კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზებსა და ოსებს არ დავუკარგავთ შანსს, იყვნენ ევროპაში ჩვენთან ერთად

9 სექტემბერი, 2013
 
ნანა ხიდეშელი, ინტერპრესნიუსი

რუსეთის მიერ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან 5 წელი გავიდა. რა მოუტანა ამ აღიარებამ აფხაზებს, ოსებს და ქართველებს, რა პერსპექტივებს სთავაზობს მათ საქართველოს ახალი მთავრობა - ამ და სხვა საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, პაატა ზაქარეიშვილსესაუბრა. 

- ბატონო პაატა, 26 აგვისტოს 5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. რა მოუტანა ამ აღიარებამ აფხაზებს, ოსებს და ქართველებს? 

- საქართველოს უფრო მძიმე შედეგი მოუტანა 8 აგვისტომ, ვიდრე ა26 აგვისტომ. 26 აგვისტო უფრო არის რუსეთის უდიდესი შეცდომა თავისი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. აღიარა რა მან ამ დღეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, პრაქტიკულად დაკარგა ყოველგვარი გავლენები კავკასიაზე. რუსეთი არაერთხელ ამტკიცებს, რომ საკმაოდ მცდარ ნაბიჯებს დგამს. მთელი მისი პრობლემა არის ის, რომ ძალაზე დაყრდნობილი ძალაუფლება ჰქონდა ყოველთვის და როგორც კი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდა ძალისგან დამოუკიდებლად, ყოველთვის შეცდომებს უშვებდა. რუსეთმა ძალით გაიმარჯვა 8 აგვისტოს, რადგან მრავალრიცხოვანი ტექნიკა ჰქონდა და მცირერიცხოვანი ქართული ჯარი დაჩაგრა. მაგრამ, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოუწია, საკმაოდ მცდარი გადაწყვეტილება მიიღო, აღიარა რა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ამით მან საქართველო, პრაქტიკულად, გაათავისუფლა შიშებისგან, ვალდებულებებისგან. ამდენ ხანს, როგორც დამოკლეს მახვილი, საქართველოს თავზე ეკიდა, აღიარებდა თუ არა რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ეს იყო წლების განმავლობაში მუდმივად. რუსეთის სათათბირო რაღაცებს მიიღებდა, მერე პრეზიდენტი ვითომ უარყოფდა და მოსკოვს მუდმივად ვყავდით დაძაბულობაში. 2008 წლის მოვლენების ყველაზე მძიმე შედეგი, რა თქმა უნდა, არის ეს აღიარება და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. რუსეთს არ უნდოდა საქართველოს ნატოში გაწევრიანება და აღიარა კიდევაც მედვედევმა, რომ ამით მათ გააჩერეს საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა. რუსეთმა ამას ხელი შეუშალა, მაგრამ საქართველო უფრო მეტად მიხვდა, რომ მისთვის ყოვლად მიუღებელია დარჩეს იმ სივრცეში, სადაც რუსეთი დომინირებს. საქართველო უფრო მკაფიოდ დაადგა დემოკრატიზაციის გზას, ქართველმა ხალხმა უფრო მკაფიოდ მიიღო გადაწყვეტილება 1 ოქტომბერს, შეეცვალა ის ხელისუფლება, რომელიც რუსეთს ეთამაშებოდა.  

რუსეთმა ამ აღიარებით კიდევ უფრო მეტად დაკარგა ის ბერკეტები, რა ბერკეტებითაც სურდა საქართველოს დატოვება თავის არეალში და შერჩა ხელში აფხაზები და ოსები, რომლებიც ასევე ვერ იტანენ რუსებს. უბრალოდ, მაშინ მათ საქართველოსი უფრო მეტად ეშინოდათ. იმ ფონზე, რომ საქართველო შეიცვლება და უფრო მიმზიდველი გახდება აფხაზებისა და ოსებისთვის, რუსეთის საფრთხე კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება მათთვის. ამ ფონზე ჩვენ ყველაფერი დინამიკაში უნდა განვიხილოთ. თუ ჩვენ დემოკრატიისკენ, ნატოსკენ წავალთ, საქართველო შეიცვლება, იქნება უფრო მიმზიდველი და საინტერესო მათთვის. 

