კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩავარდნილი „ნარინიჯისფერი“ შემოდგომა აჭარაში

25 დეკემბერი, 2013
 
მაკა მალაყმაძე, თამარ ოგანოვა, აჭარა

აჭარაში მანდარინის მოსავლის რეალიზაციით მოსახლეობა უკმაყოფილოა. უამინდობის გამო, მოსავლის ნაწილი ჯერ კიდევ დაუკრეფავია. დაკრეფილი კი, ან ყუთებში აწყვია და მყიდველს ელოდება, ან ნისიადაა გაყიდული. თავისმხრივ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ „ნარინჯისფერი“ შემოდგომის წარმატებისთვის, მათ ყველაფერი გააკეთეს.

მაგული ქავთარაძე ახალსოფლის მკვიდრია. 1 ტონა სტანდარტული მანდარნი მან უკვე გაყიდა, დანარჩენი მანდარინი კი კვლავ მოსაკრეფი აქვს: „შერჩევით მოვკრიფე, რადგან კარგი მანდარინის კლიენტიც კი არ იყო და შედარებით პატარა ზომისა, აღარ მომიკრეფია. 4 ტონაზე მეტი იქნება დარჩენილი. ეს მოკრეფილიც ნაცნობობით 40 თეთრად წაიღეს, ოღონდ ნისიად. იმედი მაქვს თანხა მომივა. შარშანდელთან შედარებით უფრო კარგი და მეტი მოსავალი მაქვს, მაგრამ სეზონი ჩამივარდა“.

ფერიდე ბერიძეს, რომელიც სოფელ ფერიის მკვიდრია, მანდარინის გადარჩევა ყოველკვირეულად უწევს: „კვირაში ერთხელ ვარჩევ და ვედრობით დამპალ მანდარინს ვიღებ. 5 ტონამდე იქნებოდა მოკრეფილი თავის დროს. რაც მოვკრიფეთ მიდევს სახლში, მყიდველი კი არ ჩანს. ბათუმში რამდენჯერმე ჩავიტანე გასაყიდად, მაგრამ ძალიან დაბალია ფასი. დიდი ზომის მანდარინში 35 თეთრი ძლივს გადამიხადეს. წელს მოსავალი კი იყო, მაგრამ მყიდველია ცოტა“.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნარინჯისფერ შემოდგომას მომზადებული დახვდნენ: „სამინისტრომ 1 ლარად გადასცა ყოფილი პავილიონების შენობა-ნაგებობები მეციტრუსეებს და შეთანხმება იყო, რომ ევროპული სტანდარტების ყუთები გაეთებინათ და მოსავალი გადასაზიდათ მოემზადებინათ. ასეთი 12 საწარმო მუშაობს“, -  აღნიშნა humanrights.ge-სთან საუბარში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ავთანდილ მესხიძემ.

ოფიციალური ინფორმაციით, ციტრუსის მიმღები საწარმოები აჭარაში 1 ნოემბრიდან მუშაობენ. თუმცა, რიგ სოფლებში ციტრუსის შემფუთავ-დამხარისხებელი საწარმოები დაკეტილია. 6 დეკემბერს, ქობულეთის საწარმოების ნაწილი _ მუხაესტატეს, ცეცხლაურისა და კვირიკეს სოფლებში აჭარის უმარლესი საბჭოს უმცირესობის წევრს, ირაკლი ბარამიძეს და რეზო ხარაზს დაკეტილი დახვდათ. ხოლო სოფელ ქაქუთში არსებულმა მანდარინის საწარმო ქარხანამ 60 ტონა ციტრუსი უკვე მიიღო და აღარ ფუნქციონირებს.
 
მანდარინის უხვი მოსავალი გლეხების შემოსავალზე არ აისახა. ისინი იძულებული არიან მოსავალი დაბალ ფასადაც გაყიდონ, მაგრამ მყიდველი არ არის. თავის მხრივ, მანდარინის გადამზიდავები დიდ ხარჯებს უჩივიან.
ჯემალ ბერიძე, ციტრუსის გადამზიდველი: „მანდარინი სწრაფად ფუჭდება. გადაზიდვის მომსახურება კი არც ისე კარგია. რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა მანდარინი უკრაინაში წაიღო და გემი 10 დღის დაგვიანებით ჩავიდა. ამ პერიოდში კი მანდარინი გაუფუჭდა. ცალკე, ფასებია პრობლემა. უკრაინაში 500 დოლარია გადასახადი, რაც საკმაოდ მაღალია“. 

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ავთანდილ მესხიძე ფასებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ქვეყნის შიდა გადასახადებში ვერ ჩაერევიან: „ჩვენ გამო გადასახადებს ისინი არ შეამცირებენ. ერთადერთი უკრაინასთან დაკავშირებით მოვახერხეთ რომ 600 დოლარი 500 დოლარამდე შეამცირეს. რუსეთში კი გადასახადი 235 დოლარია“. 

მინისტრის მოადგილე მანდარინის მყიდველების სიმცირეს უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური სიცტუაციით ხსნის: „მეციტრუსესთან კლიენტს სამინისტრო ვერ მიიყვანს. ნაკლები მყიდველები კი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამოა. სიტუაცია დასტაბილურდება და უფრო მეტი მანდარინი გავა უკრაინაში“.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 18 000 ტონა არასტანდარტული მანდარინის, ე.ი. ენესის მიღებას ქობულეთის ახალსოფლის საწარმოში გეგმავს. ეს ერთადერთი საწარმოა აჭარაში, სადაც გლეხს კილოგრამ მანდარინში 10 თეთრს, ხოლო მთავრობა სუბსიდიის სახით _ კიდევ 10 თეთრს დაუმატებს. საწარმოში მანდარინის მიღებას კი გლეხები დღეების განმავლობაში რიგში დგომის შემდეგ ძლივს ახერხებენ. „გუშინ დავდექი და ჯერ კიდევ ხომ ხედავ რამდენია ჩემს წინ. ძალიან ნელა მუშაობენ. მანქანაში ვზივარ, თორემ კი გავიყინებოდი ღამით“, - აღნიშნა რიგში მდგომმა დავით ნოღაიდელმა.
  
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამ დროისათვის ბათუმისა და ფოთის პორტებიდან ციტრუსით დატვირთული 6 ბორანია გასული. საერთო ჯამში საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტით საქართველოდან ექსპორტირებულია  30 000 ტონა ციტრუსი. 

ახალი ამბები