კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უსტატუსო ახალგორელები

21 ოქტომბერი, 2013
 
მარი ოთარაშვილი ახალგორიდან 

ახალგორელების დაახლოებით 20% დევნილის სტატუსის გარეშე რჩება. მათგან ზოგიერთი პრინციპულად არ იღებს სტატუსს, ზოგს კი გარკვეული მიზეზების გამო, არ აძლევენ. დევნილთა ხელახალი რეგისტრაცია კი 19 სექტემბერს დაიწყო და 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება.  

ახალგორელს დევნილის სტატუსი სხვადასხვა სიკეთეების გარდა (დევნილის შემწეობა, საცხოვრებელი ფართი...), არჩევნებში მონაწილეობისთვისაც სჭირდება. თუ ახალგორელს დევნილის სტატუსი არა აქვს, ის არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას კარგავს. გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში სწორედ სტატუსის არქონის გამო 1000-ზე მეტმა ახალგრელმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო.      

ერთ-ერთი ასეთი ახალგორელი, რომელსაც დევნილის სტატუსს არ აძლევენ, ეკატერინე ქოქაშვილია. Humanrights.ge-სთან საუბრისას იგი ირწმუნება, რომ დევნილის სტატუსის მიღებას 2008 წლიდან დღემდე ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ. მისივე თქმით, ახალგორის ლეგიტიმური ხელისუფლებისგან სახელდება ისეთი მიზეზები, რასაც წესით სტატუსის აღებასთან საერთოდ არაფერი არ უნდა ჰქონდეს. მისივე თქმით, ეს „მიზეზებია“ 1997 წელს მოქალაქეთა კავშირში მუშაობა და ამის გამო, ჩოჩელებისგან დევნა (ცეზარ ჩოჩელი გასული წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადგილს იკავებდა). 

„მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ჩემს დას ახალგორის გამგებლის მოადგილის დეიდაშვილის ვალი აქვს. ის საბუთი დამიდო... რა შუაშია ვალის საბუთი ჩემს სტატუსზე?! მივმართე მედიკო ჩოხელსაც (ახალგორის რწმუნებული). იმანაც უარით გამომისტურმა და ესეც მითხრა – მე საციხედ საქმეს ვერ გავიხდიო. იმათ, ვისაც საერთო არაფერი ჰქონიათ ახალგორთან, კი დაურიგეს 2-2 სახლი. მე ქონება დავკარგე და სახლს კი არა, სტატუსს არ მაძლევენ! ყველა მეუბნება – იჩივლეო, მაგრამ ამისთვის აღარც თავი მაქვს და არც ფინანსური შესაძლებლობა“, – აცხადებს ქოქაშვილი.  

ცნობისათვის, ახალგორელმა დევნილის სტატუსის ასაღებად პირველ რიგში, ცნობა ახალგორის ლეგიტიმური მთავრობისგან უნდა აიღოს, რომლის რეზიდენციაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წეროვანის დევნილთა ჩასახლებაშია განთავსებული. ეს ცნობა ადასტურებს, რომ პირი ნამდვილად არის ახალგორის რაიონის მუდმივი მაცხოვრებელი.

ჩვენი ინფორმაციით, ომის შემდეგ ახალგორის ლეგიტიმური ხელისუფლება აღნიშნული ტიპის ცნობას ისეთ პირებზეც გასცემდა, ვისაც ახალგორში არ უცხოვრია. ასეთმა პირებმა ამ გზით დევნილისთვის განკუთვნილი კოტეჯი ან კომპენსაციაც აიღეს მაშინ, როცა ისინი, ვინც მართლაც ცხოვრობდნენ ახალგორში, დღემდე საცხოვრებელი ფართის გარეშე არიან და არც კომპენსაცია აუღიათ.  

ახლგორის მუნიციპალიტეტიდან აღებული ცნობა მოქალაქემ უნდა წარადგინოს ლტოლვილთა სამინისტროში, რომელიც დევნილის სტატუსს სწორედ ამ საბუთზე დაყრდნობით გასცემს.     

ახალგორის ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმძღვანელი ზურაბ გათენაშვილი, რომელიც თანამდებობაზე მიმდინარე წლის გაზაფხულზე აირჩიეს, humanrights.ge-ს  უცხადებს, რომ დევნილის სტატუსი ყველა ახალგორელს ჯერჯერობით არა აქვს. 

ზურაბ გათენაშვილი: „ზუსტად არ ვიცით, რამდენი მოქალაქეა ისეთი, ვისაც დევნილის სტატუსი არა აქვს. ზოგი ისეთია, რომელსაც საერთოდ არ მოუკითხავს სტატუსისთვის. ზოგიც არის ისეთი, რომელიც მოსულა სტატუსისთვის, მაგრამ არ ეკუთვნის. დევნილის სტატუსი იმას ეძლევა, ვინც ახალგორში ომამდე მუდმივად ცხოვრობდა. შესაძლებელია, პირს იქ ჰქონდეს საცხოვრებელი ფართი ან რაღაც ქონება, მაგრამ მუდმივად არ უცხოვრია. სტატუსს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მხოლოდ მათ აძლევს, ვისაც ბოლო პერიოდში მუდმივად უცხოვრია ახლგორში. ყოველივე აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, დღეს არსებული უსტატუსო ახალგორელებიდან მაქსიმუმ 10%-ს ეკუთვნის სტატუსი“. 