ამ აღიარებით აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა მიიღო უფრო მეტი დამოკიდებულება რუსეთზე. საკმაოდ კარგი ურთიერთობები მაქვს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან. ვიდრე მინისტრი გავხდებოდი, მანამდე უფრო მჭიდრო კონტაქტები მქონდა. ერთმა მაღალჩინოსანმა აფხაზმა პირდაპირ მითხრა, ადრე არ გვქონდა აღიარება და გვქნოდა დამოუკიდებლობაო, ახლა გვაქვს აღიარება და აღარ გვაქვს დამოუკიდებლობაო. ძალიან მკაფიო ფორმულაა - რუსული ფული, რუსული სამართალი, რუსული ენა, რუსული კულტურა, ყველაფერი რუსული, არმიაზე და ჯარებზე აღარ ვლაპარაკობ. ეს არის ის ფასი, რაც მათ გადაიხადეს რუსეთის მიერ მათ აღიარებაში. ეს არის კატასტროფული შედეგი მათთვის, რადგან მოხდა მათი რუსეთზე სრულად დამოკიდებულება. საქართველოს განვითარება არის გარანტია იმისა, რომ ეფემერული და უაზრო გახდეს მათი ვითომდა რუსეთის მხრიდან აღიარება. ჩვენ გამოვრიცხავთ ყოველგვარ რისკს, ჰქონდეთ არჩევანი აფხაზებს და ოსებს სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, მაგრამ ჩვენ ყოველთვის დავუტოვებთ მათ შანსს, ჰქონდეთ არჩევანი განვითარებულ საქართველოსა და იმდროინდელ რუსეთს შორის. ამას სჭირდება გარკვეული დრო და ეს გარკვეული დრო არის 7-8 წელიწადი, რომელიც ყველამ უნდა მოვითმინოთ. 

- 7-8 წელი საჭიროა ტერიტორიების დაბრუნებისთვის თუ ურთიერთობების დარეგულირების დაწყებისთვის?

- 7-8 წელი გვჭირდება, რათა არსებითად ყველამ ვნახოთ, რომ პროცესები სწორად მიდის. შეიძლება 4 წელიწადშიც მოხდეს ეს. მთელი ჩვენი ტრაგედია სწორედ ის არის, რომ დროში გვინდა ყველაფერი განვსაზღროთ. მთავარი დრო არ არის. მთავარი არის ნაბიჯების გადადგმა. ყოველი ნაბიჯი მოიტანს რაღაც შედეგს. ერთ-ერთი ჩვენი მთავარი პრობლემა ახლა არის, მოვსპოთ ეს მართლა სამარცხვინო და ამორალური კოჰაბიტაცია, რაც სააკაშვილმა დაგვიდგინა აღართანამშრომლობის ფორმაში, ვეტოების სახით, უამრავი რაღაც-რაღაცის სახით. ეს ერთი. მეორე - ამასობაში მოდის სოჭის ოლიმპიადა, ანუ ეს ორი - სააკაშვილის ფაქტორი და ოლიმპიადის ფაქტორი, რა თქმა უნდა, აჩერებს პროცესებს. როგორც კი ეს ორი ფაქტორი წავა და ეს სულ მალე მოხდება (ოქტომბერში სააკაშვილი წავა და თებერვალში ოლიმპიადა დასრულდება), მერე იხსნება გზა. ამასობაში მთავრობა უკვე საბოლოოდ იქნება ჩამოყალიბებული, იქნება სრული ჰარმონიზაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის. შესაბამისად, ჩვენ არანაირი სხვა რამ წინააღმდეგობა არ გვექნება მარტი-აპრილიდან მოყოლებული. 

