კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა პროკურატურას ვიდეოჩანაწერების მიწოდებაზე უარი უთხრა

7 ოქტომბერი, 2013
 

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა უარი უთხრა საქართველოს მთავარ პროკურატურას ვიდეოჩანაწერის სრული ვერსიის მიწოდებაზე, რომელიც N7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საკანშია გადაღებული.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს: ჟურნალისტის უფლებას, დაიცვას ინფორმაციის წყაროს საიდუმლოება და საკუთარი სინდისის შესაბამისად მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილებები.
ჟურნალისტთა ქცევის პრინციპების საერთაშორისო დეკლარაციის მე–6 მუხლის თანახმად, ჟურნალისტი მოვალეა პროფესიულ საიდუმლოდ შეინახოს კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის წყარო.

მიმაჩნია, რომ თქვენს მიერ მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერის (სრული ვერსია) მოწოდების შემთხვევაში, შესაძლოა, დავარღვიო ზემოაღნიშნული პრინციპი და ხელი შევუწყო კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის წყაროს გამჟღავნებას. აქედან გამომდინარე, ვერ გადმოგცემთ „ვიდეოჩანაწერის სრულ ვერსიას“, – ნათქვამია კახეთის საინფორმაციო ცენტრის წერილში.

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა მალხაზ კაპანაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს 5 ოქტომბერს წერილობით მიმართა: „2013 წლის 04 ოქტომბერს, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეული თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებული სტატია, რასაც თან ერთვის ვიდეომასალა. საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ორგანიზების მიზნით, გთხოვთ, მოგვაწოდოთ სტატიაში გამოყენებული მასალის (ვიდეოჩანაწერის) სრული ვერსია“, – აღნიშნულია პროკურატურის წერილში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ექსკლუზიურად მოიპოვა ვიდეომასალა, რომელიც გადაღებულია N7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საკანში. ვიდეომასალა შეიცავს ბრალდებულის ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ კადრებს, ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრ ჟურნალისტებთან, დეპუტატ აკაკი მინაშვილთან შეხვედრებს და მათთან გასაუბრებას. მონიტორინგის ჯგუფის წევრებისთვის უცნობი იყო, რომ საკანში აუდიოჩაწერა ხორციელდებოდა. ვიდეომასალა რამდენიმესაათიანია და 2012 წლის ნოემბერშია ჩაწერილი. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ვიდეომასალიდან მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი გამოაქვეყნა. ვიდეომასალაში სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ ფიგურირებენ, თუმცა წყარო ამტკიცებს, რომ სხვა დღეებში, ბაჩო ახალაიასთან, სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეხვედრაც ჩაწერილია, რაც კანონით აკრძალულია. სახალხო დამცველს ამ საკითხზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას საკანში, ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა ახალაიას თანხმობით ხორციელდებოდა. ბრალდებულის ადვოკატების თქმით, აუდიოჩაწერაზე ახალაის თანხმობა არ არსებობს.

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის, სასჯელაღსრულების მინისტრის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის გიორგი ტუღუშის განცხადებით, მონიტორიგნის ჯგუფის წევრი შედის საკანში იმისათვის, რომ დარღვევები და პრობლემები აღმოაჩინოს. როცა ადმინისტრაცია იწერს მის საუბარს პატიმართან, ნორმებთან და სტანდარტებთან შეუსაბამოა.

კომენტარი გააკეთა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ფოფხაძემაც. მისი თქმით, დაუშვებელია მონიტორინგზე შესულ პირებსა და ახალაიას შორის საუბრის ჩაწერა.

ახალი ამბები