კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„პალიტრა TV“-მ ეთიკური პრინციპები დარღვია - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

22 ოქტომბერი, 2013
 
გელა ბოჩიკაშვილი, media.ge

„პალიტრა TV“-ის ჟურნალისტს, მაკა ქობალიას, ციური ბაკარაძის (კვარაცხელიას) წარმომადგენელმა, შორენა კალანდიამ უნებართვოდ გადაღებული ვიდეოს გამო ჟურნალისტიური ეთიკის ქარტიაში უჩივლა. მაკა ქობალიამ  „პალიტრა TV“-თვის ვიდეო-სიუჟეტი დაამზადა, სადაც ასახული იყო, როგორ უვლიდა დედა 18 წლის წინ გარდაცვლილ შვილს. 

ქარტიისთვის მიმართულ განცხადებაში განმცხადებლი წერს, რომ ვიდეომასალის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე ციური ბაკარანძეს ესტუმრა მაკა ქობალია, რომელსაც სურდა 18 წლის წინ გარდაცვლილი ჯონი ბაკარაძის საფლავი ენახა. ის დასაფლავებული არ იყო და მშობლები უვლიდნენ. განმცხადებლის თქმით, საუბარი ახლობლურად, მეგრულ ენაზე მიმდინარეობდა და ციური ბაკარანძეს არ ჰქონდა მოლოდინი, რომ ეს ვიდეო მედიაში მოხვდებოდა.

შორენა კალანდია, რომელიც ოჯახის გარდაცვლილის ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ გავრცლებული ვიდეომასალით გამოწვეულმა გამოხმაურებამ სასოწარკვეთაში ჩააგდო მარიკა ბაკარანძე - გარდაცვლილის ქალიშვილი, რომელიც თვითმკვლელობით იმუქრებოდა.

ქარტიისთვის მიმართულ განცხადებას თან ერთვის ვეფხვია ჭითანავას განცხადებაც,  რომელმაც ჟურნალისტი ოჯახს დააკავშირა. ჭითანავა წერილში განმარტავს, რომ მაკა ქობალიას ბაკარანძეების ოჯახისთვის თავი „პალიტრა ტვ-ს“ ჟურნალისტად არ წარუდგენია და გადაღებაზე ნებართვა არ უთხოვია.

მაკა ქობალია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერი არ არის. შესაბამისად, ქარტიის საბჭოს წარმოდგენილ განცხადებაზე გადაწყვეტილების გამოტანის უფლება არ აქვს. ქარტიის განცხადებით ჟურნალისტმა უარი თქვა მათთან თანამშრომლობაზე. ამიტომ ქარტია მხოლოდ მოსაზრების დაფიქსირებით შემოიფარგლა.

ქარტია მიიჩნევს, რომ ეთიკური ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი  ინფორმაციის კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდებით მოპოვებაა. ფარულ გადაღებას დაშვებულად კი მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევაში მიიჩნევს.  

„გარდაცვლილი ჯონი ბაკარანძის ცხედრის შენახვის ისტორია არ არის ის მოვლენა, რომელმაც არსებითად შეიძლება შეცვალოს საზოგადოებრივი თვითმმართველობის გარემო, წარმოადგენს მხოლოდ პირადი ცხოვრების სფეროს. ამიტომ ჟურნალისტის წინაშე არ იდგა ფარული გადაღების მეთოდის გამოყენების გადაუდებელი აუცილებლობა“, - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო სტატიაში ჟურნალისტმა პატივი არ სცა და სიფრთხილით არ მოეკიდა სხვა პირების პირად ცხოვრებას.

„პალიტრა TV“ 2013 წლის 15 აპრილიდან ფლობს თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიას. ამის გამო ქარტია მიიჩნევს, რომ ის ვალდებულია დაიცვას ნორმატიული აქტით - „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული პრინციპები  - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გეგმავს მიმართოს „პალიტრა ჰოლდინგის“ მისი მედია-საშუალებებიდან ამ მასალის ამოღების შესახებ.

media.ge-მ მაკა კობალიასთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ მოახერხა.

ახალი ამბები