კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დარღვეული კანონი და დაუჯარიმებელი საარჩევნო სუბიექტები

30 დეკემბერი, 2013
 
მაკა მალაყმაძე, სალომე ლაბაძე, აჭარა

ორი თვე გავიდა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების გამართვიდან. თუმცა, ბათუმის ქუჩები პრეზიდენტობის კანდიდატების საარჩევნო პლაკატებისაგან ჯერ კიდევ არ გასუფთავებულა. უფრო მეტიც, რამდენიმე ადგილას გასული არჩევნების პლაკატებსაც კი ვხვდებით. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს კი, საარჩევნო სუბიექტები საარჩევნო კოდექსით გათვალისიწნებული ვადის გასვლის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ დაუჯარიმებია.  

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. საპრეზიდენტო არჩევნებიდან ამ ვადის ათვლა 12 ნოემბრიდან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ კანონით გათვალისწინებულ ვადაზე ბევრად მეტი გავიდა, საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნაზე არც ერთ არჩევნებში მონაწილე სუბიექტს არ უზრუნია.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ბათუმის რამდენიმე ცენტრალური ქუჩაზე (ჭავჭავაძე, წერეთელი, პუშკინი, ვაჟა-ფშაველა, ზ.გორგილაძე) და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. განათების ბოძებზე, მშენებარე შენობების შემოსაზღვრულ კედელზე, შენობების კედლებზე  - ყველაგან, საარჩევნო სააგიტაციო მასალებია.   

რატომ ირღვევა საარჩევნო კოდექსი და დარღვევის შესაბამისად, დაჯარიმდნენ თუ არა საარჩევნო სუბიექტები - ამ კითხვებზე პასუხისათვის ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დავუკავშირდით. სამსახურის უფროსის, გოჩა ძნელაძის განცხადებით, მისი თანამშრომლები სააგიტაციო მასალის აღწერით არიან დაკავებული: „აღწერა მიდის იმისა, თუ რომელ ადგილებშია ეს პლაკატები გაკრული. ჩვენი სამსახურის 7 თანამშრომელი მუშაობს. შემდეგ წერილს გავუგზავნით პოლიტიკურ პარტიებს, რომ ჩამოხსნან. ეს ალბათ, 2014 წლიდან მოხდება“.

შეკითხვას თუ რატომ აქამდე არ მოხდა მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ვალდბულების შესრულება, ძნელაძე ვერ პასუხობს. 

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, გოჩა ძნელაძემ ვერც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო პლაკატს იხსენებს, რომელიც დღემდეა ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული სამკერვალო ფაბრიკა - „ბათუმი ტექსი“-ს კედელზე: „გასული არჩევნების პლაკატები არ შემხვედრია არსად და არც არავინ დაგვიჯარიმებია“. აღსანიშნავია ისიც, რომ ჭავჭავაძის ქუჩა ბათუმში ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელის გია ქარცივაძის განცხადებით, ზედამხედველობის სამსახური კანონით გათვალისწინებულ ნორმას არღვევს: „ქალაქში გასული წლების არჩევნების სააგიტაციო მასალას დღემდე ვხდებით. ნორმა, რომლის თანახმადაც ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია შესაბამის პოლიტიკურ სუბუექტს მიუთითოს, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დააჯარიმოს, რატომრაც არ სრულდება. შესაბამისად, სამსახურის უფროსს უნდა დაეკისროს დისციპლინალური პასუხისმგებლობა, რომელიც გათავისუფლებასაც ითვალისწინებს“.

თვითონ, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო მასალის ჩამოუხსნელობას შემდეგი მიზეზებით ხსნიან: „ჩვენმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ არჩევნების შემდეგ პლაკატების რაღაც ნაწილი ჩამოხსნა, მაგრამ არა სრულად. მართალია, რომ ჯერ კიდევ ვერ მივეჩვიეთ პლაკატების ჩამოხსნას. მე არ ვიქნები დაჯარიმების წინააღმდეგი“- გიორგი კირთაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

ლაშა სირაბიძე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“: „მე ვერ გიპასუხებთ მაგ შეკითხვაზე, რადგან გიორგი მარგველაშვილი კოალიციის კანდიდატი იყო. აჭარაში კი, 2013 წლის არჩევნებზე, კოალიციის კოორდინატორი თამაზ თურმანიძე იყო“.

თამაზ თურმანიძე, კოალიციის კოორდინატორი აჭარაში 2013 წლის არჩევნებზე: „მე აღარ ვმუშაობ კოალიციაში. თვითონ კოალიციის სათაო ოფისს შეეხმიანეთ“.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფიციალური ვებ-საიტზე განთავსებული საკონტაქტო ტელეფონის ნომერი  219 77 11 კი დროებით მიუწვდომელია, შესაბამისად ჩვენ მათთან დაკავშირება ვერ შევძელით.

კანონმდებლობით, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საარჩევნო კოდექსით გათბვალისწინებულ ვადაში სააგიტაციო მასალაც არ ჩამოხსნის, პირველად 50 ლარით, ხოლო გაფრთხილების შემდეგ, 500 ლარით ჯარიმდება.

ახალი ამბები