01:44, Sunday, 18.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს პროგრესი და ხარვეზები განიხილეს

13.12.2013

 
სივილ ჯორჯია

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, სახალხო დამცველმა და ზოგიერთმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ძირითადი ტენდენციები შეაფასეს,  აღნიშნეს პროგრესი და პრობლემებსა და გამოწვევებზეც ისაუბრეს.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ წლის განმავლობაში „ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად“ შეიძლება შეფასდეს სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია.

თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა უმცირესობების ჯგუფების მიმართ „შეუწყნარებლობის“ შემთხვევები კვლავ „მწვავე“ საკითხად რჩება. მისი თქმით, სახელმწიფომ ვერ მოახდინა ადეკვატური რეაგირება იმ ინციდენტებზე, რომელთაც სხვადასხვა სოფლებში ჰქონდა ადგილი, როდესაც მუსლიმ თემს ადგილობრივი მართლმადიდებელი ქრისტიანები არ აძლევდნენ ლოცვის რიტუალის ჩატარების საშუალებას. მან ასევე აღნიშნა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება პოლიციის მხრიდან ან უმოქმედობის ან არაადეკვატური რეაგირების გამო. კერძოდ, მან გაიხსენა 17 მაისის ინციდენტი, როდესაც ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფს კონტრდემონსტრანტები დაესხნენ თავს და ასევე 20 ივლისის ინციდენტი, როდესაც ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის პარტიის აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე განხორციელდა თავდასხმა.

ნანუაშვილმა განაცხადა, რომ ციხეებში სიტუაცია გაუმჯობესდა, თუმცა მან ციხის მაყურებლების გაზრდილ როლზეც ისაუბრა.    

მისი თქმით, მაყურებლები ციხეებში წლების განმავლობაში არსებობდნენ, მაგრამ წელს ეს ინსტიტუტი გაძლიერდა. მან ასევე განაცხადა, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო ამ პრობლემის გადასაჭრელად.

სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა უარყო ეს ბრალდება და განაცხადა, რომ მაყურებლებს წინა ადმინისტრაცია  პატიმრების დასასჯელად იყენებდა, მაგრამ ახალმა ადმინისტრაციამ ეს პრაქტიკა აღმოფხვრა.

მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის აკაკი მინაშვილის სიტყვების გავლენის ქვეშ მოექცა. მინაშვილი ხშირად ადანაშაულებს სასჯელაღსრულების მინისტრს ციხეებში მაყურებლების როლის ხელშეწყობის გამო.

თბილისში 4 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ გამართულ კონფერენციაზე საუბრისას, თომას ჰამარბერგმა, რომელიც ევროკომისიამ ევროკავშირის სპეციალურ მრჩევლად დანიშნა საქართველოში სამართლებრივი და საკონსტიტუციო რეფორმის და ადამიანის უფლებათა საკითხებში, განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში „რადიკალური გაუმჯობესებებია“. თუმცა, მან ასევე გააფრთხილა, რომ ციხეებში ისეთი სიტუაციის შექმნის რისკი არსებობს, როდესაც ზოგიერთი პატიმარი სხვა პატიმრებზე კონტროლს ახორციელებს და „ასევე შესაძლოა იყოს ძალადობის რისკი“. „რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ამაზე თვალი გვეჭიროს“, – განაცხადა მან.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა 10 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომ „ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვა მთელი რიგი მიმართულებებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა“.

„სახელმწიფო უკეთ ასრულებს ე.წ. ნეგატიურ ვალდებულებას, რაც უფლებებში უკანონო და მიზანმიმართული ჩარევისაგან თავის შეკავებას გულისხმობს. უნდა ითქვას, რომ ადამიანის უფლებათა თემებთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგისა და თანამშრომლობის ხარისხი გაუმჯობესდა (მაგალითად, საიას და მისი პარტნიორი ორგანიზაციების საკმაოდ მნიშვნელოვანი და პრინციპული შენიშვნები ცალკეულ შემთხვევებში მხედველობაში იქნა მიღებული პარლამენტში შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისას). ამ პერიოდის კიდევ ერთი ტენდენცია იყო კანონშემოქმედებით პროცესში საზოგადოების ჩართვა კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდეც, რაც ცალსახად დადებითია; მიგვაჩნია, რომ ეს შესაძლებლობა მომავალში კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს“, – განაცხადა საიამ.

