კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგორთან დე ფაქტო საზღვარი, არჩევნების გამო, 3 დღით იკეტება

25 ოქტომბერი, 2013
მარი ოთარაშვილი ახალგორიდან

„ჩვენთვის არც ერთი მთავრობა არაფერს აკეთებდა და... რა ვიცი მე, ხმა ვის უნდა მივცე?! მართლა არ ვიცი! ალბათ, ისევ მარგველაშვილს მივცემ. ბოლოს და ბოლოს, წარსულში არაფერი აქვს ხინჯი“, – ამბობს ჩვენთან საუბრისას ახალგორის ერთ-ერთი მკვიდრი. მას 2008 წლის აგვისტოს ომიდან დღემდე ახალგორი არ დაუტოვებია. მის მსგავსად, humanrights.ge-ს მიერ გამოკითხული ის ახალგორელები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქსნის ხეობაში, პრეზიდენტობის კანდიდატთაგან მარგველაშვილს გულშემატკივრობენ.

თუმცა, იმ ახალგორელებს, რომლებიც დღემდე ახალგორში აგრძელებენ ცხოვრებას, 27 ოქტომბრისთვის ხმის მიცემაზე საფიქრალი და გადასაწყვეტი, ალბათ, აღარც ექნებათ. როგორც ჩვენთვის შინაგან საქმეთა სამინისტროდან გახდა ცნობილი, პარასკევს დე ფაქტო საზღვარი ორშაბათამდე ჩაიკეტება. შესაბამისად, 25 ოქტომბრიდან არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ახალგორიდან ვერავინ გადმოვა, თუკი მანამდე ვერ მოასწრეს დე ფაქტო საზღვარზე გადმოსვლა.  

ახალგორის რაიონს წინასარჩევნო ციებ-ცხელება საერთოდ არ ეტყობა. აქ არც საარჩევნო ბანერებია და არც პლაკატები. არც წინასაარჩევნო ლოზუნგები ჩანს და აგიტაცია ისმის სადმე. ვერც ბუკლეტებს მოკრავთ თვალს. თბილისიდან სულ რაღაც 40 კილომეტრში ფაქტობრივად სრულიად სხვა ადგილას, სხვა ქვეყანაში ხარ. 

თუმცა როგორც ახალგორელებში, ისე ცხინვალელებში დიდია დაინტერესება – ვინ გაიმარჯვებს, ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი. ახალგორელებს ეს იმიტომ აინტერესებთ, რომ იქნებ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილებს უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს და საქართველოდან მოგლეჯილ-მოკვეთილებად აღარ იგრძნონ თავი, როგორც ეს სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იყო. მაშინ, როცა ქვეყნის სათავეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იდგა, ახალგორში დარჩენილებს მოღალატეებადაც კი მიიჩნევდნენ. თუკი რამ სიკეთე არსებობდა დევნილებისთვის, ახალგორელთაგან მხოლოდ მათ ერგებოდათ, ვინც იქ სახლ-კარი მიატოვა და წეროვანში, წილკანსა თუ ფრეზეთში გადაბარგდა.  

არჩევნების პროცესი და შედეგები არანაკლებად აინტერესებთ ცხინვალში. „გვინდა, რომ ყველაფერმა წყნარად და მშვიდად ჩაიაროს. არეულობა საქართველოში ჩვენზეც აისახება. ამიტომაც პროცესებს დიდი ყურადებით ვადევნებთ თვალს“, – გვითხრა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პირად საუბარში, რომლის ვინაობასაც მისივე თხოვნით არ ვასახელებთ.       

არჩევნებში მონაწილეობას ის ახალგორელები შეძლებენ, ვინც წეროვანის, წილკანისა და ფრეზეთის დევნილთა დასახლებებში ცხოვრობენ. ასევე, როგორც ზემოთ აღინიშნა -  ის ახალგორელები, რომლებიც დღემდე აგრძელებენ ახალგორში ცხოვრებას, შენარჩუნებული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა და დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვამდე გადმოსვლას მოასწრებენ. ორივე შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობისთვის მათ უნდა წარადგინონ დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.  

წეროვანში მცხოვრებ ახალგორელ დევნილებს შორის მარგველაშვილის მხარდამჭერებს ბურჯანაძისა და ბაქარაძის გულშემატკივრები სჭარბობენ. ბურჯანაძე მარტო წეროვანში ორჯერ მაინც იყო ჩასული. რაც შეეხება ბაქრაძეს, იგი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატია. ხოლო „წეროვნელ ახალგორელთა“ დიდ ნაწილში ყოფილი მმარველი გუნდი სიმპათიით სარგებლობს.

„როგორ შეიძლება წეროვანში მყოფ ახლგორელებს სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ არ მოსწონდეთ?! ყველას აქვს ახალგორში სახლი. აქაც მოდიან და წეროვანშიც აქვთ სახლები! რა დევნილები ესენი არიან?! მიშამ მეორე სახლი მისცა! ახალგორიდან წეროვანში რომ მიდიან, ქალაქში მივდივართო, ამბობენ. მიშამ „ქალაქში გაიყვანა“ და როგორ შეიძლება, მიშა და მისი პარტია არ მოსწონდეთ?!“ – გვითხრა ახალგორელმა პედაგოგმა ქალბატონმა. 

ბურჯანაძის ერთ-ერთი დაპირება, რომელიც წეროვანში ახალგორელებთან შეხვედრისას გააჟღერა, ახალგორელებს სიცილს ჰგვრის. „სასაცილოა აბა რა არის! ეუბნება, თუ გავხდი პრეზიდენტი, თქვენს სახლებში დაგაბრუნებთო. ვის რად უნდა აქ დაბრუნება?! იქ, წეროვანში გარემონტებული სახლი და ავეჯი აჩუქეს, კომფორტი შეუქმნეს, აქ კი სახლები „დაჩასავით“ აქვთ. რა დაბრუნება უნდათ, ისედაც, როცა მოუნდებათ, აქ არ არიან?!“ – ამბობს ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნის მკვიდრი ქალბატონი. 

ახალი ამბები