კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მდგომარეობა საქართველოში

11 სექტემბერი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტებისა და ომების შედეგად ამ დროისათვის 2 000-მდე ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. დაკარგულ პირთა ოჯახის წევრთა უმრავლესობას მიყენებული ტრავმის გამო მძიმე სოციალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკურ პროლემები აწუხებთ. სახელმწიფოში მათდასახმარებლად შექმნილი ოფიციალური მექანიზმი არ არსებობს, თუმცა ისინი ოჯახის წევრებს დღემდე ეძებენ.

ლევან მემანიშვილი 20 წლის იყო, როცა აფხაზეთის ომი დაიწყო.  იმ წელს ჩააბარა უნივერსიტეტის გამოცდები და მალე სწავლა უნდა დაეწყო, თუმცა „სწავლის გადადება შეიძლება, ომის კი არაო“, თქვა და საბრძოლველად წავიდა.

„ჩვეულებრივად სამხედრო ვალდებულებას იხდიდა,  და სამწუხაროდ სამხედრო ვალდებულების შესრულება ომში მოუწია. სხვანაირად მას არ შეეძლო.  ვეუბნებოდით, რომ თავს გაფრთხილებოდა, რაზეც გვპასუხობდა, იქ ისეთი ბიჭები დაიღუპნენ და იღუპებიან, რომ არ შემიძლია სახლში დავრჩეო.  ისე წავიდა, რომ დაოჯახებული არ ყოფილა. ამაზე მწყდება გული, რომ შთამომავლობა არ დარჩენია.“ - იხსენებს ლევანის და, ნონა მემანიშვილი.

 27 სექტემბერს, მაჭარკიდან გამოსვლის ბოლო დღეს, ლევანმა მანქანაში თავისი ადგილი ერთ-ერთ დაჭრილს დაუთმო, რადგან თვითონ არავითარი დაზიანება არ ჰქონდა და შეეძლო ფეხითაც გამოსულიყო. იმ დღის მერე ლევანის ოჯახს  მის შესახებ აღარაფერი გაუგია. ლევან მემანიშვილი დღემდე აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად  უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

„ტკივილი და ჭრილობა რაც ჩემი ძმის დაკარგვით მოგვადგა, მოუშუშებელია. წლები გავიდა მაგრამ დარდი და ტკივილი არ შემსუბუქებულა. ლევანი შეიძლება რიგითი მებრძოლი იყო, არც ჩინი ჰქონდა და არც წოდება, მაგრამ გათავისებული ჰქონდა, რომ იბრძოდა სამშობლოსთვის.  შეეძლო ესწავლა, მაგრამ ფიქრობდა, რომ სწავლის გადადება შეიძლებოდა და სამშობლო რომ განსაცდელში იყო, ის იქ უნდა ყოფილიყო.  წლების მანძილზე გვეუბნებოდნენ, რომ არიან სადღაც ჩარჩენილები, ტყვედ არიან. დღესაც მაქვს იმედი, რომ შეიძლება კიდევ ვნახო. იყო ბევრი მცდელობა რომ მოგვეძებნა, მაგრამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღარ შეგვიძლია გადასვლა“ - ამბობს ნონა მემანიშვილი, ლევან მამინეიშვილის და.

ლევანის მსგავსად, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად დღესდღეისობით 1800 ქართველი და 135 აფხაზი ითვლება დაკარგულად, მათგან ნაწილი სამხედრო, ნაწილი კი სამოქალაქო პირია. ამ რიცხვს ემატება ქართულ-ოსური კონფლიქტების შედეგად  1989-1992 წლებში დაახლოებით 140 და 2008 წელს  - 50-მდე უგზო-უკვლოდ დაკარგული პიროვნება.  

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განსაზღვრების თანახმად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება კონფლიქტისა და საომარი მოქმედებების დროს გაუჩინარებული პირი, რომლის ოჯახსაც არ აქვს სანდრო წყაროს მიერ მოწოდებული არავითარი ინფორმაცია პირის ადგილსამყოფელის შესახებ.
 
30 აგვისტოს მთელს მსოფლიოში კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოში ამ დღეს 3 წელია აღნიშნავენ. წელს ღონისძიების ორგანიზება წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა, ფონდმა „მოლოდინმა“ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ითავა. 

„ჩემთვის ეს დღე ძალიან მძიმეა და ალბათ ყველა შავოსანი დედისთვისაც. მე ვარ უგზო-უკვლოდ დაკარგული ერთადერთი შვილის, გია მარტიაშვილის დედა.  რომელიც 31 წლის კომისარიატში თვითონ გამოცხადდა მოხალისედ. იბრძოდა გაგრაში,  ოჩამჩირეში,  მოგვიანებით, სოხუმის აეროპორტში დაჭრილი ნახეს და მას შემდეგ აღარაფერი გაგვიგია. ის უგზო უკვლოდ დაკარგულად ითვლება და გმირად არის აღიარებული.  მეორედ რომ დააჯილდოვეს მადლობა გადაუხდია და უთქვამს, არ მინდა ჯილდო, ოღონდ ქართული სამხედრო მანდატი მომეცითო. ქართული სამხედრო წიგნაკი აიღო და 22 ოქტომბერს დაიკარგა. მას მერე არაფერი გამიგია. ტვინი იძახის, რომ თუ ცოცხალია, სახლში გეყოლებოდაო, მაგრამ მიცვალებული რომ არ მინახავს, ამიტომაც ველოდები. მტკივნეულია, მაგრამ ეს მოლოდინი მაძლიერებს.“ - აღნიშნავს ნაზი მარტიაშვილი.

