კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი - საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილი მცირეოდენი დარღვევები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს

27 ოქტომბერი, 2013
 
27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის დასრულებამდე ორი საათით ადრე ადამიანის უფლებათა ცენტრი სათაო ოფისიდან დაუკავშირდა ყველა დამკვირვებელს, ვინც ორგანიზაციის სახელით არჩევნებს აკვირდებოდა. დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის შეჯერებით, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ შერჩეულ რეგიონებში საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილი მცირეოდენი დარღვევები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ზოგიერთი დარღვევა, რასაც არჩევნების შედეგებზე განსაკუთრებული გავლენა ისედაც არ შეეძლო მოეხდინა, საარჩევნო კომისიამ მათი მითითებისთანავე მყისიერად გამოასწორა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს 8 რეგიონში აკვირდება. ეს რეგიონებია:  კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, აჭარა, გურია, მცხეთა-მთიანეთი და სამეგრელო. ორგანიზაციის 75 დამკვირვებელი 27 ოქტომბერს, საერთო ჯამში, 29 მუნიციპალიტეტის ქალაქებსა და სოფლებში გადანაწილდა. 

დღის ბოლოსთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა მნიშვნელოვან საარჩევნო დარღვევებზე შეადგინეს 11 საჩივარი, ხოლო ჩანაწერთა წიგნში გააკეთეს 32 შენიშვნა. საჩივრები, ძირითადად, დაიწერა უბნებზე ნაკლები ბიულეტენების არსებობის საკითხზე. 

ძირითადი ტენდენციები

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლების მიერ ამ დროისთვის მოწოდებული ინფორმაციით, დღევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები წინა არჩევნებისგან შედარებით სამართლიან და მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. 

საარჩევნო უბნებზე პრაქტიკულად აღარ ხდება ამომრჩეველთა ორგანიზებული მიყვანა მიკროავტობუსებით და მათი კონტროლი პარტიების კოორდინატორთა მიერ, რასაც წინა არჩევნების დროს მასობრივი ხასიათი ჰქონდა და ხშირ შემთხვევაში, ეს  იწვევდა საარჩევნო პროცესის შეფერხებას. მსგავს არაჯანსაღ აქტიურობას წინა წლებში ადგილი ჰქონდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ე. წ. კოორდონატორების მხრიდან, რასაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ამომრჩევლებზე ზეწოლის ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევდა. მისასალმებელია, რომ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ამგვარ მასობრივ მობილიზებას საარჩევნო უბნებზე არც ყოფილი და არც ახლანდელი მმართველი პარტია არ იყენებს.
 
მნიშვნელოვნად იკლო სპეცუბნების რაოდენობამ, რის შესახებაც შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა საზოგადოებას დროულად მიაწოდეს ინფორმაცია. სამხედრო მოსამსახურეებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დიდ ნაწილს საშუალება მიეცა, ხმა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მიეცა სასურველი კანდიდატისთვის. წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებში ტენდენციის სახე ჰქონდა ყაზარმული მდგომარეობის გამოცხადებას, რის გამოც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მოკლებულნი იყვნენ საშუალებას, ხმა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მიეცათ. ხოლო სპეცუბნებზე, სადაც ისინი ხმას აძლევდნენ, არჩევნები მაშინდელი მმართველი პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 100%-იანი გამარჯვებით მთავრდებოდა.

საარჩევნო პროცესის ხარვეზად კვლავ რჩება უბნებზე საარჩევნო ბიულეტენების ნაკლებობა, რასაც ასეთივე ტენდენციის სახე ჰქონდა გასული წლის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას. საუბნო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბიულეტენების მცირედი დანაკლისი არჩევნების პროცესს ხელს არ შეუშლის, რადგან უბნებზე ამომრჩეველთა 100%-იან აქტიურობას არ ელოდებიან. ადამიანის უფლებათა ცენტრი ამ არგუმენტს არ იზიარებს და ცესკოს მოუწოდებს, გამოასწოროს მსგავსი ხარვეზები საარჩევნო უბნებზე. 

