კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საშობაო ეპისტოლეს გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება

10 იანვარი, 2014
 
ნინო დევიძე  

8 იანვარს საპატრიარქოს წინ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.  პატრიარქის მიერ საშობაო ეპისტოლეში გამოთქმული მოსაზრებების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციამ ოთხი პირი დააკავა. 

წლევანდელ საშობაო ეპისტოლეში, რომლის გარშემო ვნებათაღელვა დღემდე არ ცხრება, ყურადღება ოჯახურ ტრადიციებზე, მრავალშვილიანობის დადებით მხარეებზე, ოჯახში ქალისა და მამაკაცის როლზე, აბორტებსა და სექსუალურ უმცირესობებზეა გამახვილებული. საზოგადოების განსაკუთრებულად მძაფრი რეაქცია  ეპისტოლეს იმ ნაწილმა გამოიწვია, სადაც ხელოვნური განაყოფიერებითა და სუროგაციის გზით გაჩენილ ბავშვებზეა საუბარი. 

პატრიარქის თქმით, მეცნიერულ-ტექნიკურმა წინსვლამ დღის წესრიგში ისეთი მძიმე ეთიკური საკითხები დააყენა, როგორიც მანამდე არ სმენოდა კაცობრიობას: „შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისთვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში. პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა“. 

ეპისტოლეს ამ ნაწილს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ეპისტოლეში გამოთქმული ეს მოსაზრება რისკის შემცველია. უჩა ნანუაშვილის აზრით, ეკლესიის მიერ ისეთ საკითხებზე მსჯელობისას, რამაც კონკრეტული ადამიანების, მით უმეტეს, ბავშვის უფლებები შეიძლება შელახოს, მეტი სიფრთხილეა საჭირო: „მსგავსი ტიპის განცხადებებმა, შეიძლება ხელი შეუწყოს ხელოვნური განაყოფიერებისა და სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მიმართ საზოგადოებაში დისკრიმინაციული შეხედულებების ჩამოყალიბებას და მათ მიმართ საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულების ფორმირებას, რამაც შესაძლოა მომავალში მათი სტიგმატიზაცია და საზოგადოებიდან გარიყვა გამოიწვიოს“. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია კი, საზოგადოებაში გამოწვეულ ვნებათაღელვას მხოლოდ ეპისტოლეში გამოთქმულ მოსაზრებებს არ უკავშირებს: „მთელს ამ პროცესში არ ჩანდა ადამიანი და მის მიმართ სათუთი დამოკიდებულება. მე, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი, ვთვლი, რომ უზენაესი ღირებულება არის ადამიანი, ეს იყო და არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური განაცხადი და სწორედ ამ ღირებულების გაზიარებით მოვხვდი პარლამენტში. საქართველოს კონსტიტუცია იცავს თითოეული მათგანის უფლებას“.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკე ბესელიას განცხადებით: „ჩვენ გულს ვტკენთ პატრიარქს დაუმსახურებლად. პატრიარქს, რომელიც ყველაზე დიდი მაგალითი გვყავს სიყვარულის, მიმტევებლობის და თავმდაბლობის. პატრიარქი არ არის კანონმდებელი. იგი ეკლესიიის წინამძღოლია და ქრისტიანული დოგმებით და სჯულის კანონით საუბრობს. ვისაც ეს არ მოწონს არ იღებს ამ წესს, ვინც იზიარებს იღებს. ბევრი ევროპული ქვეყანა საკანონმდებლო დონეზე კრძალავს სუროგაციის მეთოდს. ჩვენთან ეს ბიზნესი გახდა და ტრეფიკინგის წყარო...თუმცა ვინც ამ გზით მოევლინა სამყაროს მართლაც ისეთივე მშვენიერია და უსაყვარლესი როგორც ყველა სხვა ბავშვი, როგორც ჩვენი შვილები”. 

