კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტობის კანდიდატების შეხვედრა ლანჩხუთში

10 სექტემბერი, 2013
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთს ქვეყნის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სტუმრობდა. 

დაახლოებით ნახევარსაათიანი გამოსვლის შემდეგ, რომელსაც იქვე მყოფების გარდა, მიმდებარე მაღაზიებიდანაც გულდასმით უსმენდნენ, ნათელაშვილი ადგილობრივებს პირადად გაესაუბრა. ნათელაშვილმა ქალაქის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა:

„დარჩენილიყო ეს ივანიშვილი თავის ჭორვილაში. ახლა ამ კოჰაბიტაცია-ჩახუტებას ჩაამთავრებს და გაიქცევა საფრანგეთში. მე კი ვრჩები აქ! ჩემ გარდა ყველას თავის მიზანი აქვს, საქართველო არავის აინტერესებს” - თქვა ნათელაშვილმა. 
 
ლანჩხუთში ასევე სტუმრად იმყოფებოდა „ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი ნინო ბურჯანაძეც.

თავდაპირველად შეხვედრა სოფელ აცანაში შედგა, სადაც წვიმის მიუხედავად, 150-მდე ადამიანი მოვიდა. როგორც ისინი ჩვენთან საუბარში ამბობენ, ისინი ნინო ბურჯანაძის კანდიდატურას მხარს უჭერენ იმის გამო, რომ ის გამოცდილი პოლიტიკოსია და ქვეყნის საქმეს კარგად წაუძღვება.

“ არ არის მარგველაშვილი ცუდი, მაგრამ ნინო უკეთესია. უაღრესად ჭკვიანი ქალბატონია. ამ სოფელში თითქმის ყველა მას ვუჭერთ მხარს. დარწმუნებული ვართ, აცანაში ბურჯანაძე გაიმარჯვებს”, _ გვითხრეს ადგილობრივებმა.

ნინო ბურჯანაძემ ლანჩხუთელებს მადლობა გადაუხადა, რომ მიუხედავად უამინდობისა, ისინი მასთან შესახვედრად გამოვიდნენ.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა ბურჯანაძეს კითხვით მიმართა, იმის შესახებ, თუ რომელ ქვეყანაში განახორციელებდა ის პირველ ვიზიტს გაპრეზიდენტების შემთხვევაში, რაზეც პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯერ ხუმრობით უპასუხა, რომ ჩასაფრებული ჟურნალისტივით დასვით კითხვაო, შემდეგ კი სერიოზულად უპასუხა, რომ, სავარაუდოდ, ეს რუსეთი იქნება. ამ პასუხს ხალხის დიდი კმაყოფილება მოჰყვა.

„ როგორც ჩანს, ეს მართლაც უნდა გავაკეთო, რადგან ასე გაგიხარდათ, მე არ შემეშინდება იმის, რომ დამიძახებენ პრორუსულ კანდიდატს. ვხედავ, რომ ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისთვის რუსეთთან ყოფნა აუცილებელია“ - აღნიშნა ბურჯანაძემ. 

აცანის შემდეგ შეხვედრა ლანჩხუთის კულტურის ცენტრში შედგა, სადაც ბურჯანაძემ შეკრებილ საზოგადოებას მიმართა:

„ხელისუფლების კანდიდატი რომ ამბობს, 27 ოქტომბერს დასრულდება კოჰაბიტაციაო, რატომ დაიწყეს საერთოდ? მე ვიფქრობ, რომ საუკეთესო ვარიანტი იქნება ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტი, ბიძინა ივანიშვილი - პრემიერ-მინისტრი“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

შეხვედრის დასასრულს ბურჯანაძემ ჟურნალისტებთანაც  გააკეთა კომენტარი:

„გურიაში რომ ასე განსაკუთრებულად დამხვდებოდნენ, ველოდი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენს გვერდითაა.
 
ჩვენს შეკითხვაზე, რა კომენტარს გააკეთებდა „ქართული ოცნებიდან“ მის პარტიაში გადასულ ადამიანებზე, კანდიდატმა განაცხადა:

„აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია და მიკვირს, „ქართულ ოცნებაში“ რატომ უნდათ შავი პიარის აგორება ამ თემით? როცა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკაში, ჩემი პარტიის წევრები გავუშვი კიდეც მასთან და ას დღიანი მემორანდუმიც გამოვაცხადე. ახლა რატომ უკვირთ, რომ ჩვენკენ გადმოდიან? ორი კაცი გადავიდა მხოლოდო, ტყუილია, ძალიან ბევრი გადმოდის და თანაც ყოველდღიურად“, - განცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის გურიაში სტუმრობა სოფელ სუფსაში დასრულდა, სადაც შეხვედრას სუფსის ყოფილი გამგებელი, დოდო ესართია ესწრებოდა. ესართიამ Humanrights.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ მხარს ბურჯანაძეს სწორედ იმიტომ უჭერს, რომ მისი აზრით, ნაციონალებთან კოჰაბიტაცია უნდა დასრულდეს:

„ხალხმა მხარი ივანიშვილის იმიტომ დაუჭირა, რომ ნაციონალები არ სურდა და არავის აინტერესებს და უხარია ეს კოჰაბიტაცია, რომელიც უნდა დასრულდეს. ამიტომ ვდგავარ მე ბურჯანაძის გვერდით“ , - გვითხრა ესართიამ.

ახალი ამბები