კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურიაში სტიქიის შედეგებს ითვლიან

9 სექტემბერი, 2013
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

პირველ სექტემბერს გამძვინვარებულმა სტიქიამ გურიის რეგიონი მნიშვნელოვნად დააზარალა.როგორც Humanrights.ge–ს გურიის სამივე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებიდან აცნობეს, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა ამ წუთებშიც დგინდება. 

ძლიერმა ქარმა და წვიმამ გურიას ისევ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. გურიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, შალვა ბოლქვაძის თქმით, ქარმა სოფელ შეკვეთილში ხეები მოგლიჯა, ათეულობით ავტომობილი დააზიანა, ჩაიკეტა ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი.

“ ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. რაც შეეხება ზიანს, იგი, ძირითადად, ზღვისპირეთს მიადგა,” _ გვითხრა ბოლქვაძემ.

შალვა ბოლქვაძის ინფორმაციით, სამაშველო სამსახურში ოზურგეთიდან 20 გამოძახება დაფიქსირდა, ლანჩხუთიდან კი _ 14. ოზურგეთში ქარიშხლის გამო, ათობით სახლს სახურავი აქვს გადახდილი. დაზიანებულია ელექტრო გადამცები ბოძები, გზები.

სტიქიამ განსაკუთრებით შრომის, ნატანების, სილაურის და გურიანთის მოსახლეობა დააზიანა.

ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის კოტე შარაშენიძის ინფორმაციით, სტიქიამ სერიოზული ზიანი სოფელ ნატანებს მიაყენა - ერთ-ერთ სახლს საძირკველი მთლიანად გამოაცალა.

სოფელ შრომაში ქარიშხალმა სახლებს სახურავი ახადა. ელექტროენერგიის გათიშვის გამო სოფელ ნიგოეთში თბილისი-ოზურგეთის მატარებელი ხუთი საათის განმავლობაში იყო გაჩერებული. 

სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთს. ღამით ამოვარდნილმა ქარიშხალმა გაზსადენის ცენტრალური მილი დააზიანა– მას ქარისგან მოგლეჯილი ხეები დაეცა.

სოფელ ოზურგეთის რწმუნებულის ვალერიან ჯინჭარაძის თქმით, სტიქიამ სოფლი სერიოზულად დააზარალა.

“ერთ-ერთ ოჯახში კი მცირეწლოვანი ბავშვები მთელი ღამე გადამძვრალი სახურავის გამო სულ წვიმაში ყოფილან. ძალიან მეცოდებიან, მაგრამ ჯერჯერობით მე არანაირი სახსრები მათ დასახმარებლად არ გამაჩნია. როგორც ხედავთ, დაზიანდა გაზსადენის ცენტრალური მილიც,” - გვითხრა ჯინჭარაძემ.

ქარისგან მოგლეჯილი ხეები გზაზე ყრია, სოფელს რამდენიმე საათით შუქიც არ მიეწოდებოდა.

1 სექტემბერს ლანჩხუთში სტიქიის შედეგად თითქმის ყველა სოფელი დაზიანდა.

ძლიერმა წვიმამ სასმელი წყლის სათავე–ნაგებობა მთლიანად გამოიყვანა მწყობრიდან. რის გამოც სასმელი წყალი არ მიეწოდება ქალაქს და მის მიმდებარე სოფლებს. 

16-ივე ტერიტორიულ ერთეულში სტიქიის შედეგად დაზარალებულია მოსახლეობა, დახოცილია შინაური პირუტყვი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. სოფლებში მძიმე მდგომარეობაშია ხიდები და მდინარის დამცავი ჯებირები. 

დაზარალებულ მოსახლეობასთან იმყოფებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ურუშაძე. 

ადიდებულმა მდინარეებმა, მაჯახურამ და ლაშისღელემ მამათსა და ქვემო მამათის მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

ჩაიკეტა ერთმანეთთან დამაკავშირებელი და ასევე სოფლის სასაფლაოსაკენ მიმავალი გზები.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ნიგვზიანში, სოფელ ხაჯალიაში. წყალი  სახლებში შევარდა, სადაც წყლის დონემ ერთ მეტრს მიაღწია. ნიგვზიანში 20-მდე ოჯახს სერიოზული ზიანი მიადგა. 

ქალაქ ლანჩხუთში მდინარე ორაგვისღელემ ჩამოშალა მიწის კერძო ნაკვეთი, რაც საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლს; ადიდებულმა მდინარემ მოარღვია კალაპოტი და საფრთხე შეექმნა საავტომობილო გზას; სოფელ აკეთში ადიდებულმა მდინარემ წაიღო სოფლის პროგრამით შესრულებული მილხიდი; გვიმბალაურში ცენტრალურ ავტომაგისტრალზე არსებული ხიდი საჭიროებს გამტარუნარიანობის გაზრდას , რადგან ვერ ახერხებს ჭარბი ნალექის გატარებას და იტბორება ტერიტორია; ჩიბათში ადიდებულმა მდინარეებმა მოანგრია 15 სამანქანო და 2 საცალფეხო ხიდი; სოფელ ჭინათში მდინარე ლესისწყალმა დააზიანა სოფელთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა; სოფელ ლესაში დატბორილია ეზოები; აცანაში ძლიერმა ნიაღვარმა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ჩამოიტანა ქვა-ღორღი; ამავე სოფელში სტიქიამ დააზიანა ხიდი თედორაძეების უბანში; სოფელ ჯურუყვეთში მდინარე ღვეისწყალმა წაიღო 2 ცალი საცალფეხო და 1 სამანქანო ხიდი; ძლიერმა ნიაღვარმა ნინოშვილსა და შუხუთში ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანა გზები და ხიდები; ახალსოფელში დაზიანდა 5 ხიდი, სუფსაში _ 1 ხიდი და გზები; ადიდებული მდინარე სუფსა აზიანებს მიწის კერძო ნაკვეთებს და საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლებს.

ეს ის მონაცემებია, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურმა აღწერა . სამსახურის სპეციალისტის, მიხეილ ორაგველიძის თქმით, ზარალის აღწერა მიმდინარეობს. ლანჩხუთში ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია იმყოფებოდა. მურღულიამ ადგილზე დაათვალიერა სტქიის შედეგად დაზარალებული სოფლები. მინისტრის მოადგილე დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა.

ახალი ამბები