კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის საკრებულოში პოლიტიკური გადაჯგუფებები გრძელდება

4 დეკემბერი, 2013
შორენა კაკაბაძე, იმერეთი

"ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა უკვე დაიწყეს ფიქრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ეს პოლიტიკური გადაჯგუფებები სწორედ ამითაა განპირობებული", - ასე აფასებენ ქუთაისის საკრებულოში არსებულ ვითარებას ადგილობრივი პოლიტიკოსები.

ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი," რომელიც ქუთაისის საკრებულოში რამდენიმე თვის წინ ყოფილი "ნაციონალი" და "ქრისტიან-დემოკრატი" წევრებისგან შეიქმნა და სულ 12 დეპუტატით დაკომპლექტდა, დაშლის პირასაა. 3 დეკემბერს ფრაქცია ხუთმა დეპუტატმა დატოვა. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ერთ-ერთმა მათგანმა, ყოფილმა "ნაციონალმა" მერაბ მეშველიანმა ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ "პატრიოტთა ალიანსის" პირობებში მათ ვერ მოახერხეს დასახული იდეების განხორციელება: "სხვა მიზეზი არ არსებობს. არც ისაა სწორი ინფორმაცია, რომ ფრაქციის წევრებს უშიშროება და შს სამინისტროს წარმომადგენლები ზღუდავენ", - განაცხადა მეშველიანმა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკრებულოს "პატრიოტ" წევრებზე ზეწოლა ხდება, გასულ კვირას თავად ფრაქციის თავმჯდომარემ გაავრცელა. კახა ნემსიწვერიძე ღიად საუბრობდა იმაზე, რომ უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები სათითაოდ იბარებენ ფრაქციის წევრებს და ეწევიან მათთან კონსულტაციებს. მისივე განმარტებით, ხდება მათი დაშინება.

ნემსიწვერიძე არ აკონკრეტებს, კერძოდ რომელი დეპუტატები დაიბარეს უშიშროებაში, თუმცა აცხადებს, რომ ფრაქციაში მიმდინარეობს კონსულტაციები ამ კუთხით და უახლოეს მომავალში არაერთ ფაქტს მოეფინება ნათელი: "ერთი კი ცხადია, ფრაქციის დაშლა-არდაშლა და სხვა არაერთი საკითხი საკრებულოში, ფრაქციაში უნდა წყდებოდეს და არა უშიშროებაში", - აცხადებს ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე კახა ნემსიწვერიძე.

აღნიშნულ პროცესებს ქუთაისის ახლადდანიშნული მერის მოვალეობის შემსრულებლის შოთა მურღულიას პოზიციის გაძლიერებას უკავშირებენ ფრაქცია "ნაციონალების" წარმომადგენლები. გია გოქაძის განმარტებით: "ერთი ფრაქცია დაიშალა, მეორე გაძლიერდება. ვგულისხმობ "ქართულ ოცნებას," რომელსაც ჭირდება მრავალრიცხოვნება და ერთობა იმისთვის, რომ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დაკავებულ თანამდებობაზე ხანგრძლივი დროით დარჩეს. შესაბამისად, მარტივი ამბავია: საკრებულოს "პატრიოტები" "მეოცნებეები" გახდებიან, რათა სამომავლოდ გაძლიერდნენ და შესაბამისად, "ქართული ოცნების" ხელდასმული მურღულიას პოზიციები გაამყარონ."

"ნაციონალების" ვერსიას არ ეთანხმება, მეტიც - აპროტესტებს თავად შოთა მურღულია. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის პოსტის დათმობის ხარჯზე, 21 ნოემბერს დაინიშნა, ის "ნაციონალების" განცხადებებს არასერიოზულს უწოდებს.

"მე აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ. რა ხდება ქუთაისის საკრებულოში, რა პოლიტიკური ცვლილებელია, მე არ მეხება. არ არის ჩემი საქმე", - აცხადებს შოთა მურღულია. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში საკრებულოს ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსს" კიდევ არაერთი წევრი დატოვებს. 

ახალი ამბები