წინა არჩევნების მსგავსად საარჩევნო უბნებზე კვლავ ფიქსირდება საზოგადოებისთვის უცნობი დასახელების არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლები გასაუბრებისას ვერ ასახელებენ თავიანთი ორგანიზაციის დაფუძნების წელს და ხელმძღვანელს. ასეთი ტიპის „დაკვირვებლები“, სავარაუდოდ, საარჩევნო სუბიექტების სატელიტ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, რაც მართალია, კანონდარღვევა არ არის, მაგრამ ჩრდილს აყენებს საარჩევნო პროცესში სამართლიანობის პრინციპს. 

მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების კიდევ ერთ ნაკლოვანებად უნდა ჩაითვალოს იმ ამომრჩეველთა ბიულეტენების გაბათილების დაკანონება, რომლებმაც საარჩევნო ბიულეტენში ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი გადახაზა და ამით დააფიქსირა თავისი საპროტესტო პოზიცია ყველას მიმართ. ასეთი კატეგორიის ამომრჩეველთა ბიულეტენები, არსებული საარჩევნო კანონმდებლობით, ხმის დათვლისას გაბათილდება, რაც სერიოზულად დააზარალებს ამომრჩეველთა მიერ გამოხატული ნების საერთო სტატისტიკას. ფაქტობრივად, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, რადგან წინა არჩევნებისას ამომრჩეველთა საპროტესტო ხმა ფიქსირდებოდა და შემაჯამებელ ოქმში იყო გრაფა, რითაც ყველას წინააღმდეგ მიცემული ხმების რაოდენობაც ითვლებოდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრს არც ამ არჩევნებზე დაურღვევია ტრადიცია და განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებს კახეთსა და ქვემო ქართლში. არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდა იმ სოფლებში, სადაც წინა არჩევნებზე ამომრჩევლებს, ფაქტობრივად, წართმეული ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება. ამავე დროს, ამ სოფლებში თვალშისაცემია ამომრჩეველთა ძალიან დაბალი აქტივობა. ერთეული შემთხვევის გარდა, რაც ჩვენმა დამკვირვებლებმა ასევე დააფიქსირეს, არ ხდებოდა საარჩევნო უბნებზე მიკროავტობუსებით მასობრივი მიყვანა, მით უფრო - ამა თუ იმ კანდიდატისათვის ხმის მიცემის იძულება.
     
ორგანიზაციის დამკვირვებლები ასევე მივლინებული არიან კონფლიქტის ზონის მიმდებარე რამდენიმე სოფელში, შიდა ქართლში. აქ ძირითადი პრობლემა შექმნა რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ დამყარებულმა რეჟიმმა, რის გამოც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს არ მიეცათ დე ფაქტო საზღვრის გადმოკვეთისა და არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. დე ფაქტო საზღვრების ჩაკეტვის თაობაზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა არჩევნების წინა დღეებშიც გაავრცელა ინფორმაცია.

