კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების სასამართლო მონიტორინგის შედეგები წარადგინა

17 იანვარი, 2014
 
ნინო დევიძე

14 იანვარს ადამიანის უფლებათა ცენტრმა ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესების ერთწლიანი მონიტორინგის შედეგები წარადგინა. 
NED - ის მიერ დაფინანსებული პროექტი 2013 წლის 15 იანვრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესების მონიტორინგს მოიცავს. ანგარიშში თავმოყრილია ისეთი გახმაურებული საქმეების სასამართლო მონიტორინგის შედეგები, როგორიცაა: ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას, თენგიზ გუნავას, ნიკა გვარამიასა და სხვა მაღალჩინოსანთა სასამართლო პროცესები.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ალეკო ცქიტიშვილის თქმით, მონიტორინგის მიზანი იყო ხელი შეეწყო სასამართლოს გამჭვირვალობისთვის და ასევე, დაკვირვებოდა, რამდენად იყო უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს პრინციპი სასამართლო ხელისუფლების მიერ: „მთავარი დაკვირვება,  რაც ამ ერთწლიანი მონიტორინგის შემდეგ გამოვლინდა, არის ის, რომ სასამართლო დღესდღეობით უფრო თავისუფალია  და ის, დიდწილად გათავისუფლდა პროკურატურის გავლენისაგან“. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელთა თქმით, მონიტორინგის ფარგლებში მონიტორები ამზადებდნენ სხდომების ნარატიულ აღწერას და ასევე, ავსებდნენ სპეციალურ კითხვარებს. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ცენტრის ჟურნალიტსი წერდა სასამართლო რეპორტაჟებს, რომლებიც www.humanrights.ge-ზე ქვეყნდებოდა.
 
მონიტორინგის პროექტის ხელმძღვანელის,  ნინო ცაგარეიშვილის განცხადებით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი ძირითადად დაცული იყო: „დაცვასა და ბრალდებას, თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი პოზიციის წარმოსადგენად. თუმცა ბაჩანა ახალაიას სასამართლო პროცესებზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა. ადვაკატების შეკითხვები მოწმეთა მიმართ ხშირად იყო აგრესიული. იყო შემთხვევები, როცა ადვოკატი მოწმეს  არარელევანტურ კითხვებს უსვამდა.  გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვების გადაწყვეტილება კი, მოკლებული იყო სათანადო სამართლებრივ დასაბუთებას. ”

მონიტორინგის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ სასამართლო პროცესების ვიდეოგადაღების უფლებამოსილების მინიჭებასთან დაკავშირებით საჭიროა კანონმდებლობის დახვეწა. სასამართლო პროცესების გადაღების უფლება უნდა მიეცეთ ინტერნეტ ტელევიზიებსაც.

ერთ-ერთ საქმეში საჯარო სასამართლო სხდომა შეიცავდა მსხვერპლის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი, მათ შორის სექსუალური ხასიათის ქმედების დეტალურ აღწერას. ნინო ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლის ინტერსების დაცვის მიზნით, პირის ღირსება და პირადი ცხოვრების დაცვა უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო მოსამართლის მიერ და სხდომა უნდა დახურულიყო.

ასევე,  პრობლემას წარმოადგენდა ისიც, რომ ზოგიერთ პროცესზე, სხდომათა დარბაზის სიმცირის გამო, მოქალაქეების ნაწილი დასწრებას ვერ ახერხებდა. ადამიანის უფლებათა ცენტრი რეკომენდაციით მიმართავს სასამართლოს, რომ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების სასამართლო სხდომები უფრო დიდ დარბაზებში გაიმართოს, რათა სასამართლო პროცესი იყოს მაქსიმალურად საჯარო და ყველა დაინტერესებულ პირს მიეცეს პროცესზე დასწრების შესაძლებლობა.  

ახალი ამბები