რექტორის გაუთავებელი მივლინებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, არასწორად გახარჯული თანხები უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან  - ეს იმ ბრალდებების ჩამონათვალია, რომელიც ლექტორთა გარკვეულმა ჯგუფმა პირველად გასული წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ  გააჟღერა.
 
მალევე რექტორის გათავისუფლების მოთხოვნით ლექტორ-მასწავლებლებმა  განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს გიორგი მარგველაშვილს მიმართეს. თუმცა, გიორგი ღავთაძე თანამდებობაზე დარჩა, უნივერსიტეტში კი, დასავლეთ საქართველოს სამხარეო პროკურატურა შევიდა, რომელიც იქ არსებულ მდგომარეობას დღემდე იკვლევს.

"შეამოწმეს ყველაფერი, საყოფაცხოვრებო ნივთებიც კი. თუმცა, ხელჩასაჭიდი ამ დრომდე ვერაფერი იპოვეს. ვერც იპოვიან. ქუთაისის წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი არ არის ის ორგანიზაცია, სადაც რაიმე ტიპის, მით უფრო ფინანსური დაღვევები შეიძლება არსებობდეს. გააგრძელონ ძიება. ჩვენ გამოძიების დარულებას და დადებულ ფაქტებს მოთმინებთ დაველოდებით," - აცხადებს უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე.  

ღავთაძე ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტში 2010 წლის სექტემბრიდან რექტორის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო ამავე წლის დეკემბერში ჩატარებულ არჩევნებში უკონკურენტო კანდიდატი იყო. ღავთაძე თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩიეს. ურთიერთობა მასსა და უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებელთა შორის მისი თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე დღეებიდან დაიძაბა. მოგვიანებით კი, 2012 წლის საპარლამენტო  არჩევნების წინა პერიოდში, განსაკუთრებით მწვავე ფაზაში შევიდა.

სწორედ უნივერსიტეტის რექტორ-მასწავლებელთა საჩივარი დაედო საფუძვლად  პროკურატურის დაინტერესებას უნივერსიტეტის ფინანსური მდგომარეობით. 

"ის, რაც ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტში ღავთაძის რექტორობის პირობებში, განსაკუთრებით კი, 2012 წლის საპარლამენტო არჩენების წინა პერიოდში ხდებოდა, იყო ტერორი. ლექტორ-მასწავლებლები იძულებული იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო შეხვედრებზე ევლოთ. მათ არავინ ეკითხებოდათ, ჰქონდათ თუ არა ამის სურვილი. ისინი კი, ვინც ამას არ გააკეთებდა, ავტომატურად ხვდებოდა ე.წ. "შავ სიაში." ვფიქრობთ, უნივერსიტეტი უნდა იყოს  დამოუკიდებელი ორგანიზაცია და იგი დემოკრატიული პრინციპებით იმართებოდეს", - აცხადებენ უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები.

პოლიტიკური ნიშნით ლექტორთა დევნის დაგმობის და ასევე, უნივერსიტეტში სწავლის ხარისხის ამაღლების მოთხოვნით ბოლო პერიოდში არაერთხელ გამოვიდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები. სტუდენტური გაერთიანება "ალტერნატიული თაობის" ინიციატივით ისინი უნივერსიტეტის რექტორს გიორგი ღავთაძესაც არაერთხელ შეხვდნენ. მათ რექტორთან კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრეს და განმარტეს, რომ უნივერსიტეტში სწავლის საფასური სწავლების დონის არაადეკვატურია. 

"ჩვენ მივმართეთ ღავთაძეს და ავუხსენით, რომ  ჩვენი მშობლები საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდიან იმისთვის, რომ ჩვენ ხარისხიანი განათლება მივიღოთ. უნივერსიტეტში კი, ამის შესაძლებლობა, სამწუხაროდ, ნაკლებადაა. საჭიროა, მეტი მუშაობა და გულისხმიერება რექტორატის მხრიდან, რათა არსებული პრობლემები აღმოიფხვრას და ჩვენ, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მივიღოთ სათანადო ცოდნა", - სტუდენტთა მოთხოვნა დღესაც უცვლელია.

უნივერსიტეტის რექტორატში აცხადებენ, რომ პრეტენზიები გადაჭარბებულია და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს ბევრი სიახლით ხვდება. პროკურატურა კი, ამ დრომდე უნივერსიტეტში რჩება.

ახალი ამბები