- 5 წლის წინ იყო თუ არა შესაძლებელი, ეს პროცესები თავიდან აეცილებინა მაშინდელ მთავრობას?

- ცალსახად იყო. ეს არის მთავარი კითხვა, რაც სააკაშვილს აღელვებს. ამიტომაა, საუბარი ყოველთვის გადაჰყავს იმაზე, ვინ დაიწყო ომი, რაც არავის აინტერესებს. ომის დაწყება ყველაზე ბოლო წერტილია იმ მანკიერი პოლიტიკისა, რასაც ომის დაწყებამდე მივყავართ. ამიტომ, ვინ გაისვრის, უკვე მნიშვნელობა არა აქვს, თუ ორივე მხარე ომს ეძებს. ფაქტია, რომ ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა. როდესაც მანქანა უფსკრულში აღმოჩნდება, გამომძიებელი გამოძიებას იწყებს იქიდან, როგორ გადაუხვია გზიდან მანქანამ. ჩვენ სამშვიდობო პროცესი გვქონდა 2006 წლამდე. 2006 წლის ივლისში სააკაშვილმა ჯარები შეიყვანა კოდორში და ამით გაყინა ქართულ-აფხაზური კონტაქტები. იმავე წლის ნოემბერში სააკაშვილმა შექმნა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია, მიიღო კოკოითის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა. ამით მან გააჩერა ქართულ-ოსური ურთიერთობები. უკვე იქედან უნდა ვკითხოთ სააკაშვილს, რატომ გააკეთა ეს. რა შედეგი მოგვიტანა? შედეგი მოგვიტანა ის, რომ ვაკონტროლებდით კოდორს და დღეს აღარ ვაკონტროლებთ. ვაკონტროლებდით ახალგორს და დღეს აღარ ვაკონტროლებთ. აქედან მოყოლებული, უამრავი კითხვა მოდის. სააკაშვილმა თვითონ აღიარა- რუსეთს წამოსცდაო ჩემთან, რომ მათ ცხინვალი არ აინტერესებთ. ეს მან თქვა 2007 წლის 12 დეკემბერს დევნილებთან შეხვედრაზე, სადაც დაპირდა, რამდენიმე თვეში დაბრუნდებითო აფხაზეთში. 8 თვეში ომი დაიწყო. რუსეთი, როგორც მტვერსასრუტი, ითრევდა და ესენი მიჰყვებოდნენ. არ იყო საჭირო რუსეთის თამაშის წესებით თამაში.  

- როგორ უნდა აეცილებინა თავიდან ეს ყველაფერი, რა უნდა გაეკეთებინა?

- არ უნდა დაეჯერებინა რუსებისთვის, რომ ცხინვალს უთმობდნენ. ფრთხილი უნდა ყოფილიყო, უნდა ყოფილიყო პრაგმატული, როგორც ჩვენ ვართ დღეს და არა ასე ყურებამდე შეყვარებული რუსეთზე. ყველაფერს რომ უთმობდა, ამბობდა - "პუტინი ჩემი მეგობარია", "პუტინს თვალებში ჩავხედე, და იქ დავინახე ნდობა" და რაღაც- რაღაცები. ბუშის სიტყვებს იმეორებდა. გადამეტებული ნდობა ჰქონდა რუსეთის მიმართ და სჯეროდა, რომ რუსეთი მას ცხინვალს უთმობდა. არ უნდა ეთამაშა რუსული სცენარით. რუსეთი ხედავდა, რომ კარგავდა აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, საქართველო წინ მიდიოდა, აშკარად იგრძნობოდა, რომ ნატოს-კენ მიდიოდა. რუსეთს ამისი ეშინოდა, ამიტომ გამოიჭირა სააკაშვილის სისუსტეები. სისუსტე კი ის იყო, რომ მას სწრაფად უნდოდა საქმეების კეთება, რაც შეიძლება სწრაფად. ყველაფრის თავიდან აცილება შეიძლებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვიყავით სულსწრაფები სააკაშვილის მეთაურობით და გვჯეროდა, რომ ასეთი საკითხების მოგვარება ერთ-ორ წელიწადში შეიძლებოდა, რაც გამორიცხულია. 

