კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგორელები აქციის მოწყობას თბილისში აპირებენ

4 ნოემბერი, 2013
 
მარი ოთარაშვილი ახალგორიდან

კომპენსაციის გარეშე დარჩენილი ახალგორელები

ახალგორში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა უახლოეს დღეებში თბლისში ჩამოსვლას და აქციის მოწყობას გეგმავს. ახალგორელთა ეს ის ნაწილია, რომელთაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დღემდე ახალგორში მუდმივად ცხოვრობს და საქართველოს ხელისუფლებისგან არანაირი დახმარება შეღავათით არ უსარგებლია.   

„დევნილის სტატუსი ახლახან ავიღეთ. მანამდე ლამის მოღალატეებად ვიყავდით შერაცხულები იმის გამო, რომ ომის შემდეგ აქ ვაგრძელებდით ცხოვრებას. მაშინ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ახალგორის დაცლის პოლიტიკა იყო, ალბათ, იმიტომ, რომ უცხოელებისთვის ენახებინათ, აქ ოსები თუ რუსები როგორ „გვავიწროებდნენ“. Aხლა, ხელისუფლების შეცვლის მერე რაღაც იმედები არის, მაგრამ კონკრეტულს ვერაფერს ვხედავთ. ამიტომაც გვინდა შევიკრიბოთ აქ, დავიქირავებთ სამარშუტო ტაქსებს და თბილისში ჩამოვალთ“, – გვითხრა ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ქალბატონმა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აქციის კონკრეტულ ადგილზე ახალგორელები ჯერ ვერ შეთანხმდნენ: „ჯერ ვერ მოვიფიქრეთ, სად ჩავატარებთ აქციას - დევნილთა სამინისტროსთან, თუ რეინტეგრაციის სამინისტროსთან. ამ დღეებში მოვილაპარაკებთ და შევთანხმდებით. თბილისში ჩამოსვლასა და აქციის გამართვას არჩევნებამდეც ვაპირებდით, მაგრამ მერე ვიფიქრეთ, აჯობებდა, ჯერ არჩევნების შედეგებს დავლოდებოდით. გვინდა ახალ ხელიუსფლებას შევახსენოთ, ის რასაც ხელიუსფლებაში მოსვლამდე გვპირდებოდა – მეტი ყურადღება უნდა მიექცეს იმ ხლახს, ვინც დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩნენ და აგრძელებენ ცხოვრებასო“, – გვითხრა სოფელ მოსაბრუნში მცხოვრებმა ქალბატონმა და ესეც დაამატა – „მთავარია, რამე სერიოზული არ მოხდეს, გზა არ ჩაიკეტოს და ა.შ.“
 
ახალგორი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ

ახალგორის მიმართულებით დე ფაქტო საზღვარზე გადაადგილება სამშაბათს დილიდან განახლდა. მანამდე 27 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე ადმიანისტრაციული საზღვარი ჩაკეტილი იყო. აღნიშნული გადაწყვეტილება კი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა წინასაარჩევნოდ მიიღო. ჩაკეტვის მიზეზად  სწორედ „27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს შესაძლო გართულებები“ დასახელდა. 

ახალგორელთა უმეტესობა საზღვრის ჩაკეტვამდე ერთი თვით ადრე ვარაუდობდა, რომ საარჩევნოდ დე ფაქტო საზღვარი ჩაიკეტებოდა და ასეც მოხდა. 

რაიონის ერთ-ერთი მცხოვრები ქსენია ბაბო თავის ბაღში ხიდან ჩამოყრილ ვაშლებს აგროვებდა, ჩვენ რომ გავესაუბრეთ: „ვიცოდი, რომ ჩაკეტავდნენ, მაგრამ ამაზე თავი არ მომიკლავს. ისე მოვწყდი თბილისსა და იქაურ ამბებს, რომ თითქმის აღარც მაინტერეებს როგორ და რა იქნება. უფრო კი იმიტომ მაქვს გული აცრუებული, რომ მაინც უჩვენოდ გადაწყდება ყველაფერი და აუტკივარი თავი რად ავიტკიო“, – ეღიმება ჩვენს რესპოდენტს, თან წითელ-ყვითელ ვაშლებს თლის.   

მისგან განსხვავებით მეუღლეს სურდა არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ჩაკეტილმა ადმანისტრაციულმა საზღვრმა შეუშალა ხელი: „ჩემს ქმარს უნდოდა არჩევნებზე მისვლა. წინასწარ ჩასვლა კი ვერ მოახერხა. შემოდგომაა და ათასი საქმე აქვს აქ. ცოტა გული კი დასწყდა, მაგრამ რახან მარგველაშვილი გავიდა, მერე არა უშავსო – თქვა“, – გვეუბნება ქსენია ბაბო და კვლავ ვაშლების თლას განაგრძნობს. ჩირის გაკეთება აქვს განზრახული და გვერდით ნაჭრებად ალაგებს.

დაბის ქუჩებში სიწყნარეა და 2008 წლის ომის შემდეგ უკვე ტრადიციად ქცეული სიხალვათეა მთელ სიგრძე-სიგანეზე გაფენილი. 
 
„ნეტა, ის დრო მოვიდეს, რომ ოსებმა და ქართველებმა ერთად კარგად დაილაპარაკონ და ახალგორი ისევ ხალხის ჟრიამულით გაივსოს. ამაზე კარგი რა უნდა იყოს ისეთი, რაც ახალმა მთავრობამ მოახერხოს“, – ამბობს ჩვენი მოხუცი რესპოდენტი.

ახალი ამბები