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) ახორციელებს პროექტს „უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების თანადგომა“, რომლის ფარგლებშიც დაკარგულ პირთა ოჯახის წევრებს ფსიქოლოგიურ, სამედიცინო და ფიზიკურ დახმარებას უწევენ. ცენტრის წარმომადგენლის, სოფო ტაბაღუას თქმით, დაკარგულ პირთა ოჯახები მძიმე მდგომარეობაში არიან, რის გამოც ისინი განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებენ.

„მათი  არ იციან თავიანთი ოჯახის წევრის ბედი, ცოცხალია თუ გარდაცვლილი, რაც იწვევს ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და სოციალურ პრობლემებს. არიან მუდმივ გაურკვევლობაში, ტანჯვასა და მოლოდინში. სჭირდებათ დაფასება და აღიარება, თუმცა, რეალურად, მუდმივად აქვთ განცდა, რომ მათი არავის ესმის და არავის ახსოვს. როგორც წესი, ასეთი ოჯახები ცხოვრობენ სიდუხჭირეში და სახელმწიფოს მხრიდან არ აქვთ არავითარი დახმარება, რადგან არ არსებობს უზგო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების დახმარება. იმისთვის რომ მიიღონ მარჩენალდაკარგულის პენსია, ოჯახები იძულებულნი არიან, პირი დაღუპულად აღიარონ, რაც კიდევ მეტ ფსიქოლოგიურ ტრამვას აყენებთ მათ.“ -  აღნიშნავს სოფო ტაბაღუა.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად, კონფლიქტში მონაწილე მხარეებმა უნდა მოიძიონ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირები და ხელი შეუწყონ ოჯახების ძალისხმევას მათ მოძიებაში. ასევე, კონფლიქტში მონაწილე მხარეებს აქვთ ვალდებულება, რომ გადაცვალონ სამარხების შესახებ სიები და მიაწოდონ ინფორმაცია დაჭრილების, გარდაცვლილებისა და თავისუფლებააღკვეთილი პირების შესახებ.  მიუხედავად იმისა, რომ როგორც საქართველში, ისე აფხაზეთში,  ამ დროისათვის შექმნილია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა კომისიები, ისინი ანგარიშვალდებულები მხოლოდ თავიანთი მთავრობების წინაშე არიან და ერთმანეთთან თითქმის არ ურთიერთობენ, რაც ართულებს მოძიების პროცესს. 
 
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესში ერთ-ერთი მთავარი მონაწილე წითელი ჯვრის საეთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში 1992 წლიდან მოქმედებს.  კომიტეტს შემუშავებული აქვს დაკარგულ პირთა მოძიების ორმხრივი და სამმხრივი კომისიები, რომლებიც წელიწადში ორჯერ იკრიბებიან და კონფლიქტის მონაწილე მხარეები ერთმანეთში ინფორმაციას  ცვლიან. კომისიების  წევრების ვინაობა, მათი მუშაობა და შედეგად  მოპოვებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მას  მხოლოდ ოჯახის თანხმობის შემთხვევაში ავრცელებს.

ამ დროისათვის, ჯერ კიდევ დარჩენილია სამარხები, რომლებშიც შეიძლება დაკარგულებიც აღმოჩნდნენ და საერთაშორისო ექპერტები აფხაზეთში ექსჰუმაციის შედეგად ამოღებულ ნეშტებზე მუშაობენ. პირველი შედეგები დაახლოებით, წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

2006 წლის 20 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო საერთაშორისო ხელშეკრულება „იძულებითი გაუჩინარებისგან ყველა პირთა დაცვის შესახებ“ , რომელიც ძალაში შევიდა 2010 წლის 23 დეკემბერს. აღნიშნული საერთაშორისო შეთანხმება 2013 წლის 30 აგვისტოს მდგომარეობით ხელმოწერილია 93 სახელმწიფოს მიერ, რომელთაგან 40-მა უკვე  განახორციელა მისი რატიფიცირება. მათ შორის არ არის საქართველო. 

უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს. 
უჩა ნანუაშვილის  განცხადებით, აუცილებელია,  დაიწყოს შესაბამისი პროცედურების განხორციელება, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე მოახდინოს  „იძულებითი გაუჩინარებისგან ყველა პირთა დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირება. 

„საქართველოს სახელმწიფოსთვის მეტად მნიშვნელოვანია „იძულებითი გაუჩინარებისგან ყველა პირთა დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირება. ერთი მხრივ, აღნიშნული უზრუნველყოფს საქართველოს იურისდიქციაში მსგავს ქმედებათა პრევენციას, ხოლო, მეორე მხრივ, იგი იქნება ნათელი დასტური იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო ეფექტურად ებრძვის ამ საერთაშორისო დანაშაულს.“ - აღნიშნულია სახალხო დამცველის რეკომენდაციაში.  

ახალი ამბები