კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასრულწლოვანის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს

15 ოქტომბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, იმერეთი

ქუთაისის #2 საპყრობილეში არასრულწლოვანი პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული. წინასწარი ინფორმაციით, ეს არის სუიციდის შემთხვევა - 16 წლის გიორგი ძველაიამ თავი მოიკლა. ამის შესახებ, მომხდარიდან რამდენიმე საათში, #2 საპყრობილეში ვიზიტისას, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
 
"წინასწარი ინფორმაციით, ეს არის სუიციდის შემთხვევა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად მოხდა არასრლწლოვანი პატიმრის გარდაცვალება, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია", -  აღნიშნა სუბარმა.
 
გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ არასრულწლოვანს თვითმკვლელობის არანაირი საბაბი არ ჰქონდა, მითუფრო, რომ მას საპატიმრო რამდენიმე დღეში, გირაოს გადახდის სანაცვლოდ უნდა დაეტოვებინა.

"ბავშვი ციხეზე 24 საათის გადაყვანილი იყო. მალე იქედან უნდა გამოგვეყვანა და მან, ამის შესახებ, რა თქმა უნდა, იცოდა. ისმის კითხვა - რატომ მოიკლავდა თავს? არც მოუკლავს. იგი მოკლეს და ამის მიზეზი ისაა, რომ უთანხმოება ჰქონდა სხვა პატიმრებთან, კერძოდ, ე.წ. ციხის მაყურებელთან", - აცხადებს გარდაცვლილი პატიმრის მამა თენგიზ ძველაია.

ქუთაისის მე-2 საპყრობილეში ე.წ. ციხის მაყურებლის არსებობის შესახებ ინფორმაცია ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჟღერდა. ამის შესახებ მიმდინარე წლის 24 მაისს გეგუთის მე-14 დაწესებულებაში 24 წლის პატიმრის ლევან კორტავას მკვლელობის შემდეგაც ითქვა. საპროტესტო აქციაზე, რომელიც მაშინ, მომხდარიდან რამდენიმე დღეში სასჯელაღსრულების მე-14 და მე-2 დაწესებულებებთან ერთობლივად გაიმართა, ლევან კორტავას და სხვა პატიმრების ახლობლები აცხადებდნენ, რომ საქართველოს ციხეებში, კერძოდ კი, გეგუთის მე-14 და ქუთაისის მე-2 დაწესებულებებში კვლავ ძველი რეჟიმია და ციხეს ე.წ. მაყურებელი აკონტროლებს.

"სწორედ ეს მიზეზი და უთანხმოება გახდა 16 წლის ბავშვის სიკვდილის მიზეზი. ჩვენ სხვა ვერსია არ გვაქვს. სხვა ვერსია უბრალოდ, გამორიცხულია", - აცხადებენ გარდაცვლილი არასრულწლოვანის ახლობლები.

უთანხმოების მომენტს არ გამორიცხავს სასჯელაღსრულების მინისტრიც. მისი განხადებით, არასრულწლოვანმა ცალკე საკანში გადაყვანა და მარტო ყოფნა ითხოვა. მან ამის შესახებ განცხადებით ციხის ადმინისტრაციას მიმართა. შემთხვევამდე რამენიმე საათის წინ კი, პატიმართან სოციალური მუშაკები იმყოფებოდნენ.

"შემთხვევა არასრულწლოვანის საკნიდან სოციალური სამსახურის წარმომადგენლის გასვლიდან ნახევარ საათში მოხდა. პატიმარი დღის მანძილზე მათ რამდენჯერმე მოინახულეს. იგი საკანში მარტო იმყოფებოდა", - აცხადებს სასჯელაღსრულების მინისტრი.

humanrights.ge სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისის წარმომადგენლობას დაუკავშირდა.
 
"ნებისმიერი მსგავსი შემთხვევა ჩვენთვის, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია. მითუფრო, რომ საქმე ეხება არასრულწლოვანს. ჩვენ 8 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში ვიმყოფებოდით ქუთაისის მე-2 დაწესებულებაში. დავათვალიერეთ შემთხვევის ადგილი. გავესაუბრეთ პატიმრებს. ბუნებრივია, ვრცელდება სხვადასხვა ვერსია. თუმცა, უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. ყველა კითხვას სწორედ ის გასცემს პასუხს", - აცხადებს ომბუდსმენის რწმუნებული იმერეთში მადონა ბასილაძე humanrights.ge-სთან საუბარში.

სახალხო დამცველის პრესცენტრში აცხადებენ, რომ მათი მხრიდან გამოთხოვილია ინფორმაცია, მიმდინარეობს გამოძიება, ტარდება ექსპერტიზა, რის შემდეგაც გაკეთდება ოფიციალური განცხადებები.

16 წლის გიორგი ძველაია სენაკელია. იგი მიმდინარე წლის აგვისტოში პრეზიდენტის მიერ იქნა შეწყალებული. ამჯერად კი, ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ქურდობის ბრალდებით, 24 საათის გადაყვანილი იყო. მას  პატიმრობაც არ ჰქონდა მისჯილი. გირაოს გადახდის შემდეგ არასრულწლოვანს საპყრობილე უნდა დაეტოვებინა.   

ახალი ამბები