- მას შემდეგ, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა საქართველოში, თუ არის პოზიტიური ცვლილებები აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობაში?

- ცალსახად არის. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პრაქტიკულად მოისპო აგრესიული რიტორიკა, ჩვენი მხრიდან პირველ რიგში და ისინიც აღარ პასუხობენ. ისინი მოპასუხედ იყვნენ. მაგალითად, სააკაშვილი იტყოდა, რომ ისინი არიან კანიბალები, უთქვამს ეს არაერთხელ, რასისტული განცხადებებიც გაუკეთებია და მონღოლოიდური რასის შთამომავლებიო უთქვია აფხაზებზე. სულ შეურაცხყოფაზე გადადიოდა და რა თქმა უნდა, იქედანაც ვღებულობდით შესაბამის პასუხს. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ოქტომბრიდან მოყოლებული, მე არ მახსოვს ერთი ფრაზაც კი ივანიშვილის წინააღმდეგ აფხაზებისგან ან ოსებისგან. აფხაზები და ოსები მკაფიოდ, ცალსახად ელოდებიან რაღაც დადებითს და თავის თავს არ აძლევენ უფლებას, გაუთანაბრონ ყველა ქართველი ერთმანეთს და თქვან, რომ ესეც სააკაშვილივით არის. მოისპო ყოველგვარი ე.წ ტერორისტული, საეჭვო აქციები გამყოფი ხაზების გასწვრივ. ხდება ახლაც არცთუ ისე სასიამოვნო ფაქტები, ხდება ადამიანების გატაცება, დაპირისპირება, მაგრამ ჩვენ ამას ვაგვარებთ ყოველგვარი პიარის გარეშე. 4-5 სერიოზული ოპერაცია განვახორციელეთ აფხაზებთან და ოსებთან ერთად ისე, რომ ვერავინ ვერ გაიგო. ისინი ამას ხედავენ და აფასებენ. ხედავენ, რომ ჩვენ პრობლემებს, რომელიც არსებობს, მათ წინააღმდეგ არ ვიყენებთ. აშკარად შეიცვალა სიტუაცია და ჩვენ კონფრონტაციიდან წამოვედით და მივდივართ თანამშრომლობისაკენ. 

- რუსეთის ხელისუფლება დღესაც აცხადებს, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლას არ აპირებს. ამ ფონზე, როგორ აპირებს საქართველოს ახალი მთავრობა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას?

