კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია წინასაარჩევნო მედია გარემოს გაუმჯობესებაზე საუბრობს

29 ოქტომბერი, 2013
 
Media.Ge 

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, რომელიც მონიტორინგს უწევდა საქართველოში ჩატარებულ  საპრეზიდენტო არჩევნებს, მიიჩნევს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს საქართველოში  მედია გარემო უფრო ღია იყო და ჟურნალისტები "ყოვლისმომცველად" აშუქებდნენ მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს.

ამის შესახებ ნათქვამია სადამკვირვებლო მისიი წინასწარ შეფასებაში, რომელიც არჩევნების მეორე დღეს, 28 ოქტომბერს, გამოქვეყნდა.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), ევროპარლამენტი (EP) და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA) ერთობლივ სადამკვირვებლო მისიას წარმოადგენს.

Media. Ge გთავაზობთ წინასწარი ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც შეფასებულია წინასაარჩევნო  მედიაგარემო.

ნაციონალური ტელევიზია ამომრჩევლის უდიდესი ნაწილისთვის ინფორმაციის ძირითად წყაროდ რჩება. ბეჭდური მედია მოსაზრებათა უფრო ფართო სპექტრს სთავაზობს, თუმცა მისი გავლენა ნაკლებია, ხდება ბეჭდურის ონლაინ–მედიით თანდათანობით ჩანაცვლება.

გაუმჯობესებულმა მედია გარემომ ამომრჩეველს შესთავაზა მოსაზრებათა ფართო სპექტრი თოქ-შოუების, უფასო სათერო დროის და დებატების მეშვეობით. თუმცა, კვლავაც აღინიშნება კრიტიკული ანალიზისა და ანალიტიკური რეპორტაჟების ნაკლებობა. კანდიდატებს ჰქონდათ საშუალება თავიანთი პროგრამები და მოსაზრებები თავისუფლად წარმოედგინათ. ახალი ამბების გამოშვებები მთავარ კანდიდატებს ყოველდღიურად აშუქებდნენ, თუმცა ისინი უმეტესად ორიენტირებული იყვნენ კანდიდატების ყოველდღიური წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებების, და არა მათი შესაბამისი პლატფორმის გაშუქებაზე.

კანონმდებლობა კანდიდატებს ორ კატეგორიად ყოფს: ვისაც ეკუთვნით და ვისაც არ ეკუთვნით უფასო საეთერო დრო.  ეს განსხვავება მნიშვნელოვან სარგებელს აძლევდა კვალიფიციურ კანდიდატებს, ხოლო არაკვალიფიციურ კანდიდატებს კამპანიის იმავე დონეზე წარმოების შესაძლებლობას უზღუდავდა. არაკვალიფიციურმა კანდიდატებმა ამგვარი დაყოფა გააკრიტიკეს და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სელექციურად მიიჩნიეს. არაკვალიფიციურმა კანდიდატებმა პრეს-კონფერენცია გამართეს, სადაც მოითხოვეს თანაბარი პირობები მედიის მხრიდან გაშუქების თვალსაზრისით და სახელმწიფო დაფინანსება ყველა კანდიდატისთვის.

მიუხედავად ამისა, ცნობილ არაკვალიფიციურ კანიდიდატებს ახალ ამბებსა და თოქ-შოუებში საკმაოდ მნიშვნელოვანი დრო ეთმობოდათ. 10 ოქტომბრიდან, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფუძველზე, ნინო ბურჯანაძე იმ კანდიდატების სიაში შეიყვანა, რომლებიც უფასო საეთერო დროს მიიღებდნენ, რაც პოზიტიური მოვლენაა.23 აღნიშნულის საპირისპიროდ, კერძო მაუწყებლებმა არჩიეს, არ გამოეყოთ უფასო საეთერო დრო ქ-ნი ბურჯანაძისთვის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა, 17 და 18 ოქტომბერს, სხვადასხვა კვალიფიციურ კანდიდატებს შორის ორი დებატი გამართა. ნინო ბურჯანაძემ გადაწყვიტა, არ მიეღო მონაწილეობა დებატებში, რამდენადაც ის არ მოხვდა პირველ ჯგუფში, რომელშიც მონაწილეობდნენ გიორგი მარგველაშვილი და დავით ბაქრაძე. მხოლოდ ნინო ბურჯანაძემ შეიძინა სარეკლამო დრო ნაციონალურ ტელევიზიებში, მაშინ როდესაც დავით ბაქრაძემ, გიორგი ჩიხლაძემ, ნესტან კირთაძემ და გიორგი მარგველაშვილმა მხოლოდ მცირე რაოდენობის სარეკლამო დრო შეისყიდეს. უფლებამოსილების მიუხედავად, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ არ გამოიყენა მათთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსება კერძო ტელეკომპანიებში რეკლამების განსათავსებლად.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგმა აჩვენა, რომ მედიასაშუალებები უმეტესად ფოკუსირებული იყვნენ საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების და მთავრობის ღონისძიებების გაშუქებაზე, ვიდრე კონკრეტული კანდიდატების აქტივობებზე.

ამასთან, ყველა წამყვან ნაციონალურ ტელეარხზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა პრემიერ-მინისტრის სამი შეხვედრა პოლიტიკურ ექსპერტებთან და ჟურნალისტებთან, რომელიც საერთო ჯამში 11 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ამ შეხვედრების და საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „იმედის“ ორი ხანგრძლივი ინტერვიუს მიმდინარეობისას, პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა ექსპერტებისა და ჟურნალისტების საქმიანობა მთავრობის და არჩევნების გაშუქების დროს; ის ასევე ღიად ეწეოდა აგიტაციას გიორგი მარგველაშვილის სასარგებლოდ, რამაც მას დამატებითი საეთერო დრო მისცა.

მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა უზრუნველყო კვალიფიციური კანდიდატების თანაბრად გაშუქება. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ახალი ამბების გამოშვებებში ერთნაირი პროპორციულობით აშუქებდა (12-დან 14 პროცენტამდე არჩევნების გაშუქება) დავით ბაქრაძეს, ნინო ბურჯანაძეს, გიორგი მარგველაშვილს და გიორგი თარგამაძეს, კობა დავითაშვილს, ზურაბ ხარატიშვილს. ხოლო არაკვალიფიციურმა კანიდიდატებმა - ნესტან კირთაძემ და შალვა ნათელაშვილმა, თითოეულმა ექვსიდან რვა პროცენტამდე მიიღო.

კერძო ტელეკომპანიების ახალი ამბების გამოშვებები, რომელთა მონიტორინგიც განახორციელა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ, უმეტესად ეთმობოდა გიორგი მარგველაშვილისა და დავით ბაქრაძის ღონისძიებებს. ტელეკომპანია მაესტრომ თანაბრად გააშუქა ორივე კანდიდატი, ძირითადად, ნეიტრალური ტონით. მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი 2“ და „იმედი“ უმეტესად პოზიტიურად და ნეიტრალურად აშუქებდნენ ორივე კანდიდატს, მათ მეტი დრო დაუთმეს დავით ბაქრაძეს. ტელეკომპანია „კავკასია“ უპირატესობას ანიჭებდა გიორგი მარგველაშვილს, როგორც გაშუქების ტონით, ისე რაოდენობის თვალსაზრისით. ამასთანავე, კერძო ტელეკომპანიები მნიშვნელოვნად მეტ საეთერო დროს უთმობდნენ ნინო ბურჯანაძეს და გიორგი თარგამაძეს და უმეტესად ნეიტრალურად აშუქებდნენ.

ბათუმში არსებული ტელეკომპანია „აჭარა“ ძირითადად მიმართული იყო რეგიონულ საკითხებზე და კანდიდატების საარჩევნო კამპანიის ღონისძიებებს შეზღუდულად აშუქებდა. კამპანიის გააშუქებისას ტელეკომპანია „აჭარა“ აშკარად უპირატესობას ანიჭებდა გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც პოზიტიური გაშუქების 14 პროცენტი მიიღო, მაშინ როცა არცერთ სხვა კანდიდატს 8 პროცენტზე მეტი მსგავსი გაშუქება არ მიუღიათ. ახალი ამბების გამოშვებაში ტელეკომპანია „აჭარამ“ კანდიდატების პორტრეტები, მათი ბიოგრაფიები და ძირითადი საარჩევნო გზავნილები წარმოადგინა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედიის მარეგულირებელი ძირითადი ორგანოა, რომელიც პასუხისმგებელია სამაუწყებლო მედიის საქმიანობის მეთვალყურეობაზე. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ გამოუქვეყნებია მონიტორინგის შუალედური შედეგები და აპირებდა მისი პირველი შუალედური ანგარიშის გამოქვეყნებას არჩევნების მომდევნო დღეს. კომისიამ აცნობა საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას, რომ არ მიუღია არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრები, თუმცა დააფიქსირა მცირედი დარღვევები პოლიტიკური რეკლამების განთავსებასთან დაკავშირებით.

შენიშვნა

უფასო საეთერო დრო (60 წამი საათში საზოგადოებრივ მაუწყებელზე, და 90 წამი ყოველ სამ საათში კერძო მაუწყებლებზე) გამოეყოთ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 4%, ან ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში - ამომრჩეველთა ხმების 3%. ესენია - გიორგი მარგველაშვილი (ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო), დავით ბაქრაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა),  კობა დავითაშვილი (ხალხის პარტია), სერგო ჯავახიძე (მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის), გიორგი თარგამაძე (ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა), ზურაბ ხარატიშვილი (ევროპელი დემოკრატები), თეიმურაზ მჟავია (ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია)

პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არჩევნების დღემდე მინიმუმ ერთ თვით ადრე ჩატარებულ გამოკითხვაში ამომრჩეველთა ხმების 4%–ზე მეტს მიიღებს, შესაძლებელია გამოეყოს უფასო საეთერო დრო. 

***
„საქართველოს კანონის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ თანახმად, დამატებითი დაფინანსება სატელევიზიო რეკლამისათვის გამოიყოფა იმ პარტიების სასარგებლოდ, რომლებიც უფლებამოსილი არიან, მიიღონ საერთო სახელმწიფო დაფინანსება და რომელთაც წამოაყენეს საპრეზიდენტო კანდიდატი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო ორადორი პარტიაა, რომელიც შეესაბამება ამ მოთხოვნას და შესაბამისად, უფლება აქვთ მიიღონ 600 000 და 100 000 ლარი. 

მონიტორინგი განხორციელდა 23 სექტემბერიდან 26 ოქტომბრამდე და ფოკუსირებული იყო პრაიმტაიმ საეთერო დროზე (18:00-24:00). მედია საშუალებები, რომელთა მონიტორინგიც მიმდინარეობდა, მოიცავდა: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს, ტელეკომპანია აჭარას, რუსთავი 2-ს, იმედს, მაესტროს და კავკასიას.

ახალი ამბები