კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი ბრალდებულის გარეშე განახლდა

22 ოქტომბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„თუკი 4000-მდე მოწმემ, რომელთა დაკითხვა დღეს დაიწყო, „შპარგალკით“ უნდა ისარგებლოს, რა აზრი აქვს მათთვის კითხვების დასმას და საერთოდ, სასამართლო პროცესებს? პირდაპირ ჩამსვით ციხეში და დამთავრდეს ეს ამბავი“, - ეს განცხადება კახეთის გუბერნატორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 21 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გააკეთა.

მისი გაღიზიანება აღნიშნულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ 3969 მოწმიდან ერთერთი პირველის, ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართალწარმოების სამმართველოს სპეციალისტის ბორის ჩოფიანის ჩვენებამ გამოიწვია. მან დაკითხვისას წინასწარ გაკეთებული ჩანაწერით ისარგებლა, რამაც სასამართლო დარბაზში ვნებათაღელვა გამოიწვია. 

„სწორედ ეს ფაქტი, „შპარგალკიანი“ მოწმეების ჩვენებები მიუთითებენ მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის უდანაშაულობაზე“, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა. 

დაცვის მხარემ, ასევე, ბრალდებულმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ე.წ. „შპარგალკის“ექსპერტიზა მოითხოვეს. მათი განმარტებით, დიდია ალბათობა, რომ ჩანაწერი მოწმეს არ ეკუთვნოდეს, არამედ პროკურატურის მიერ იყოს შემუშავებული და იგი მორიგ სასამართლო პროცესებზე სხვა დასაკითხმა პირებმაც გამოიყენონ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბიშვილ-ჭიაბერაშვილის გადადებული სასამართლო პროცესი 21 ოქტომბერს მოწმეთა დაკითხვით განახლდა. 17 ოქტომბერს მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ პროცესი ბრალდებულ ვანო მერაბიშვილის არგამოცხადების გამო გადადო. „ნაციონალური მოძრაობის“გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, რომელსაც ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით (ამომრჩევლის მოსყდვა, სახელმწიფო ქონების მითვისება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) აქვთ წაყენებული, პროცესზე პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა. 

„ჩვენ ბრალდების მხარისგან მოვითხოვეთ, დასაკითხ მოწმეთა სია პროცესამდე ორი დღით ადრე მოეწოდებინა. გვინდოდა გავცნობოდით მას და შესაბამისად, პროცესზე მომზადებული ვყოფილიყავით. თუმცა, პროკურატურამ სია დაგვიანებით, პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე მოგვაწოდა. ბუნებრივია, ეს მხარეების არათანაბარ პირობებში ყოფნაზე მიუთითებს. პროტესტის ნიშნად მიმდინარე პროცესს ვანო მერაბიშვილი არ დაესწრება“, - განაცხადა მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა 17 ოქტომბერს სასამართლოსხდომაზე. 

ბრალდებული მერაბიშვილი არც 21 ოქტომბრის სასამართლო პროცესს დასწრებია, თუმცა, ამჯერად არა პროტესტის, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. 

21 ოქტომბრის სასამართლო პროცესზე სულ 4 მოწმე დაიკითხა. აქედან 3 (ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო აუდიტის წარმომადგენლები) დასაქმების სახელმწიფო პროგრამის, ხოლო ერთი კვარიათის ეპიზოდზე.

სასამართლო პროცესი, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხმაურის ფონზე, თითქმის ხუთ საათს გაგრძელდა, დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებით დასრულდა. ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა სასამართლო პროცესზე, მოწმის სტატუსით იმ პირთა გამოძახება და დაკითხვა მოითხოვა,რომლებიც სახელმწიფო აუდიტის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები არიან და ერთ-ერთი მოწმის, ზურაბ აზნაურაშვილის განმარტებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სპეციალური დასკვნა აქვთ მომზადებული.

მორიგი სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 24 ოქტომბერს მოწმეთა, კერძოდ კი, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელთა, ასევე, სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციართა დაკითხვით გაგძელდება.
 

ახალი ამბები