კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასწრაფო გადაუდებელი სამსახურის და საექიმო ამბულატორიების თანამშრომლები სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადების დაწერას აპირებენ

9 დეკემბერი, 2013
 
ნინო მშვიდობაძე, ლანჩხუთი

ლანჩხუთის სასწრაფო გადაუდებელი სამსახურისა და საექიმო ამბულატორიის თანამშრომლებმა გამაფრთხილებელი აქცია მოაწყვეს.Humanrights.ge-სთან საუბარში მათ განაცხდეს, რომ აქციის მიზეზი სახელფასო დავალიანებებია:

„ჩვენი ხელფასი თვეში 360 ლარია, ექთნების - 240, ხოლო მძღოლების - 210 ლარი. ბოლო სამი თვეა ხელფასის ნახევარი გვერიცხება, ანუ ექიმებს - 180, ექთნებს - 120 და მძღოლებს - 105 ლარი. დარჩენილი თანხა როდის ჩაგვერიცხება არავინ იცის, გვეუბნებიან, რომ სახელმწიფოსა და სადაზღვევო კომპანია „ალფას“ შორის დავა მიმდინარეობს. ჩვენ უკან კი ოჯახი, სტუდენტი შვილები დგანან. თანაც თითოეულ ჩვენგანს ბანკის ვალი გვაქვს,“ - გვითხრა ლანჩხუთის სასწრაფო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა მიხეილ ბარამიძემ.

მედპერსონალის თქმით, მას შემდეგ, რაც სათაო ოფისმა ხელშეკრულება გააფორმა „ალფასთან“ და აღნიშნული კომპანია რიცხავს მათი ხელფასის ნაწილს, მათ ანაზღაურება სრულად არ მიუღიათ: „მხოლოდ სახელმწიფო გვირიცხავს თავის კუთვნილ თანხას, „ალფას“ კი ჩვენს მიმართ უკვე სამი თვის დავალიანება აქვს,“ - ამბობს სასწრაფო დახმარების ექიმი ნათია კილაძე.

როგორც მათგან გავიგეთ, ისინი არც ფასიანი შვებულებით სარგებლობენ: „ხელშეკრულებაში შვებულებაზე არაფერია ნათქვამი. არსად წერია, რომ საშვებულებო თანხა უნდა მოგვეცეს, ამიტომ შვებულებით არც გვისარგებლია,“ - უთხრეს მათ Humanrights.ge-ს.
ლანჩხუთის სასწრაფო დახმარების განყოფილების უფროსის, მიხეილ ბარამიძის თქმით, ეს გამაფრთხილებელი აქციაა, რადგან უკვე სამი თვეა სასწრაფოს ექიმები ხელფასის ნახევარს იღებენ: „ჩვენ სხვა გზა აღარ დაგვიტოვეს იმის გარდა, რომ გამაფრთხილებელი აქცია გავმართოთ. გაფიცვას ვერ მოვაწყობთ, გვეკრაძლება, მაგრამ პირველი იანვრიდან დავწერთ განცხადებას და მოვძებნით სხვა სამსახურს, სხვა გზა არ გვრჩება, თუმცა ახალი სამსახურის ჩვენს პირობებში როგორი მოსაძებნია, ეს ყველას კარგად მოგეხსენებათ“,  - დასძინა ბარამიძემ.

რაც შეეხება საშვებულებო თანხას, ბარამიძის თქმით, ეს ანაზღაურება ხელშეკრულებაში არაა დაფიქსირებული: „ჩვენ სათავო ოფისს აქვს  ხელშეკრულება „ალფასთან“გაფორმებული, სადაც ვიცი, რომ არაფერი წერია საშვებულებო ანაზღაურებაზე, მაგრამ რა არის ამის მიზეზი, მე ვერ გეტყვით“, - ამბობს განყოფილების ხელმძღვანელი.

ჩვენ  დავუკავშირდით სადაზღვევო კომპანია „ალფას“ პრესსამსახურის წარმომადგენელს, ლალი ბრეგვაძეს: „აღნიშნულ საკითხზე კომენტარისათვის ვუკავშირდებოდი ხელმძღვანელს, მაგრამ ვერ მოვახერხე, მე კი ამ საკითხში არა ვარ კომპეტენტური და პასუხასც ვერ გაგცემთ“.

ლანჩხუთის სასწრაფო დახმარების ექიმებმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს სახელზე წერილი გააგზავნეს, რომელშიც სწორედ აღნიშნულ პრობლემაზე საუბრობენ.

ახალი ამბები