საიამ დადებით ტენდენციებთან ერთად, გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება და სასამართლო რეფორმის შემდგომი გაგრძელების საჭიროებას გაუსვა ხაზი. მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისკენ გადადგმული „მნიშვნელოვანი“ ნაბიჯი უწოდა. თუმცა ასევე განაცხადა, რომ შემდგომი ზომებია საჭირო ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობისთვის მეტი გარანტიების შესაქმნელად.

ორგანიზაციამ კანონის წინაშე ძალოვანი სტრუქტურების „ანგარიშვალდებულების“ საკითხიც წამოწია. საიამ განაცხადა, რომ წლის განმავლობაში მას არაერთხელ მოუწია ყურადღების გამახვილება „პოლიციელთა მხრიდან კანონის დარღვევისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე“. „სამწუხაროდ, თითქმის ყველა მსგავს ფაქტზე ან გამოძიება არ დაიწყო ან დაწყებული გამოძიება სწრაფად, ეფექტურად და ობიექტურად არ წარიმართა“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

საიამ ასევე წამოწია რელიგიური და სექსუალური უმცირესობების უფლებების დარღვევის შემთხვევები, ასევე მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დასაცავად მეტი ძალისხმევის მიმართვის საჭიროება.

საიამ მთავრობა იმის გამოც გააკრიტიკა, რომ მან მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ კანონპროექტიშეაჩერა; ამგვარი კომისიის შექმნის საკითხი წლის განმავლობაში განიხილებოდა; პროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, თუმცა მთავრობამ მისი განხილვის სამართლებრივი პროცედურები შეაჩერა იმ მოტივით, რომ სახელმწიფო არ არის მზად მოსალოდნელი ფინანსური კომპენსაციების გასაცემად.

ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა თომას ჰამარბერგმა 4 დეკემბერს კონფერენციაზე საუბრისას განაცხადა, რომ წარსულის მიმართ „სისტემური მიდგომის“ გამოჩენაა საჭირო.

„ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სავსებით ნორმალურია, რომ იყოს პერიოდი, როდესაც ადამიანი უკან იყურება“, – განაცხადა მან, თუმცა პროცესის გაჭიანურების წინააღმდეგ გააფრთხილა.  

„მიმაჩნია, რომ უნდა იყოს წარსულის სისტემური ხედვა... უნდა ვეცადოთ, რომ არ გავაჭინაუროთ ეს პროცესი, რადგანაც ქვეყანა წინ უნდა წავიდეს და არ უნდა გაიჭედოს წარსულში“, – განაცხადა ჰამარბერგმა, რომელიც 2006–2012 წლებში ევროპის საბჭოს კომისარი იყო ადამიანის უფლებათა საკითხებში. 

ადამიანის უფლებათა დღისადმი მიძღვნილ წერილობით განცხადებაში პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა 10 დეკემბერს, რომ ადამიანის უფლებები პრიორიტეტს წარმოადგენს და მთავრობამ ეს „არაერთხელ განაცხადა და საქმითაც დაამტკიცა“.

გასულ კვირას მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების დაწყების შესახებ გააკეთა განაცხადი, რომელიც თომას ჰამარბერგის მიერ სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშს დაეფუძნება.

4 დეკემბრის კონფერენციაზე საუბრისას, რომელიც  ადამიანის უფლებათა დაგეგმილ სტრატეგიას და მის სამოქმედო გეგმას მიეძღვნა, ჰამარბერგმა ხაზი გაუსვა იმ სისტემის ამუშავების მნიშვნელობას, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევების წინააღმდეგ იქნება მიმართული და პრევენციაზე გაამახვილებს ყურადღებას.

„საჭიროა ინსტიტუტების გადახედვა საზოგადოებაში. როდესაც საქმე ადამიანის უფლებებს ეხება, საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ მომხდარზე სწრაფი რეაგირება მოახდინო, არამედ ეს არის საზოგადოების ისეთი სისტემის ორგანიზების თემა, რომ ადამიანის უფლებების [დარღვევას] რაც შეიძლება ნაკლებად ჰქონდეს ადგილი“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ძალთა ბალანსისა და გაწონასწორების იმგვარი სისტემა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, სადაც პრობლემები ადრეულ ეტაპზევე იქნება მოგვარებული.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC