კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპასპორტო ციებცხელება ახალგორში

11 ოქტომბერი, 2013
 
მარი ოთარაშვილი, ახალგორიდან

ახალგორის დე ფაქტო ოსური მილიციის საპასპორტო განყოფილების წარმომადგენლები ოსური პასპორტის მსურველებისგან საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან იმ საბუთს ითხოვენ, რომელიც დასტური იქნება იმისა, რომ ესა თუ ის პირი მართლაც უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე. სწორედ ამ მოთხოვნამ შეაჩერა ოსური პასპორტების გაცემის პროცესი ახალგორში, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში საკმაოდ მასობრივი ხასიათი ჰქონდა.

ოსური პასპორტის აღების მსურველებს ვიდრე ამ მოთხოვნას წაუყენებდნენ, სანაცვლოდ მთავარი მოთხოვნა ქართული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩაბარება იყო. პირადობის მოწმობას კი უნდა დართვოდა განცხადება, რომ პირი უარს ამბობდა საქართველოს მოქალაქეობაზე.   

ახლგორელების უმეტესობამ, ვინც ოსური პასპორტი აიღო, განცხადება და საქართველოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ჩააბარა, რაზეც, ცხადია, ხმამაღლა ვერ საუბრობენ. ასეთებმა პირადობის მოწმობის ახლებური ვარიანტი აი-დი ბარათი პირადობის ჩაბარებამდე აიღეს და, შესაბამისად, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აღარც სჭირდებათ.

თუკი ადრე ყველა შიშით საუბრობდა, რომ ახალგორში ოსური პასპორტიზაცია ძალდატანებით მოხდებოდა, ეს საერთოდ არ გამართლდა. არათუ ძალდატანებით, ახალგორში ოსური პასპორტის აღების სურვილი ფაქტობრივად ყველას აქვს, მაგრამ ხელი ყველას ვერ მიუწვდება. 
 
„ბოლო დროს ძალიან ბევრს ჰქონდა ამ საბუთის აღების სურვილი და ბევრმაც აიღო. მთავარი მოთხოვნა იყო ქართული პირადობის მოწმობის ჩაბარება. ახლა კი მარტო პირადობა აღარ უნდათ. გვეუბნებიან, საბუთი მოიტანე საქართველოს ისუტიციის სამინისტროდან, რომ უარს ამბობ საქართველოს მოქალაქეობაზეო. აბა, ასეთ საბუთს როგორ მოიტან?!“ – შეწუხებული ამბობს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი ქალბატონი.

ცნობისათვის, ე.წ. ოსური პასპორტი თითქმის ყველა ახალგორელ პენსიონერს აქვს, ასევე – ცხინვალის ბიუჯეტზე არსებული ორგანიზაცია-დაწესებულების თანამშრომლებსაც. თავიდან, პასპორტების გაცემის საწყის ეტაპზე, არანაირი პირობა-მოთხოვნა არ არსებობდა. მას შემდეგ კი, რაც ოსური პასპორტი ბევრისთვის სასურველი და მიმზიდველი გახდა (პენსია თუ ხელფასის გამო, ასევე გადაადგილებისთვის), სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები სანაცვლოდ მოითხოვდნენ განცხადებას საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის ტექსტით და ქართული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩაბარებას.

ამ დროისათვის ოსური პასპორტი ახალგორელების დაახლოებით 30-40% აქვს აღებული. მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც ახალგორში თუნდაც საჭირო პროცედურებისთვის საერთოდ არ ჩასულან და პასპორტი პირდაპირ წეროვანის დევნილთა ჩასახლებაში „მიურთმევიათ“ (როგორც ადგილობრივები ამბობენ). ასეთებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ახალგორის ოსურ მილიციაში ჩაბარებული არა აქვთ. მათ, თავად ახალგორელების ცნობით, ოსური პასპორტის აღებისთვის გარკვეული თანხაც (დაახლოებით 300 დოლარი) აქვთ გადახდილი. 

სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით დაინტერესებული არიან ცხინვალის ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც ცდილობენ გაარკვიონ თუ რა გზით შეძლო პირმა პასპორტის აღება ახალგორში ჩაუსვლელად და ვინ იღებს ამაში ფულს.    

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში ადგილობრივი პენსიონერებიდან სწორედ ოსურ-რუსული პენსიისთვის ოსური პასპორტის აღება ზოგს გაუძნელდა, ზოგმა საერთოდ ვერ აიღო. 

„მართლა ასეა, დამეფიცება! ახლა უნდა მივიდე და ვკითხო: რამდენი წელი უნდა ვიდგე რიგში, რომ მეც მომიწიოს აღება. მორთმევა არ მინდა. ოღონდ მომცენ და მე თვითონ მივალ ასაღებად“, – ამბობდა ახალგორელი პენსიონერი ქალბატონი, რომელსაც ოსური პასპორტი სწორედაც ოსურ-რუსული პენსიის ასაღებად უნდა.

ახალგორში ყველაზე მინიმალური საპენსიო თანხაა 300 ლარის ეკვივალენტი რუბლებში. ადგილობრივ დე ფაქტო საბჭოში აცხადებენ, რომ იანვრიდან საპენსიო თანხა უფრო მეტად გაიზრდება. სწორედ ამიტომაც გახდა ახალგორელებისთვის ოსური პასპორტი ერთობ სასურველი.    

ცხინვალი აპირებს, გადახედოს იმ სიას, თუ ვის აქვს აღებული ოსური პასპორტი. რა ნიშნით მოხდება იმ ადამიანების დახარისხება, რომელთაც ოსურ პასპორტს ჩამოართმევენ, უცნობია. ადგილობრივების ვარაუდით, ვინც მუდმივად ცხოვრობს ახალგორში და რეგულარურად მუშაობს რომელიმე დაწესებულებაში, არ ჩამოართმევენ. 

დე ფაქტო ხელისუფლების გეგმით, მომავალი წლის მარტისთვის, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარამენტის არჩევნებამდე ყველა ახალგორელს, ვინც მუდმივად ცხოვრობს რაიონში, ოსური პასპორტი უნდა ჰქონდეს. ანუ გაზაფხულისთის პასპორტიზაციის პროცესი უნდა დასრულდეს. თუმცა ყოველივე ჯერჯერობით გეგმაშია და დაზუსტებული არ არის. მით უმეტეს, რომ პასპორტიზაციის პროცესი დაახლოებით მესამე თვეა, შეჩერებულია.  

ახალი ამბები