კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცესკომ სალომე ზურაბიშვილს ორმაგი მოქალაქეობის გამო პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა

4 სექტემბერი, 2013
 
სივილ ჯორჯია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილს ორმაგი მოქალაქეობის გამო უარი უთხრა 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატად რეგისტრაციაზე.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ცესკოს გადაწყვეტილება „სრულიად უსაფუძვლო და უკანონოა“ და მას სასამართლოში გაასაჩივრებს.

„ჩვენ ხვალ დილით შეგვაქვს სარჩელი სასამართლოში და ველოდებით კანონის აღსრულებას სასამართლოს მიერ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა 3 სექტემბერს. 
 
ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეა და ქართული პოლიტიკა სამი წლის წინ დროებით დატოვა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანის საკითხებზე შექმნილი ჯგუფის ხელმძღვანელად დანიშვნის გამო,  რეგისტრაციაზე განაცხადი ცესკოში 2 სექტემბერს შეიტანა.

რეგისტრაციის საკითხს ცესკოს თავმჯდომარე წყვეტს. ზურაბიშვილის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მას შეზღუდული აქვს უფლება კენჭი იყაროს პრეზიდენტად, ვინაიდან კონსტიტუცია უკრძალავს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს ამ უმაღლესი თანამდებობის დაკავებას.

ზურაბიშვილი არ არის პირველი კანდიდატობის მსურველი, რომელსაც ცესკომ ანალოგიური მოტივით უარი უთხრა რეგისტრაციაზე. ორმაგი მოქალაქეობის  გამო ცესკომ აქამდე ორი კანდიდატი არ დაარეგისტრირა, საიდანაც ერთი შემთხვევა გასაჩივრდა სასამართლოში, რომელმაც ძალაში დატოვა ცესკოს გადაწყვეტილება.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას კონსტიტუცია კანდიდატად რეგისტრაციის შესაძლებლობას აძლევს, ვინაიდან ორმაგი მოქალაქეობის ამკრძალავი ნორმა უკვე არჩეულ პრეზიდენტზე ვრცელდება. 

იმავდროულად, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმადაც, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს შეეძლებათ დაიკავონ პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობები. ინიციატივის მიღება პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნებამდე იგეგმება.

"არ გვჭირდება ეს ცვლილებები. მე არსებული კონსტიტუციით მაქვს [კენჭისყრის] უფლება", - განაცხადა ზურაბიშვილმა. 
 
ზურაბიშვილი 48-ე იყო კანდიდატების იმ გრძელ სიაში, რომელთაც პრეზიდენტობა სურთ. ამ ეტაპზე მხოლოდ ორი კანდიდატია ოფიციალურად დარეგისტრირებული.

საპრეზიდენტო განაცხადის შეტანის ვადა კანდიდატებს 7 სექტემბერს ეწურებათ, ხოლო მათი რეგისტრაციის საკითხი 27 სექტემბრამდე უნდა გადაწყდეს. ამასთან, კანონმდებლობა რეგისტრირებულ კანდიდატს უფლებას აძლევს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი 17 ოქტომბრამდე თქვას; თუ კანდიდატი ამ ვადის შემდეგ მოხსნის თავის კანდიდატურას, მისი გვარი მაინც იქნება საარჩევნო ბიულეტენში. 

ახალი ამბები