ჩვენი ინფორმაციით, დევნილის სტატუსი ამ დროისთვის ახალგორელთა დაახლოებით 20%-ს არა აქვს. მათგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, გარკვეული ნაწილი სრულიად გარკვეული მიზეზის გამო სტატუსს პრინციპულად არ იღებს. ახალგორელთა 80%, ოფიციალურად დევნილობის მიუხედავად, ახალგორში მაინც ჩადის და კვლავ იქ ცხოვრობს, რადგან დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორელებს დიდად არ ავიწროებს. პირდაპირი მნიშვნელობის დევნილებად მხოლოდ ის პირები მიიჩნევიან, ვისაც 90-იანი წლების დასაწყისში ეთნოკონფლიქტის ინსპირირებაში გარკვეული წვლილი მიუძღვით. ასევე – ისინი, ვინც დღეს საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში, ან სხვადასხვა ოფიციალურ უწყებებში მუშაობენ.  

აღსანიშნავია, რომ სტატუსის აღებამდე დევნილთა სამინისტროში პირმა სპეციალურ გასაუბრებაზე აუცილებლად  უნდა თქვას (ფაქტობრივად მოიტყუოს), რომ ის ახალგორში ჩასვლას ვერ ახერხებს, დაკარგა სახლი და ა.შ. საამისოდ ფორმალურ მიწერას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სადმე, ვინმე ახლობლოს ოჯახში აკეთებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტატუსს ვერ აიღებს. 

ახალგორის გამგებელი ზურაბ გათენაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სწორედ ახლა მიმდინარეობს ამ საკითხის თავიდან შესწავლა, რის შედეგადაც გარკვეულ ნაწილს შესაძლებელია, დევნილის სტატუსი ჩამოერთვას. „ზოგიერთს დევნილის სტატუსი არაკანონიერად აქვს აღებული; ასეთებს სტატუსი ჩამოერთმევათ“- ამბობს გათენაშვილი. 

საგულისხმოა, რომ ადრე არა მარტო დევნილის სტატუსი, კოტეჯი და კომპენსაციაც გაიცა იმ პირებზე, რომლებსაც ახალგორში საზაფხული აგარაკი ჰქონდათ. ასეთებს „სეზონურებს“ უწოდებდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას კოტეჯებისა და კომპენსაციების განაწილების კომისიის თავმჯდომარე გია ჩიტიშვილი ერთ-ერთ ტელესიუჟეტში თავად ადასტურებს.  

„ვინც ე.წ. სეზონურების კატეგორიაშია, იმათ ეს სტატუსი არ ეკუთვნით. მთავარი მოთხოვნა, როგორც უკვე გითხარით და უფრო დავაზუსტებ, არის 2008 წლამდე ბოლო 2 წელიწადი ახალგორში უნდა ცხოვრობდეს. ამჟამად ხელახლა ხდება ისეთი ფაქტების გადამოწმება, როცა „სეზონურზე“ გაიცა სტატუსი, შემდეგ - კოტეჯი ან კომპენსაცია. სამინისტროდან თითქმის ყოველდღე გვეკითხებიან ამა თუ იმ პირზე, არის თუ არა ნამდვილად ახალგორიდან და უცხოვრია თუ არა იქ. მხოლოდ ჩვენგან მიწოდებულ ცნობებსა და დასკვნებს არ ეყრდნობიან. მოსული წერილებიდან დაახლოებით 20%-ზე უარყოფით ცნობას ვიძლევით. არასწორი ცნობების გაცემას ახლა აქ ვეღარავინ ბედავს. თუ დამტკიცდა, რომ „სეზონურებზე“ გაიცა კოტეჯი ან კომპენსაცია, ამ გადაწყვეტილების მიმღები აუცილებლად აგებს პასუხს. ასეთს კოტეჯი ან კომპენსაცია არ ეკუთვნის”, – ამბობს ახალგორის ახლანდელი გამგებელი.

რაც შეეხება ეკატერინე ქოქაშვილის საქმეს, გამგებელი დაგვპირდა, რომ მისი საკითხით დაინტერესდება.

ნონა ქურდოვანიძე, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დევნილთა საკითხებზე მუშაობს, განმარტავს, რომ თუკი პირს ომამდე ახალგორში უცხოვრია და ის ახალგორის მუდმივი მაცხოვრებელია, დევნილის სტატუსი ეკუთვნის; ასევე - თუკი პირს ახალგორში აქვს ქონება (მაგალითად, სახლი), მაგრამ არ უცხოვრია იქ, სტატუსს ვერ მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ პირს ახალგორში უცხოვრია და იქ აქვს სახლი, მაგრამ თბილისში ან სხვა ქალაქში აქვს ჩაწერა, ასეთს დევნილის სტატუსი ეკუთვნის. ამ  შემთხვევაში პირის ახალგორში მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა უნდა გასცეს ცნობა, ან რამე დოკუმენტი ამის დასადასტურებლად.

ახალი ამბები