ადამიანის უფლებათა ცენტრი 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს 8 რეგიონში დააკვირდა (კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, აჭარა, გურია, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო). ორგანიზაციის განკარგულებაში იყო 75 დამკვირვებელი, რომლებიც არჩევნებს 29 მუნიციპალიტეტის ქალაქებსა და სოფლებში აკვირდებოდნენ.
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდა. ორგანიზაციის მიერ შერჩეულ რეგიონებში საარჩევნო უბნებზე გამოვლენილი მცირეოდენი დარღვევები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ხასიათის დარღვევებს, როგორსაც არჩევნების შედეგებზე განსაკუთრებული გავლენა ისედაც არ შეეძლო მოეხდინა, საარჩევნო კომისია მითითებისთანავე ასწორებდა. საჩივრები, ძირითადად, დაიწერა უბნებზე ნაკლები ბიულეტენების არსებობის საკითხზე.
დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა გამოწვეული იყო არა არჩევნების გაყალბების მცდელობით ან რომელიმე საარჩევნო სუბიექტისადმი მიკერძოებით, არამედ საარჩევნო კომისიების წევრთა არაკვალიფიციურობით და საარჩევნო პროცედურების არცოდნით. ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ სამომავლოდ ცესკომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს საარჩევნო კომისიების წევრთა განათლებას და არჩევნებისათვის მომზადებას.
საპრეზიდენტო არჩევნებს ადამიანის უფლებათა ცენტრი დააკვირდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“, აშშ-ის საელჩოსა და NED-ის ფინანსური მხარდაჭერით. ეს პროექტები მოიცავდა წინასაარჩევნო პროცესისა და უშუალოდ არჩევნების დღის მონიტორინგს. 27 ოქტომბერს დამკვირვებლების ნაწილი მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე იყო მიმაგრებული, ნაწილი კი მობილურ ჯგუფებში გადანაწილდა და უბნიდან უბანზე მოძრაობდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების ზუსტ სტატისტიკას შესაბამისი პროექტების ანგარიშებში ასახავს. თუმცა, აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ორგანიზაციის მიერ შერჩეულ რეგიონებში საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილი მცირეოდენი დარღვევები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.
თბილისში ადამიანის უფლებათა ცენტრის სახელით არჩევნებს აკვირდებოდა ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ნინა ხატისკაცი, რომელმაც ამავე დროს, რამდენიმე ტრენინგი ჩაატარა ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებისათვის. ცენტრის სახელით არჩევნებს ასევე დააკვირდნენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის - ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენლები.
ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილია ჟურნალისტური კომპონენტი. ცენტრის ინტერნეტ-გამოცემა
www.humanrights.ge სისტემატიურად აშუქებდა წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობასა და დარღვევებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. Humanrights.ge არჩევნების დღესაც აქტიურად მუშაობდა და საზოგადოებას მყისიერად აწვდიდა ინფორმაციას იმ დარღვევების შესახებ, რასაც უბნებზე დამკვირვებლები აფიქსირებდნენ. საიტი ყოველდღიურად ახლდება და კვლავ აქვეყნებს არჩევნებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ცნობებს როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან.
ყველაზე მძიმე დარღვევა
ყვარელში, ჭიკაანის N14 საარჩევნო უბანზე საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ივანე სეფიაშვილმა და კომისიის სხვა წევრებმა უბანზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს არჩევნებზე აკრედიტებულ ჟურნალისტს, კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორს გელა მთივლიშვილს. შემაშფოთებელია, რომ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე ცესკომ არ მოახდინა ადეკვატური რეაგირება. პირიქით, ცესკოს პრესსპიკერმა, ეკა აზარაშვილმა საზოგადოებას მიაწოდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომ თითქოსდა გელა მთივლიშვილი იღებდა საარჩევნო დოკუმენტაციას, რის გამოც მას მოსთხოვეს დაეტოვებინა უბანი. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა შეისწავლა გელა მთივლიშვილის მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც ნათლად ჩანს, რომ ჟურნალისტს საარჩევნო დოკუმენტაციის გადაღება არც უცდია. მას კომისიის თავმჯდომარე თავიდანვე აგრესიულად შეხვდა და აუკრძალა გადაღება (რისი უფლებაც ჟურნალისტს კანონით აქვს მინიჭებული), შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფით და ძალის გამოყენებით გააძევა უბნიდან.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს ცესკოს, ობიექტურად და მიუკერძოებლად შეისწავლოს ჭიკაანის N14 საარჩევნო უბანზე მომხდარი ინციდენტი და მოახდინოს ადეკვატური რეაგირება საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის სხვა წევრების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით.
