კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სერგო თეთრაძის გარდაცვალების ეპიზოდზე სასამართლოში ბრალდებულები დაიკითხნენ

20 ნოემბერი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 ნოემბერს მეგის ქარდავას და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე სერგო თეთრაძის გარდაცვალების ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდებულები, ოლეგ ფაცაცია, ვიქტორ ყაჭეიშვილი, რატი მგელაძე, ზვიად კაპანაძე და სერგო ბიწაძე დაიკითხნენ. 

სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების  რეჟიმის უსაფრთხოების განყოფილების უფროსის, ვიქტორ ყაჭეიშვილის განცხადებით,  2011 წლის 23 სექტემბრის საღამოს, ჩვეულებისამებრ, დირექტორ ალექსანდრე მუხაძესთან ერთად ციხის ტერიტორიაზე შემოვლაზე იმყოფებოდა: „ჩვენ ჩავედით კარანტინში, რა დროსაც მუხაძემ ციხის თანამშრომელ ვლადიმერ ბედუკაძეს რომელიღაც პატიმრის მოყვანა დაავალა. ბედუკაძემ ბრძანება შეასრულა და შუახნის მაღალი, ჭაღარა მამაკაცი მოიყვანა. შემდგომში გავიგე, რომ იგი სერგო თეთრაძე იყო. ალექსანდრე მუხაძემ მისი და პატიმრის კარანტინში მარტო დატოვება მოგვთხოვა და მეც, ბედუკაძეც და სხვებიც ზემოთ, სამორიგეო ნაწილში ავედით. დაახლეობით 10 წუთში გავიგეთ ციხის უფროსის  ხმა რაციაში, რომელიც ექიმს იძახებდა. ქვემოთ ჩავედი და ვნახე, რომ თეთრაძე იწვა იატაკზე. მალევე მოვიდა ექიმი და თქვა, რომ პატიმრის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანა იყო საჭირო და წაიყვანეს კიდეც.“ - აღნიშნა  ბრალდებულმა ვიქტორ ყაჭეიშვილმა. 

პროკურორის კთხვაზე, ნახა თუ არა კარნატინში სხვა პატიმრები, ყაჭეიშვილმა მიუგო, რომ თავდაპირველად კარანტინში შესვლისას, თეთრაძის მოყვანამდე, იქ იყვნენ მსჯავრდებულები - სისაური და ტერაშვილი, რომლებიც თავისუფლად გადაადგილდებოდნენ.  მეორედ კარანტინში ჩასვლისას კი ეს პირები იქ აღარ დახვედრიან. შეგახსენებთ, რომ გამოძიების ინფორმაციით, სისაური და ტერაშვილი, მუხაძის დავალებით,   თეთრაძის მიმართ ახორციელებდნენ  ღირსების შემლახავ ქმედებებს და თეთრაძე სწორედ აღნიშნული ქმედების განხორციელების პროცესში გარდაიცვალა.

ყაჭეიშვილმა ასევე განმარტა, რომ სამორიგეო ნაწილში ყოფნის დროს კარანტინიდან ესმოდა გარკვეული ხმები, რომლის ზუსტად გარკვევა შეუძლებელი იყო, თუმცა დაახლოებით იგებდა, რომ მუხაძე თეთრაძეს რაღაცის აღიარებას სთხოვდა, თეთრაძე კი უარზე იყო. 

ყაჭეიშვილის მსგავსი ჩვენება მისცა დაკითხვისას რეჟიმის უფროსმა, ოლეგ ფაცაციამაც. მისი თქმით, მანაც პირველად თეთრაძე 23 სექტემბერს საკარანტინე ნაწილში ნახა და ისიც სამორიგეო ნაწილში იმყოფებოდა, როდესაც მუხაძის ხმა გაიგო, ქვემოთ ჩავიდა და იატაკზე დაწოლილი თეთრაძე ნახა. როგორც ფაცაციამ განმარტა, მას სურდა მიახლოებოდა პატიმარს, თუმცა მუხაძემ ამის საშუალება არ მისცა და ექიმის მოსაყვანად გაგზავნა, ამდენად, ვერაფერს იტყოდა, ჰქონდა თუ არა დაზიანებები თეთრაძეს.

პროკურორის კითხვაზე, აღენიშნებოდა თუ არა დაზიანებები მსჯავრდებულ სერგო თეთრაძეს პირველი შეხვედრისას, ფაცაციამ აღნიშნა, რომ სახეზე დაზიანებები არც თავდაპირველად დაუნახავს, თუმცა ეტყობოდა, რომ პიროვნება ჯანმრთელად არ იყო და მძიმედ გადაადგილდებოდა. ოლეგ ფაცაციამ ასევე დაადასტურა, რომ კარანტინში თავიდან იმყოფებოდნენ პატიმრები - სისაური და ტერაშვილი, მოგვიანებით ისინი იქ აღარ უნახავს. 

სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეში მეგის ქარდავას ბრალი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში, უფლებამოსილების გადამეტებაში ედება და ამჟამად ძებნაშია. მასთან ერთად ბრალი კიდევ 11 პიროვნებას აქვს წაყენებული.

გამოძიების ინფორმაციით, ომის ვეტერანი, ოფიცერი, 57 წლის სერგო თეთრაძე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ჯაშუშობის ბრალდებით, თბილისში 2011 წლის სექტემბერში დააკავეს. თეთრაძის ოჯახს, დაკავებიდან 6 დღეში, აცნობეს, რომ პატიმარი გლდანის მე-8 საპყრობილეში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ამ პერიოდში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ბაჩო ახალაია იკავებდა, მეგის ქარდავა კი, სამხედრო პოლიციას ხელმძღვანელობდა. გამოძიების ინფორმაციით, პატიმრობაში ყოფნის 4 დღის განმავლობაში სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვადასხვა თანამდებობის პირებმა სერგო თეთრაძეს, აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, არაერთცხელ სცემეს, აწამეს, შეულახეს ღირსება. ბრალდების მხარის მტკიცებით, თეთრაძე ძალადობის განხორციელების პროცესში გარდაიცვალა.

ახალი ამბები