კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალაია პროკურატურას პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს

9 ოქტომბერი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

ბაჩო ახალაიას წინააღმდე ციხის ბუნტის საქმეზე გამართულ სასამართლო ხდომაზე პროკურორმა ია დარჯანიამ თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა, რადგან მისი თქმით, იგი ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის და ობიექტურობის შენარჩუნებას ვერ ახერხებს. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა, თუმცა განაცხადა, რომ  ეს ყოველივე პროცესის გაჭიანურებისკენ არის მიმართული.  

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ციხის ბუნტის საქმეზე პროკურორი უკვე მესამედ შეიცვალა. პროკურორ  რევაზ ნადოის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო  პროკურორმა დარჯანიამ აღნიშნული საქმე 8 სექტემბერს გადაიბარა, 7 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე კი დარჯანიამ  თვითაცილება მოითხოვა და საქმე პროკურორ ადეიშვილს გადაეცა.

„მოგეხსენებათ, მეც და ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილიც, აფხაზეთიდან ვართ. ამდენად, გვყავს საერთო სანაცნობო და სამეგობრო, რომელთა მხრიდან, ამ დროის მანძილზე, ფსიქოლოგიურ ზეწოლას განვიცდი. ზოგი მლანძღავს, ზოგი მაქებს, ზოგიერთი მეუბნება, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღო.  ეს ყოველივე ჩემზე ფსიქოლოგიურად  ძალიან მოქმედებს და მიჭირს ობიექტურობის შენარჩუნება. ამასთანავე, სოციალურ ქსელში მიდევს ახალაიას ადვოკატ რომეო საჯაიასთან ერთად გადაღებული ფოტო, რაც თავის მხრივ, ეჭვის საფუძველი გახდა ჩემს მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოებას არ ჰქონდეს ეჭვები, ვაყენებ თვითაცილების შუამდგომლობას. ჩემს მაგივრად კი პროკურორი ლევან ადეიშვილი ჩაერთვება საქმეში“, - განაცხადა პროკურორმა ია დარჯანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბაჩო ახალაია. მისი განცხადებით, საქმეზე უკვე 3 პროკურორი გამოიცვალა, რაც მხოლოდ პროცესის გაჭიანურებისკენ არის მიმართული, რათა არჩევნებამდე ვერ დამთავრდეს.
 
„დარჯანიას, როცა რევაზ ნადოის ჩაენაცვლა, საქმის შესასწავლად 20-დღიანი ვადა მიეცა, თუმცა შემდეგ სხდომაზე გამოცხადდა და ვადის დამატება ითხოვა. დღევანდელ პროცესზე კი საერთოდ თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა. ახლაც,  ახალი პროკურორიც ისევ მოითხოვს ვადას საქმის გასაცნობად, მიიღებს და ნახეთ, შემდეგ პროცესზე ისევ მოვლენ და ახალ რამეს მოიმიზეზებენ რომ სხდომა კვლავ გადაიდოს“, - აღნიშნა ახალაიამ.

ადვოკატ გოგა ონიანის განცხადებით კი, ახალაიას მეუღლის წარმომავლობის შესახებ პროკურორისთვის პროცესის დაწყებამდეც ცნობილი იყო და მას შეეძლო თავიდანვე უარი ეთქვა საქმეში ჩართვაზე, პროკურორმა კი ვერავითარი ახალი გარემოება ვერ დაასახელა, რის გამოც შეიძლება მისი თვითაცილების შუამდგომლობა დააკმაყოფილონ.

„აღნიშნული შუამდგომლობა დასაბუთებული არ არის. იმ ფოტოზე, რომელზეც საუბრობს ქალბატონი დარჯანია, მარტო ჩვენ არ ვართ, კიდევ დიდი ბევრი ხალხია და ამდენად ჩვენ მეგობრები ნამდვილად არ ვართ. ნაცნობობის დონეზე მთელ პროკურატურას ვიცნობ და გამოდის, ვერცერთი პროკურორი ვერ შეძლებს პროცესის წარმართვას“, - აღნიშნა რომეო საჯაიამ.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ თვითაცილების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მისი განმარტებით, როცა პროკურორი აცხადებს, რომ არ არის ობიექტური და მიუკერძოებელი, მას არ შეუძლია არ დააკმაყოფილოს შუამდგომლობა, თუმცა, მისივე განცხადებით, ბრალდების მხარის უპასუხისმგებლო ქცევა პირდაპირ  პროცესის გაჭიანურებისკენ არის მიმართული. 

ახალმა პროკურორმა, ლევან ადეიშვილმა საქმის გასაცნობად 15 დღე მოითხოვა, რამაც დაცვის მხარის პროტესტი გამოიწვია. 

„მე მესმის, რომ დღეს ჩაერთეთ საქმეში და ამასთან, ვრცელი საქმეა, მაგრამ იმედი მაქვს, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ინტელექტი მოგცემთ  საშუალებას, რომ პროცესი აღარ გადაიდოს.  თუკი შემდეგ პროცესზე არ წარმოადგენთ  დასკვნითი სიტყვას  და კიდევ რაიმე მიზეზს დაასახელებთ სხდომის გადასადებად, გაფრთხილებთ, მოგცემთ მხოლოდ 1 საათს, რომლის შემდეგაც აუცილებლად წარმოთქვამთ სიტყვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ უარს იტყვით ბრალდებაზე“, - მიმართა მოსამართლემ პროკურორ ადეიშვილს.  

საქმის გასაცნობად და დასკვნით სიტყვის მოსამზადებლად პროკურორს მოსამართლემ ათდღიანი ვადა მისცა. ციხის ბუნტის საქმეზე შემდეგი სასამართლო სხომა 17 ოქტომბერს, 12 საათზე გაიმართება.

ახალი ამბები