ძირითადი ტენდენციები
საარჩევნო უბნებზე პრაქტიკულად აღარ ხდებოდა ამომრჩეველთა ორგანიზებული მიყვანა მიკროავტობუსებით და მათი კონტროლი პარტიების კოორდინატორთა მიერ, რასაც წინა არჩევნების დროს მასობრივი ხასიათი ჰქონდა და ხშირ შემთხვევაში, ეს იწვევდა საარჩევნო პროცესის შეფერხებას. მსგავს არაჯანსაღ აქტიურობას წინა წლებში ადგილი ჰქონდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ე. წ. კოორდონატორების მხრიდან, რასაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ამომრჩევლებზე ზეწოლის ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევდა. მისასალმებელია, რომ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ამგვარ მასობრივ მობილიზებას საარჩევნო უბნებზე არც ყოფილი და არც ახლანდელი მმართველი პარტია არ იყენებს.
მნიშვნელოვნად იკლო სპეცუბნების რაოდენობამ, რის შესახებაც შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა საზოგადოებას დროულად მიაწოდეს ინფორმაცია. სამხედრო მოსამსახურეებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დიდ ნაწილს საშუალება მიეცა, ხმა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მიეცა სასურველი კანდიდატისთვის. წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებში ტენდენციის სახე ჰქონდა ყაზარმული მდგომარეობის გამოცხადებას, რის გამოც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მოკლებულნი იყვნენ საშუალებას, ხმა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მიეცათ. ხოლო სპეცუბნებზე, სადაც ისინი ხმას აძლევდნენ, არჩევნები მაშინდელი მმართველი პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 100%-იანი გამარჯვებით მთავრდებოდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები არჩევნების მიმდინარეობას ორ სამხედრო ნაწილში დააკვირდნენ, სადაც არჩევნები დარღვევების გარეშე, პროცედურული წესების დაცვით ჩატარდა.
საარჩევნო პროცესის ხარვეზად კვლავ რჩება უბნებზე საარჩევნო ბიულეტენების ნაკლებობა, რასაც ასეთივე ტენდენციის სახე ჰქონდა გასული წლის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას. საუბნო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბიულეტენების მცირედი დანაკლისი არჩევნების პროცესს ხელს არ შეუშლის, რადგან უბნებზე ამომრჩეველთა 100%-იან აქტიურობას არ ელოდებიან. ადამიანის უფლებათა ცენტრი ამ არგუმენტს არ იზიარებს და ცესკოს მოუწოდებს, სამომავლოდ გამოასწოროს მსგავსი ხარვეზები საარჩევნო უბნებზე.
წინა არჩევნების მსგავსად საარჩევნო უბნებზე კვლავ დაფიქსირდა საზოგადოებისთვის უცნობი დასახელების არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლები გასაუბრებისას ვერ ასახელებდნენ თავიანთი ორგანიზაციის დაფუძნების წელს და ხელმძღვანელს. ასეთი ტიპის „დაკვირვებლები“, სავარაუდოდ, საარჩევნო სუბიექტების სატელიტ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, რაც ჩრდილს აყენებს საარჩევნო პროცესში სამართლიანობის პრინციპს.
ადამიანის უფლებათა ცენტრს არც ამ არჩევნებზე დაურღვევია ტრადიცია და განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებს კახეთსა და ქვემო ქართლში. არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდა იმ სოფლებში, სადაც წინა არჩევნებზე ამომრჩევლებს, ფაქტობრივად, წართმეული ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება. ამავე დროს, ამ სოფლებში თვალშისაცემია ამომრჩეველთა ძალიან დაბალი აქტივობა. ერთეული შემთხვევის გარდა, რაც ჩვენმა დამკვირვებლებმა ასევე დააფიქსირეს, არ ხდებოდა საარჩევნო უბნებზე მიკროავტობუსებით მასობრივი მიყვანა, მით უფრო - ამა თუ იმ კანდიდატისათვის ხმის მიცემის იძულება.
ორგანიზაციის დამკვირვებლები ასევე მივლინებული არიან კონფლიქტის ზონის მიმდებარე რამდენიმე სოფელში, შიდა ქართლში. აქ ძირითადი პრობლემა შექმნა რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ დამყარებულმა რეჟიმმა, რის გამოც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს არ მიეცათ დე ფაქტო საზღვრის გადმოკვეთისა და არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. დე ფაქტო საზღვრების ჩაკეტვის თაობაზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა არჩევნების წინა დღეებშიც გაავრცელა ინფორმაცია.
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები იმყოფებოდნენ სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებაში, სადაც მსჯავრდებულებს საშუალება მიეცათ, თავისუფლად გაეკეთებინათ არჩევანი.
დარღვევები და ხარვეზები
რამდენიმე საარჩევნო უბანზე საარჩევნო სუბიექტებს ზოგჯერ ორ-ორი წარმომადგენელი ჰყავდათ. ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო სუბიექტის ორ-ორი წარმომადგენლის დასწრება საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლის არასწორი ინტერპრეტაციაა. ამ გზით ირღვევა კოდექსის მე-8 მუხლის მე-15 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, შესაბამის კომისიაში საარჩევნო სუბიექტს მხოლოდ თითო წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს. ცესკოს მხრიდან საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლის არასწორი ინტერპრეტაცია, სავარაუდოდ, გამოწვეულია იმით, რომ ცესკო საპრეზიდენტო არჩევნებს საპარლამენტო არჩევნების სპეციფიკით უდგება და არ ითვალისწინებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო სუბიექტი არის არა პარტია ან საარჩევნო ბლოკი, არამედ პარტიის ან საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატი. ამდენად, არასწორია პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა დამატებით დაშვება საარჩევნო კომისიაში.