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ კი, პატრიარქს ასე მოუწოდა: „ იმ ოჯახებს, რომლებშიც იზრდებიან ხელოვნური განაყოფიერების შედეგად ან სუროგატი დედის დახმარებით გაჩენილი შვილები, დაუბრუნეთ რწმენა, რომ  ეს ბავშვები ღვთის საჩუქარი არიან და არა ღვთის რისხვა“. 

საშობაო ეპისტოლეს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც გამოეხმაურა: „ექსპერტებს, რომლებმაც ეპისტოლესათვის ეს საკითხი მოამზადეს, ალბათ უფრო ღრმა და დახვეწილი ანალიზი უნდა ჩაეტარებინათ.“

საზოგადოების მხრიდან ეპისტოლეზე გამოთქმულ არაერთგვაროვან დამოკიდებულებას საპატრიარქომ განმარტებით უპასუხა და აღნიშნა, რომ ეკლესია სუროგაციის და განაყოფიერების გზით დაბადებულ ბავშვებს არ უპირისპირდება: “პირიქით, ამ პატარებს ეკლესიისგან მეტი სითბო, სიყვარული და დალოცვა სჭირდებათ. ამიტომაც არის, რომ ასეთი ბავშვები პატრიარქის ნათლულებიც არიან და ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მეთოდი მისაღებია. ეკლესია პატივს სცემს ნებისმიერი ადამიანის თავისუფალ არჩევანს, მაგრამ სადაც თვლის, რომ არასწორ ქმედებას აქვს ადგილი, უთითებს“. 

ეპისტოლეში ასევე საუბარია ოჯახში ქალისა და მამაკაცის როლზე. პატრიარქის თქმით ქალი, მამაკაცს უნდა ემორჩილებოდეს:  "ოჯახში მეუღლეები ერთმანეთს სიყვარულით უნდა ემსახურონ, თუმცა იერარქია ყოველთვის უნდა იყოს დაცული. ის, რომ მამაკაცი თავია ოჯახისა, არ ნიშნავს მის ბატონობას, არამედ მის მსხვერპლშეწირულ მსახურებას, მის პასუხისმგებლობას ცოლისა და შვილებისადმი. იგია მათი დამცველი, მომპოვებელი არსობის პურისა და ამასთან, ღვთისმმსახური თავისი სახლისა. მან უნდა გამოითხოვოს უფლისაგან წყალობა, სიყვარული და მადლი ოჯახის წევრებისათვის. ქალი პასუხისმგებელია სახლზე, მისი წევრებისათვის ზრუნვაზე, შვილების აღზრდაზე. იგი ღვთის მცნებების გათვალისწინებით უნდა დაემორჩილოს ქმარს, თუნდაც, რომ ერთი შეხედვით ამის განხორციელება შეუძლებელი იყოს, რადგან ამით აღასრულებს უფლის ნებას (თუმცა ეს არ ნიშნავს ცოდვასა და არასწორ ქმედებებში მორჩილებას)“.

სამოქალაქო საზოგადოებამ ეპისტოლეს ეს ნაწილიც უარყოფითად შეაფასა. გენდერის სპეციალისტის ნათია გვიანიშვილის თქმით, ეპისტოლეში კვლავ გრძელდება ქალების სტიგმატიზაციის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს საპატრიარტო აქამდეც აწარმოებდა: „ასეთი ტიპის განცხადებები ამყარებენ საზოგადოებაში გამეფებულ სტერეოტიპს ქალზე, როგორც მეორეხარისხოვან მოქალაქეზე, რომელიც ვიღაცის მორჩილი უნდა იყოს და, რომელსაც ოჯახის რჩენა და დამოუკიდებელი ცხოვრება არ შეუძლია. ამან შეიძლება ოჯახში ძალადობის დონის ზრდასაც შეუწყოს ხელი, რაც ისედაც ძალიან მძიმედ დგას  ჩვენს ქვეყანაში“

ახალი ამბები