- არ უნდა შეგვეშინდეს განცხადებების. განცხადება ჩვენც შეგვიძლია გავაკეთოთ. ჩვენც ვთქვით, რომ არც ჩვენ არ ვაპირებთ პოზიციების შეცვლას. თუ ხარ პოლიტიკოსი და პროფესიონალი, კარგად უნდა დაალაგო ვინ რას კარგავს ამით. იმით, რომ რუსეთი არ აპირებს პოზიციის შეცვლას, ახდენს საქართველოს მეტად დისტანცირებას. ჩვენ ხომ არ ვამბობთ-კარგი, რაკი რუსეთი პოზიციებს არ იცვლის, აბა ჩვენ რა ვქნათ, მოდი ჩვენ ახლა ვითანამშრომლოთ. არა. ჩვენ ვამბობთ, რომ არც ჩვენ არ ვიცვლით პოზიციებს. ჩვენთვის მიუღებელია სოხუმში და ცხინვალში რუსეთის საელჩოები. ვიდრე რუსეთის საელჩოები იქნება ცხინვალში და სოხუმში, გამორიცხულია რუსეთსა და საქართველოს შორის აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთანამშრომლობთ რუსეთთან გარდა ამ საკითხისა. ეს ძალიან სერიოზული საკითხია. როცა ყველაზე რთულ რეგიონთან, კავკასიასთან გყავს ერთადერთი მეზობელი საქართველო და მასთან არ გაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, უნდა დავფიქრდეთ, ვინ უფრო მეტს კარგავს ამ დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობით. მე, როგორც სპეციალისტი, თამამად გეტყვით, რუსეთი უფრო მეტს კარგავს. საქართველო კარგავს იმას, რომ მის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით პრობლემები აქვს რუსეთში გადასაადგილებლად. რუსეთი კი თავის გეოპოლიტიკურ გავლენებს კარგავს. საქართველო არის ჩამკეტი კავკასიის და ეს ჩამკეტი თუ არ არის კეთილმეზობლურ ურთიერთობაში რუსეთთან, ამით რუსეთი ზარალდება. ჩვენთან არის პორტები, ყველა გზა ჩვენზე გადის, ნავთობსადენი ჩვენზე გადის, გაზსადენიც, ყველა კომუნიკაცია, ყველა სტრაგეგიული მნიშვნელობის ობიექტი არის საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, რუსეთს არჩევანი აქვს. ჩვენ არ უნდა გავაღიაზიანოთ რუსეთის ჭრილობები, მარილს არ უნდა ვაყრიდეთ რუსულ ჭრილობებს, უნდა ვიყოთ თანამშრომლობის პოზიციაში. ჩვენ უნდა ვუთხრათ-მზად ვართ შენთან ვიყოთ თანამშრომლობის პოზიციაში, მაინტერესებს შენი ნაბიჯები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, დამანახე ეს დინამიკა, ეს პოზიტივი. 

- ის ამბობს, რომ აპირებს თანასწორუფლებიანი ურთიერთობები გააგრძელოს აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან.

- ის ამბობს, მაგრამ ჩვენ საქმეზე ვლაპარაკობთ. ერთი არის თქმა და მეორე არის საქმე. პოლიტიკის ნაწილი არის ლაპარაკი, მაგრამ ლაპარაკი არ არის მხოლოდ პოლიტიკა. საქმეებია პოლიტიკა. ამიტომ, ნუ გვეშინია ლაპარაკის. პირი და ენა ჩვენც გვაქვს, უკაცრავად. ნუ გვეშინია, რომ პუტინი და მედვედევი რაღაცას იტყვიან. მთავარია, რას გააკეთებენ. უკვე დაიწყო დინამიკა, უკევ დაიწყო ქართულმა პროდუქციამ რუსეთის ბაზრის დაბრუნება, ბევრი დადებითი ნაბიჯი იდგმება, სტაგნაციის ნიშნები ნამდვილად არ არის. მოდი, დაველდოდოთ. მოდი, რაკი პროცესი მიდის, ნუ ვნერვიულობთ. დღეს იგრძნობა, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები სიჩქარეს კრეფს და არა აგდებს. ამიტომ, როცა კრეფს სიჩქარეს, ნუ გვეშინია განცხადებების. ჩვენც გვაქვს ჩვენი განცხადებები, ასე რომ, განცხადებების დონეზე დაცულები ვართ. იტყვის პუტინი ერთ განცხადებას, ჩვენ შეგვიძლია ათიც ვთქვათ და ასიც ვთქვათ. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რათა ვნახოთ განსხვავება განცხადებასა და საქმეს შორის.

- ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით სანაკოევმა განაცხადა, რომ აღიარების თაობაზე რამდენიმე სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ისიც აღნიშნა, რომ ამაში ხელს ქართველი დიპლომატები უშლიან. თუ გაქვთ ინფორმაცია, რომელ სახელმწიფოსთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს და რა შანსი აქვთ ამ კუთხით?

