კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბრძოლა საარჩევნო პლაკატებით

26 ოქტომბერი, 2013

ნინო მშვიდობაძე, ლანჩხუთი

„ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა კახა ასკურავამ Humanrights.ge–ს ქალაქის ცენტრში „პლაკატების ომის“ შესახებ აცნობა. მისი თქმით, ,,აჯანყებული გურულის“ ძეგლსა და პოლიციის შენობის ახლომდებარე შენობის ვიტრინებზე გაკრულ დავით ბაქრაძის პლაკატებს „ქართული ოცნების“ პლაკატები გადააკრეს.

„ქართული ოცნების“ წევრი ნუგზარ ცინცაძე ამბობს, რომ ბაქრაძის პოსტერებს მარგველაშვილის პლაკატები მან გადააკრა: „კი, მართალია, ბაქრაძის პლაკატებს მარგველაშვილის პლაკატები ნამდვილად მე გადავაკარი. მე ვთვლი, რომ ამ პარტიის პლაკატები არ შეიძლება იყოს საქართველოში. სადაც კი ვნახავ მაგათ პლაკატებს, ჩამოვხევ. დამთავრდა მათი არსებობა,  ,,ნაციონალური მოძრაობა „ წარსულს ჩაბარდა“, – ამბობს ცინცაძე.

საქმის ვითარებაში გასარკვევად ადგილზე მისულ ასკურავასა და ქართული ოცნების წევრებს: ნუგზარ ცინცაძესა და გიორგი ზენაიშვილს შორის შეხლაშემოხლა მოხდა.

თავად კახა ასკურავა მომხდარს სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს, რომ გიორგი ზენაიშვილმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ზენაიშვილს საკადრისი პასუხი გასცა: „ადგილზე მისულმა შენიშვნა მივეცი „ქართული ოცნების“ წევრებს, რის შემდეგაც მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს. მეც ადამიანი ვარ, ვერ მოვითმინე. სამწუხაროდ ეს ყველაფერი პოლიციის გვერდით ხდებოდა. ძალიან სამწუხაროა, რომ სამართალდამცავი ორგანოს შენობის გვერდით მსგავს ფაქტს აქვს ადგილი“, –  აღნიშნა ასკურავამ.

მოგვიანებით ოზურგეთში ამ ფაქტს ბაქრაძის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ჩამოსული გიორგი ვაშაძეც გაოეხმაურა: „კატეგორიულად მოვითხოვთ მომხდარი ფაქტი გამოძიებული იყოს და შეწყდეს ძალმომრეობა, ჩვენ არცერთ ჩვენს თანამებრძოლს არ მივატოვებთ და არცერთი ასეთი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე,“ – აღნიშნა ვაშაძემ.

Humanrights.ge–ი მომხდართან დაკავშირებით ლანჩხუთის #61 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ზვიად ნაკაიძეს დაუკავშირდა.  ნაკაიძის თქმით, მომხდარის შესახებ საოლქომ გამოიტანა შესაბამისი განკარგულება, რომლის თანახმადაც ფაქტი შესასწავლად გადაეცა ლანჩხუთის გამგეობის იურიდიული სამსახურის იურისტს, თამარ ფირცხალაიშვილს, რომელსაც დაევალა წინასაარჩევნო პერიოდში პლაკატებთან დაკავშირებით საკითხების შესწავლა: „ეს არ არის ის ფაქტი, რომლის შესწავლა საოლქოს საქმეა. რაკი საკითხი ეხება პლატაკებს, ამდენად მასზე პასუხისმგებელია გამგეობა, რომელმაც პლაკატების გასაკრავად გამოყო ადგილები. გამგეობაში კი ამ საკითხზე პასუხისმგებელი პირი იურისტი თამარ ფირცხალაიშვილია,“ – გვითხრა ნაკაიძემ.

Humanrights.ge–იმ კომენტარი თამარ ფირცხალაიშვილს სთხოვა: „აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. ვსწავლობთ ყველა დეტალს, დაკითხულია თითქმის ყველა მხარე და სავარაუდოდ, მომავალ კვირას გვეცოდინება ვინ დაარღვია კანონი“, – გვითხრა თამარ ფირცხალაიშვილმა.

ახალი ამბები