მარნეულში სოფელ თამარისში, 21-ე საარჩევნო უბანზე მიკროავტობუსი დილიდან მოძრაობდა და ამომრჩევლები უბანზე მიჰყავდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ინფორმაციით, ამ მიკროავტობუსმა უბნამდე რამდენიმე რეისი გააკეთა და ამომრჩეველთა სხვადასხვა ნაკადი მიიყვანა. მძღოლმა განაცხადა, რომ იგი მოხალისეა, ამომრჩელების გადაადგილებაში ფულს არავინ უხდის, არც რომელიმე პარტიას ემსახურება და თავისი კეთილი ნებით გადაწყვიტა თანასოფლელებს დამხარებოდა უბნამდე მისვლაში. თუმცა, ამ მიკროავტობუსთან „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი რამდენჯერმე მივიდა და ესაუბრა იქიდან გადმოსულ ამომრჩევლებსა და მძღოლს. საინტერესოა, რომ ამ უბანზე ამომრჩევლების უჩვეულოდ დიდი აქტიურობა დაფიქსირდა, მარნეულის სხვა უბნებთან შედარებით. შუადღისთვის უბანზე 300-მდე ამომრჩეველმა მისცა ხმა, როცა სხვა უბნებზე აქტივობა საკმაოდ დაბალი იყო (დაახლოებით 100-ამდე ამომრჩეველი). ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა ვითარების გარკვევა კომისიის თავმჯდომარესთანაც სცადეს. მისი თქმით, მოსახლეობა უბანზე ე. წ. სვანეთის უბნიდან მოჰყავთ, რადგან ეს უბანი შორსაა საარჩევნო უბნიდან. კომისიის თავმჯდომარის თქმით, მისთვის ცნობილი არაა, ვინაა ამომრჩეველთა ტრანსპორტირების ორგანიზატორი.
ინციდენტი მოხდა ქარელის 33-ე ოლქის პირველ უბანზე. კომისიის თავმჯდომარემ მანანა წოწოლაშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დამკვირვებელს საჩივრის დაწერის უფლება არ მისცა. კომისიის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ წევრია. დამკვირვებელი საჩივრის დაწერას იმ საკითხთან დაკავშირებით აპირებდა, რომ უბანზე ბიულეტენების რაოდენობა ამომრჩევლების რაოდენობაზე ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა მარი ოთარაშვილმა მოგვაწოდა: „კომისიის წევრი უყვიროდა დამკვირვებელს და არ აძლევდა საჩივრის დაწერის უფლებას. შემდეგ მას ტელეფონზე დაურეკეს და როგორც ჩანს, ურჩიეს, რომ დამკვირვებლისთვის საჩივრის დაწერის უფლება მიეცა და ამ ჩარევის შემდეგ, დამკვირვებლემა საჩივარი დაწერა“.
ზუგდიდის ოლქის 83-ე უბანზე სპეცსიაში არ იყო შეყვანილი კომისიის რამდენიმე წევრი. კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა , რომ სიაში კალმით გააკეთებდა მინაწერს და ასე ჩაწერდა კომისიის წევრებს. დამკვირვებლების პროტესტის მიუხედავად, თავმჯდომარემ სიაში კალმით მინაწერი მაინც გააკეთა. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი და ინფორმაცია ცესკოს მიაწოდა. ცესკო დაგვპირდა, რომ წარმომადგენლებს მიავლენს საარჩევნო უბანზე, შეადგენენ ოქმს და სიაში ხელით მიწერილ ადამიანებს ამოშლიან.
მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების კიდევ ერთ ნაკლოვანებად უნდა ჩაითვალოს იმ ამომრჩეველთა ბიულეტენების გაბათილების დაკანონება, რომლებმაც საარჩევნო ბიულეტენში ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი გადახაზა და ამით დააფიქსირა თავისი საპროტესტო პოზიცია ყველას მიმართ. ასეთი კატეგორიის ამომრჩეველთა ბიულეტენები, არსებული საარჩევნო კანონმდებლობით, ხმის დათვლისას გაბათილდება, რაც სერიოზულად დააზარალებს ამომრჩეველთა მიერ გამოხატული ნების საერთო სტატისტიკას. ფაქტობრივად, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, რადგან წინა არჩევნებისას ამომრჩეველთა საპროტესტო ხმა ფიქსირდებოდა და შემაჯამებელ ოქმში იყო გრაფა, რითაც ყველას წინააღმდეგ მიცემული ხმების რაოდენობაც ითვლებოდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი
საარჩევნო პროცესების მონიტორინგის პროექტები დაფინანსებულია: საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის, ეროვნული წვლილი დემოკარტიისთვის (NED) და ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" მიერ.