- ინფორმაციები არსებობს. მე არ დავასახელებ სახელმწიფოს, ეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა და მით უმეტეს, რომ ჩვენ იმ სახელმწიფოებთან ვმუშაობთ. ერთი რამ ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ექვსმა სახელმწიფომ აღიარა. ჩვენ დროს კი ერთმა სახელმწიფომ უკან წაიღო ეს აღიარება. დინამიკა ჩვენს სასარგებლოდაა და ახალი ხელისუფლება უფრო გონივრულად მუშაობს. თამამად შემიძლია ვუთხრა ოსებს და აფხაზებს, ჩვენ გამოვრიცხავთ ყოველგვარ პირობას, რომ შეიძლება ომი დაიწყოს, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ დიპლომატიურად ბოლომდე. ეს მათ კარგად იციან. ეს არ არის სიკვდილ-სიცოცხლეს შორის არჩევანი, ეს არის ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანი და ჩვენ მათ არ დავუკარგავთ შანსს, იყვნენ ევროპაში ჩვენთან ერთად. ჩვენი დიპლომატიური ომი გაგრძელდება გამარჯვებამდე. ჩვენ გვაქვს მკაფიო მხარდაჭერა დემოკრატიული სამყაროს მხრიდან. მათ აქვთ მხარდაჭერა რუსეთისგან, ვენესუელისგან, ნიკარაგუასგან... თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება, სად ურჩევნიათ, დემოკრატიულ სამყაროში თუ აი ამ კლუბში, რომლის წევრებიც ახლა ჩამოვთვალე. ჩვენ ამას გავაგრძელებთ და ეს იქნება წარმატებით დასრულებული დიპლომატიური თუ შეიძლება ასე ითქვას, ბრძოლა.  

- ჟენევის მოლაპარაკებებზეც მინდა გკითხოთ. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს ფორმატი შედეგის მომტანი გახდეს? 

- ეს ფორმატი შეიქმნა სააკაშვილის დროს. შეიძლება იდეალური არაა, მაგრამ, ერთადერთი ფორმატია, რომელიც მეტ-ნაკლებად ვალდებულია, მოაგვაროს საქართველო-რუსეთის კონფლიქტი. ამიტომ, ჩვენ ამ მოლაპარაკებებს უნდა მისვდიოთ იმ ფორმატში, რა ფორმატშიც შეიქმნა. ჩვენ ამ ფორმატის შეცვლას არ ვაპირებთ და მიგვაჩნია, რომ თუ რამის გაკეთება შეიძლება, უნდა მოხდეს ამ ფორმატში. ეს ფორმატი ჰგავს სარკეს. როდესაც სარკეში იყურება ადამიანი, თავის თავს ხედავს. ეს ფორმატი სახე არის იმისა, თუ რა ხდება სინამდვილეში ქართულ-რუსულ ურთიერთობებში. ამიტომ, მე მგონი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ამ ფორმატის საშუალებით კრიზისიდან გამოვიყვანოთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, ანდა ვნახოთ, რომ კრიზისიდან არ გამოდის. მიმაჩნია, რომ ჯერ არ ამოგვიწურია ყველა რესურსი ამ ფორმატის. უნდა გავითვალისწინოთ ისევ და ისევ სააკაშვილის ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნა და სოჭის ოლიმპიადა. ბევრი საგარეო, ხელოვნური ფაქტორი უნდა მოვაცილოთ, რათა ვნახოთ სუფთა ურთიერთობები. რომ მივიღოთ სუფთა სურათი, უნდა მოვაცილოთ ყოველგვარი ხელოვნული და დროებითი გარემოებები. დროებითი და ხელოვნური არის სააკაშვილი, ასევე სოჭის ოლიმპიადა. ორივე მალე წავა. ის ახალი რეალობა, შეიძლება სულაც არ იყოს საუკეთესო ვარიანტი, მაგრამ რეალობა იქნება ნამდვილი და ახალი რეალობა მოგვცემს საშუალებას, უფრო მშვიდად, წყნარად, არაემოციურად დავგეგმოთ ახალი სტრატეგია და შემდეგ მის განხორციელებას შევუდგეთ. 

ახალი ამბები