კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდს გორის მოსახლეობა აფასებს

18 ოქტომბერი, 2013
 
კატო ქოთოლაშვილი, შიდა ქართლი

საქართველოს მოქალაქეები ახალი არჩევნების მოლოდინში არიან. საპარეზიდენტო არჩევნებამდე კი, გასულ ერთ წელს  აფასებენ. სახელისუფლებო გუნდი განვლილ წელს წარმატებულს უწოდებს, რაშიც ბუნებრივია არ ეთანხმება ოპოზიცია და აცხადებს, რომ ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებები არ მომხდარა, არ შესრულებულა წინასაარჩევნო დაპირებები. ჩვენ გორის მოსახლეობის ნაწილს გავესაუბრეთ  და განვლილი ერთი წლის შეფასება ვთხოვეთ, გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

ნიკო სომხიშვილი, 26 წლის, პროფესიით ჟურნალისტი, უმუშევარი: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს დადებითად ვაფასებ, არის წარუმატებლობები, მაგრამ პოზიტიური ცვლილებებიც აღსანიშნავია, შეიცვალა ის, რომ ჩემს მეგობარს, რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობს,  თამამად შეუძლია გააკრიტიკოს მთავრობა, საწინააღმდეგო აქციაზეც გამოვიდეს და არ ექნება იმის შიში, რომ ამის გამო სამსახურიდან გაუშვებენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ოთარ ხუციშვილი, იურისტი, 23 წლის: ზოგადად ადამიანის უფლებების კუთხით სიტუაცია გაუმჯობესდა, თუმცა ახლაც სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ირღვევა ადამიანის უფლებები, ხდება პატიმრების ცემა და სხვაგვარი შეურაცხყოფა, დაუცველია მომხმარებელთ უფლებები, ხშირია როდესაც მაღაზიებში და ბაზრებში იყიდება ვადაგასული და საჭმელად უვარგისი პროდუქტები, ხელისუფლებას კი ამაზე რეაქცია არ აქვს.

ჟუჟუნა მარიამიძე, 69 წლის, პედაგოგი, პენსიონერი: პრობლემები რა თქმა უნდა ბევრია, მაგრამ გასული ერთი წლის მანძილზე მთავარი რამ შეიცვალა, ქვეყანამ ამოისუნთქა, ადრე ყველას ყველაფრის ეშინოდა, არ გახსოვთ ეგ დრო? მართალია ისევ ისე გაჭირვებაში ვცხოვრობ, მაგრამ როგორმე თავს გავიტანთ. ჩემთვის მთავარი იყო ახალგაზრდებს - ჩემს შვილებს, შვილიშვილებს, მათ მეგობრებს - თავისუფლად შეძლებოდათ აზრის გამოთქმა. მე არ ვამბობ რომ ეს ხელისუფლების მიღწევაა, არა, ეს თქვენი - ჟურნალისტების, სამოქალაქო სექტორის, აქტიური ადამიანების მონაპოვარია.  მთავრი თავისუფლების შეგრძნებაა შვილო, დანარჩენი კი მე, შენ, მან და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ, არც ერთი ხელისუფალი არ გაგიწყობს მაგიდას და არ გეტყვის, მოდი და მიირთვიო. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ სხვის კმაყოფაზე ვიცხოვროთ.

გიორგი ტიელიძე, 26 წლის, ეკონომისტი: პირველ რიგში არ არის შიშის ატმოსფერო, სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის ნაკლებად გეშნია ადამიანს, უფრო თავისუფლად ვსუნთქავთ. კონკრეტიკას რაც შეეხება ეკონომიურად ჩემი მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა, თითქმის იგივე, რაღაც-რაღაცები ცოტა გაიაფდა, ასევე, ჯანდაცვის მხრეს მინდა შევეხო, საყოველთაო ჯანდაცვა არის ძალიან მაგარი რაღაც, საკუთარ ოჯახზე გამოვცადე, ანუ მამაჩემი რომ ცუდად იყო, სხვა შემთხვევაში მაგის სამკურნალოდ ალბათ ბინის გაყიდვა მოგვიწევდა, ახლა კი, სხელმწიფომ აანაზღაურა ძირითადი ხარჯები და გადავრჩით. სხვა ისეთი განსაკუთრებული არაფერი მახსენდება, მაგრამ ესენი რაც ჩამოვთვალე 1 წლისთვის კარგი შედეგია. იმის მოლოდინი ნამდვილად არ მქონია, რომ ბიძინა გამოვიდოდა და ყველას ფულს ჩაგვიკუჭავდა ჯიბეში.

ალექსანდრე გოგაძე, 49 წლის, პროფესიით ეკონომისტი, უმუშევარი: „გასულ ერთ წელიწადში მომხდარ ამბებს რომ ვიხსენებ, ვასკვნი, რომ მხოლოდ სახელისუფლებო სახელები და სახეები შეიცვალნენ - ისევ ვიგებ რომ ციხეებში ძალადობის ფაქტები ხდება, ისევ გრძელდება ახლობლობით თუ პარტიული ნიშნით სამსახურში დანიშვნები და გათავისუფლებებიც, არ ვიცი რა გითხრათ, მე ცოტა სხვა მოლოდინი მქონდა. 

თამარ წიქარიშვილი, პროფესიით ფილოლოგი, 52 წლის: შარშან არჩევნების შედეგები რომ გამოცხადდა, ისეთი ბედნიერი ვიყავი, ენით ვერ აღვწერ. წარმოიდგინეთ, მქონდა შეგრძნება, თითქოს ავტოკრატიულ ქვეყანაში დავიძინე და 2 ოქტომბერს დემოკრატიულ სახელმწიფოში გავიღვიძე, სკოლებში ბევრი რამ შეიცვალა, თქვენ არ იცით რა დამოკიდებულებები იყო, როგორი ზეწოლა ხდებოდა მასწავლებლებზე, მშობლებზეც და ყველაზე ვიზეც ხელი მიუწვდებოდათ, ახლა ხომ ასე აღარ არის? ამიტომ ჩემი აზრით მთავარი შედეგი არის დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება. მოუთმენლად ველოდები საპრეზიდენტო არჩევნებს, ძალიან მინდა რომ ყველაფერი წესების დაცვით და კანონიერად განხორციელდეს.

მარიამ მანჯავიძე, 50 წლის, პროფესიით ინჟინერი: „მკვეთრი ცვლილებები არ ყოფილა, ჩემს ოჯახს და ჩემ გარშემო მცხოვრებ ადამიანებს მდგომარეობა არ გაუუმჯობესდათ, ისევ არის დასაქმების პრობლემა, სოციალური ფონი ისევ დაბალია. სიმართლე გითხრათ უფრო მეტის მოლოდინი მქონდა, თუმცა ალბათ ერთი წელი საკმარისი არაა დიდი ცვლილებებისთვის. იმედი მაქვს უბრალო ადამიანებსაც გვეშველება ოდისმე. 

ახალი ამბები