კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მარგველაშვილის წინასაარჩევნო ტურნე აჭარაში

16 ოქტომბერი, 2013
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

აჭარაში წინსაარჩვენო შეხვედრები მარგველაშვილმა ქობულეთიდან დაიწყო. უამინდობის გამო, შეხვედრა სასტუმრო „ინტურისტის“ დარბაზში შედგა. პრეზიდენტობის კანდიდატს პარტიის მაისურებში გამოწყობილი ბავშვები ცეკვით შეხვდნენ და ტკბილეულისა და ხილის კალათა მიართვეს. პრეზიდენტობის კანდიდატი ქობულეთელ საზოგადოებას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ წარუდგინა. 

საპრეზიდენტო კანდიდატმა ამომრჩევლებს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები გააცნო და მათ დაპირდა, რომ მისი გამარჯვების შემდეგ მთავრობა, პარლამენტი, პრეზიდენტი და ხალხი ერთად იმიშავებს უკეთესი საქართველოს მომავლისთვის.

„ეს იქნება სრულიად სხვა ქვეყანა ვიდრე ჩვენ გვინახავს. ეს არ იქნება რომელიმე პარტიის, რომელიმე ლიდერის ქვეყანა, ეს იქნება საქართველოს მოქალაქეების ქვეყანა. ეს იმას ნიშნავს რომ 27-ში ჩემი არჩევით ძალაუფლება მე კი არ გადმომეცემა, არამედ უბრუნდება ხალხს, მათ ვისაც ეს ძალაუფლება რეალურად ეკუთვნის“ -განაცხადა მარგველაშვილმა. 
 
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი კოალიციის ღირსეული და უალტერნატივო კანდიდატია: „გიორგი მარგველაშვილი იქნება ყველას პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ 27 ოქტომბერს ქართველი ხალხი გააკეთებს ღირსეულ არჩევანს თავმდაბალი, ერთგული და სამოქალაქო კულტურის მქონე კანდიდატის სასარგებლოდ“.

მოგვიანებით, ქართული ოცნების დროშებით პარტიის ლოგოს მაისურებიანი ახალგაზრდები მარგველაშვილს ბათუმში, სპორტსკოლის დარბაზში შეხვდდნენ. დარბაზში ხელვაჩაურის ამომრჩველებმა წვიმის გამო გადმოინაცვლეს. 

ბათუმის სპორტსკოლის წინ განლაგებული ათობით სამარშუტო ტაქსით მობილიზებული მოსახლეობა პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრას რამდენიმე წუთს ელოდა. გიორგი მარგველაშვილმა ხელვაჩაურის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათ პრობლემების მოსაგვარებლად აქტიურ მუშაობას დაჰპირდა. მოსახლეობა პრეზიდენტობის კანდიდატისგან გზების, ციტრუსისა და სოფლის მეურნეობის საკითხების მოწესრიგებას ელოდება.

„ციტრუსი წლებია გვიფუჭდება. არადა, ხელვაჩაურის სოფლებში ჩვენი წლიური შემოსავალი ეგ იყო. არც გაზია ჩვენთან შემოსული. პრობლემები მოსაგვარებელი გაქვს“, განაცხადა ხელვაჩაურის მკვიდრმა მერაბ ბერიძემ.

ქედის მოსახლეობასთან შეხვედრაც სპორტსკოლაში გაიმართა. ადგილობრივი ამომრჩეველი სოფლებიდან სამარშრუტო ტაქსებით უფასოდ ჩამოიყვანეს. კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრას სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.
 
„აქ არის ერთდროულად სერიოზული პრობლემები ეკომიგრანტების, მცირემიწიანობის, განსახლების კუთხით. მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ საკითხებზე, მაგრამ  ამ საკითხების დარეგულირების რესურსი ჯერ არ ჩანს“, აღნიშნა მარგველაშვილმა ქედის ამომრჩეველთან შეხვედრისას. 
 
ქედის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, გიორიგი მარგველაშვილი შუახევისა და ხულოს მოსახლეობას შეხვდა. ხულოში მას უხუცესთა ანსამბლი „ბერმუხა“ ცეკვით დახვდა. 

ხულოში მოსახლეობასთან შეხვედრისას, მარგველაშვილმა რელიგიური უმცირესობის საკითხზეც ისაუბრა: „სრულიად ახალი ქვეყანა იქნება, აფხაზიც დაინახავს და ოსიც, რომ მომავალი ჩვენს ერთად დგომასა და ქვეყნის მშენებლობაშია. გპირდებით, ვიქნები გარანტი, რომ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს რელიგიურ უმცირესობას პრობლემები აღარ შეექმნათ“.

6 ოქტომბერს კი, პრეზიდენტობის კანდიდატი პრემიერ მინისტრთან ერთად ბათუმის მოსახლეობასაც შეხვდა. 

ბიძინა ივანიშვილმა ბათუმის მოსახლეობას მიმართა და გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა: „ჩვენ, დღეს გვყავს ჭეშმარიტად ევროპული მთავრობა, სულ რამდენიმე დღეში კი გვეყოლება პრეზიდენტი, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი და არა რომელიმე პარტიის ლიდერი. გიორგი მარგველაშვილი დაიცავს თქვენს უფლებებს და იქნება თქვენს სამსახურში“. 
 
„მიუხედავად მრავალი პროვოკაციისა, ჩვენ კონსტიტუციური კურსიდან ერთხელაც არ გადაგვიხვევია. ჩვენ მშვიდობის გზით ჩამოვიშორებთ კოჰაბიტაციის ნარჩენებს“ -ამ განცხადებით მიმართა კოალიცია ,,ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმელ ამომრჩეველს. შეხვედრა ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართა. ერთსაათიანი გამოსვლის შემდგომ, არც ბიძინა ივანიშვილსა და არც გიორგი მარგველაშვილს მედიასთან კომენტარი აღარ გაუკეთებიათ.

ახალი ამბები