დარღვევები და ხარვეზები

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები რამდენიმე საარჩევნო უბნიდან გვაწვდიან ინფორმაციას, რომ საარჩევნო სუბიექტებს უბნებზე ზოგჯერ ორ-ორი წარმომადგენელი ჰყავთ. ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ნინა ხატისკაცი აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო სუბიექტის ორ-ორი წარმომადგენლის დასწრება საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლის არასწორი ინტერპრეტაციაა. ამ გზით ირღვევა კოდექსის მე-8 მუხლის მე-15 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, შესაბამის კომისიაში საარჩევნო სუბიექტს მხოლოდ თითო წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს. ცესკოს მხრიდან საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლის არასწორი ინტერპრეტაცია, სავარაუდოდ, გამოწვეულია იმით, რომ ცესკო საპრეზიდენტო არჩევნებს საპარლამენტო არჩევნების სპეციფიკით უდგება და არ ითვალისწინებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო სუბიექტი არის არა პარტია ან საარჩევნო ბლოკი, არამედ პარტიის ან საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატი. ამდენად, არასწორია პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა დამატებით დაშვება საარჩევნო კომისიაში. 
 მაგალითისთვის, ხელვაჩაურის 31-ე და 94-ე საარჩევნო უბნებზე პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის ორი დამკვირვებელი იყო წარმოდგენილი. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლმა კომისიის თავმჯდომარეს, რუსუდან თურმანიძეს ჰკითხა, თუ რატომ იყო უბანზე ერთი საარჩევნო სუბიექტის 2 დამკვირვებელი, რაზეც მიიღო პასუხი - გარეთ ცივა და აღარ გავუშვიო. 94-ე უბანზე კი ეს ხარვეზი თავმჯდომარემ მითითებისთანავე გამოასწორა. 

მარნეულში სოფელ თამარისში, 21-ე საარჩევნო უბანზე მიკროავტობუსი დილიდან მოძრაობს და ამომრჩევლები უბანზე მოჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი გვაწვდის: „ეს სამარშუტო ტაქსი რეისებს აკეთებს, მოვა, მოიყვანს ამომრჩევლების ერთ ნაკადს და ისევ უკან ბრუნდება. ჩენ მძღოლთან გასაუბრებაც ვცადეთ, მან გვითხრა, რომ ის მოხალისეა, ამომრჩელების მოყვანაში ფულს არავინ უხდის და არც რომელიმე პარტიას ემსახურება, უბრალოდ თავისი კეთილი ნებით გადაწყვიტა თანასოფლელებს დამხარებოდა უბნამდე მოსვლაში“. მისივე თქმით, სამარშუტო ტაქსთან „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი რამდენჯერმე მივიდა და ესაუბრებოდა სამარშუტო ტაქსიდან გადმოსულ ამომრჩევლებსა და მძღოლს. საინტერესოა, რომ ამ უბანზე ამომრჩევლების უჩვეულოდ დიდი აქტიურობა დაფიქსირდა, მარნეულის სხვა უბნებთან შედარებით. შუადღისთვის უბანზე 300-მდე ამომრჩეველმა მისცა ხმა, როცა სხვა უბნებზე აქტივობა საკმაოდ დაბალი იყო (დაახლოებით 100-ამდე ამომრჩეველი). ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა ვითარების გარკვევა კომისიის თავმჯდომარესთანაც სცადეს. მისი თქმით, მოსახლეობა უბანზე ე. წ. სვანეთის უბნიდან მოჰყავთ, რადგან ეს უბანი შორსაა საარჩევნო უბნიდან. კომისიის თავმჯდომარის თქმით, მისთვის ცნობილი არაა, ვინაა ამომრჩეველთა ტრანსპორტირების ორგანიზატორი.
 
მარნეულის ოლქის 48-ე საარჩევნო უბანზე 11-მა ამომრჩეველმა ისე მისცა ხმა, რომ რეგისტრატორების ბეჭედს სპეციალური ნაკვეთური არ ჰქონდა გაკეთებული. ხუთი რეგისტრატორიდან სამს ნაკვეთურის გაკეთება დაავიწყდა. კანონმდებლობის მიხედვით, ბეჭედს ნაკვეთური უბნის გახსნამდე, წილისყრის შემდეგ უკეთდება. ნაკვეთურის გაკეთება არის კიდევ ერთი დამატებითი რეგულაცია ხმების გაყალბების თავიდან ასაცილებლად. ადამიანის უფლებათა ცეტრის დამკვირვებელმა ამ დარღვევასთან დკავშირებით შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში გააკეთა. კომისიის თავმჯდომარემ კი პრობლემა აღმოფხვრა და ბეჭდებს ნაკვეთური გაუკეთა. თუმცა, იმ 11 ადამიანის ხმა, შესაძლოა ხმების დათვლის დროს გაბათილდეს. გაბათილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს. 

