კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"კანონი უნდა გახდეს ჰუმანური" - საპროტესტო აქცია პარლამენტთან

10 სექტემბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

გასულ კვირას, საქართველოს პარლამენტის წინ საპროტსტო აქცია გაიმართა. მონაწილეები ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მუხლების გადახედვას მოითხოვდნენ. 

"საპარლამენტო არჩევნების დროს, ეს თემა აქტუალური იყო. გვახსოვს, ასევე, დაპირებები, რომ ნარკოპოლიტიკა გადაიხედებოდა და ის მკაცრი ზომები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითაა გათვალისწინებული, ცოტათი მაინც შემსუბუქდებოდა. დაიწყო კიდეც ამ მიმართულებით მუშაობა, თუმცა, როგორც ირკვევა, პარლამენტს ჯერ ამ საქმისთვის არ ცალია", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ მედიკოსთა საზოგადოებაც შეიკრიბა და პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც აღნიშნული პროფილით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გარდა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებიც გაერთიანდნენ.

"პრობლემის აქტუალურობიდან, ასევე, საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე, ეს შეხვედრა შედგა. სხვათა შორის, საკმაოდ ნაყოფიერი მუშაობა გავწიეთ, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ რამდენიმე საკითხზე შევჯერდით კიდეც. საუბარია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებულ მუხლებზე, რომლებიც ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლებს პირდაპირ კრიმინალად აღიარებს. ასევე, საუბარია, ადმინისტრაციულ კოდექსში არსებულ მუხლებზე. მაგალითად, 45-ე მუხლზე, რომელიც ეხება ჯარიმებს. ვფიქრობთ, რომ არაადეკვატურად მაღალი ჯარიმებია დაწესებული, რაც ამ ადამიანთა სოციალურ-მატერიალური მდგომარეობისთვის შეუსაბამოა", - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "რუბიკონის" გამგეობის წევრი ზაზა ქარჩხაძე.

მედიკოსთა მიერ ინიცირებულ საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა ცოტა ხნის წინ კანონპროექტის სახე მისცა. არსებობს საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება, ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, რომელიც 2013 წლის 18 ივლისით თარიღდება და მას ხელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აწერს.

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებში უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს. 

საუბარია კანონპროექტზე, რომელიც "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე.
 
კანონპროექტი საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსიდან 273-ე მუხლის ამოღებას ითვალისწინებს. მუხლი ეხება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადებას, შეძენა-შენახვას, ან ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებას. რაც შეეხება ადმინისტრაციულ სახდელს, კანონპროექტის მიხედვით, იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფარგლებშია შენარჩუნებული. 

"აუცილებლად უნდა მოხდეს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის გაუქმება, რასაც დავითაშვილის კანონპროექტი პრინციპში, ითვალისწინებს. აღნიშნული მუხლი სწორედ რომ აღიარებს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებას კრიმინალურ ქცევად. მინდა აღვნიშნო, რომ ამ მუხლის გაუქმება, ანუ დეკრიმინალიზაცია არ ნიშნავს ლეგალიზებას. ეს აუცილებელია, რათა ადამიანებს საშუალება მიეცეთ თავისუფლად მიმართონ ექიმს. ანუ, კანონი ხდება ჰუმანური, ადამიანის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობის უფლებაზე ორიენტირებული და არა რეპრესიული, როგორც ის დღეს არის", - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი გზის" ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი, დალი უშარიძე humanrights.ge-სთან საუბარში.  

საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. ძალოვანი უწყების წარმომადგენლები თვლიან, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის გაუქმება, ასევე, სხვა საკანონმდებლო აქტებში აღნიშნულთან დაკავშირებით ცლილებების შეტანა ვითარებას უმართავს გახდის, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის კრიმინოგენურ მდგომარეობაზე.

დავითაშვილის კანონპროექტის მიხედვით იმიჯნება ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო ფლობასთან დაკავშირებული პასუხსმგებლობა იგივე ქმედებისგან, როდესაც დადასტურებულია მისი გასაღების ფაქტი. ასევე, მაქსიმალური უმაღესი სასჯელი - უვადო პატიმრობა შენარჩუნებულია მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების დამზადება, შენახვა, გადაზიდავა, საქართველოში შემოტანა, გატანის შემთხვევაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებები დროული და აუცილებელია. 

ახალი ამბები