ქარელის 33-ე ოლქის პირველ უბანზე ინციდენტი მოხდა. კომისიის თავმჯდომარემ მანანა წოწოლაშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დამკვირვებელს საჩივრის დაწერის უფლება არ მისცა. კომისიის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ წევრია. დამკვირვებელი საჩივრის დაწერას იმ საკითხთან დაკავშირებით აპირებდა, რომ უბანზე ბიულეტენების რაოდენობა ამომრჩევლების რაოდენობაზე ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა მარი ოთარაშვილმა მოგვაწოდა. „კომისიის წევრი უყვიროდა დამკვირვებელს და არ აძლევდა საჩივრის დაწერის უფლებას. შემდეგ მას ტელეფონზე დაურეკეს და როგორც ჩანს, ურჩიეს, რომ  დამკვირვებლისთვის საჩივრის დაწერის უფლება მიეცა და ამ ჩარევის შემდეგ, დამკვირვებლემა საჩივარი დაწერა“, - ამბობს მარი ოთარაშვილი.

ზუგდიდის ოლქის 83-ე უბანზე სპეცსიაში არ იყო შეყვანილი კომისიის რამდენიმე  წევრი. კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა , რომ სიაში კალმით გააკეთებდა მინაწერს და ასე ჩაწერდა კომისიის წევრებს. დამკვირვებლების პროტესტის მიუხედავად, თავმჯდომარემ სიაში კალმით მინაწერი მაინც გააკეთა. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი და ინფორმაცია ცესკოს მიაწოდა. ცესკო დაგვპირდა, რომ წარმომადგენლებს მიავლენს საარჩევნო უბანზე, შეადგენენ ოქმს და სიაში ხელით მიწერილ ადამიანებს ამოშლიან. 

საპრეზიდენტო არჩევნებს ადამიანის უფლებათა ცენტრი აკვირდება ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“, აშშ-ის საელჩოსა და NED-ის ფინანსური მხარდაჭერით.  ეს პროექტები მოიცავს წინასაარჩევნო პროცესისა და უშუალოდ არჩევნების დღის მონიტორინგს.  27 ოქტომბერს დამკვირვებლების ნაწილი მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზეა მიმაგრებული, ნაწილი კი მობილურ ჯგუფებში გადანაწილდა და უბნიდან უბანზე მოძრაობს.

თბილისში ადამიანის უფლებათა ცენტრის სახელით არჩევნებს აკვირდება ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ნინა ხატისკაცი, რომელმაც ამავე დროს, რამდენიმე ტრენინგი ჩაატარა ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებისათვის. ცენტრის სახელით არჩევნებს ასევე აკვირდებიან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის - ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენლები. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილია ჟურნალისტური კომპონენტი. ცენტრის ინტერნეტ-გამოცემა www.humanrights.ge სისტემატიურად აქვეყნებდა პუბლიკაციებს წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობისა და დარღვევების შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. Humanrights.ge არჩევნების დღესაც აქტიურად მუშაობს და საზოგადოებას მყისიერად აწვდის ინფორმაციას იმ დარღვევების შესახებ, რასაც უბნებზე  დამკვირვებლები აფიქსირებენ. 

არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრი საზოგადოებას ინფორმაციას ასევე აწვდის ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით შექმნილი მედიაცენტრიდან. ამ მიზნით მედიაცენტრში დღეს კიდევ ერთ ბრიფინგს გავმართავთ კენჭისყრის დასრულების შემდეგ - 21:30 საათზე. ხოლო 28 ოქტომბერს 14:00 საათზე ბრიფინგზე წარმოვადგენთ არჩევნების დღის შემაჯამებელ ინფორმაციას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი



საარჩევნო პროცესების მონიტორინგის პროექტები დაფინანსებულია: საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის, ეროვნული წვლილი დემოკარტიისთვის (NED) და ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" მიერ.

ახალი ამბები