კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისია დაიშალა - კონკურსის შედეგები ბათილად გამოცხადდა

17 იანვარი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი   

ორი დღეა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე,  ქუთაისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კონკურსის აპლიკანტები ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ. მათი აზრით, თამაზ მარგველაშვილი, რომელიც, ასევე, ქუთაისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეა, არაკანონმორჩილი ადამიანია და თვითნებურად მოქმედებს.

კონკურსი, რომელიც ქუთაისის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ  ქალაქის საკრებულომ გასული წლის 9 აგვისტოს 52 ვაკანსიაზე გამოაცხადა,  იმთავითვე კრიტიკის ობიექტი გახდა. მას მიკერძოებულობასა და არაკომპეტენტურობაში დასდეს ბრალი. 

კონკურსის პირველი ეტაპი ვიცე-მერების  არჩევით დასრულდა. საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ აღნიშნულ პოსტებზე იგივე კადრი დატოვა. ანუ ისინი, ვინც რეორგანიზაციის შემდეგ, გამოცხადებული კონკურსის პარალელურად ვიცე-მერების მოვალეობას ასრულებდნენ, აღნიშნულ კონკურსში უალტერნატივოები აღმოჩნდნენ. მომდევნო ეტაპი კი, რომელიც მერიის სამსახურების უფროსების არჩევას ითვალისწინებდა, კონკურსის მონაწილეთა განმარტებით "საჯილდაო ქვად" გადაიქცა. ვიცე-მერების მსგავსად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ  ამ შემთხვევაშიც იგივე კადრი დატოვა თანამდებობეზე, რამაც როგორც კონკურსის მონაწილეების, ისე, ზოგადად, საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.

აღნიშნულ ფაქტს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის შოთა მურღულიას შენიშვნა (იგი კომისიაში სხვადასხვა დარგის ექსპერტების ნაკლებობაზე საუბრობდა), მოგვიანებით კი,  მყისიერი მოქმედება მოჰყვა - მისი გადაწყვეტილებით, კონკურსის შედეგები ბათილად  გამოცხადდა.

"ყველაფერი ლოგიკურად მოხდა. კონკურსი, რომელიც ქალაქის მერიის პროფესიონალი კადრით დაკომპლექტებისთვის გამოცხადდა, საბოლოოდ გაუთავებელ აურზაურად გადაიქცა. ჯერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების პროცესი გადაიდო არაერთხელ, მერე შედეგების გამოცხადება და ა. შ. იყო ზეწოლის ფაქტებიც გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან. მოკლედ, ყველა პირობა იყო საიმისოდ, რომ ყველაფერი ასე დასრულებულიყო", - აცხადებს humanrights.ge-სთან საუბარში ქუთაისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის უკვე ყოფილი წევრი, არასამთავრობო ორგანიზაცია "საჩინოს" ხელმძღვანელი ზურაბ ხურციძე. 

ხურციძემ აღნიშნული კომისია რამდენიმე დღის წინ, პროტესტის ნიშნად დატოვა. მასთან ერთად კომისიის წევრობაზე უარი თქვა ნუგზარ კვირიკაშვილმაც. კომისიის ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ კომისიის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს კონკურსის გამარჯვებული წევრებისთვის შედეგები 5 დღის ვადაში უნდა ეცნობებინათ, შემდეგ კი, მერის მოვალეობის შემსრულებლისთვის ორი კვირის პერიოდში შესაბამისი კანდიდატურები დასამტკიცებლად უნდა წარედგინათ. თუმცა,  თამაზ მარგველაშვილს და მამუკა მღვდელაძეს ეს არ გაუკეთებიათ. მათ დაარღვიეს საქართველოს კანონი "საჯარო მოხელის შესახებ."

ქუთაისის მერიის საკონკურსო-საატეტაციო კომისია, რომელიც გასული წლის აპრილში შეიქმნა და 7 წევრისგან დაკომპლექტდა, არაერთხელ გახდა საპროტესტო აქციების მიზეზი. კონკურსის მონაწილეები კომისიის წევრების არაკომპეტენტურობასა და მიკერძოებულობაზე ალაპარაკდნენ და კომისიის გაუქმების მოთხოვნით ქუჩაში გამოვიდნენ.  

"დღიდან დაკომპლექტებისა, კომისია არ ექვემდებარება მოქმედ კანონმდებლობას და თვითნებრად მოქმედებს. მათ გააპამპულეს ათასობით კონკურსანტი, რომლებიც დღიდან კონკურსის გამოცხადებისა, სრული სერიოზულობით მიუდგნენ საკითხს. მათ შორის ვიყავი მე, რომელიც კონკურსის პირველივე ეტაპზე ისე დამბლოკეს, რომ ოფიციალურად ამის შესახებ არც უცნობებიათ. მიზეზი არასრული დოკუმენტაცია დაასახელეს, რომელიც მათ წარვუდგინე. როგორც შემდგომში გაირკვა, სრულყოფილი დოკუმენტაცია CV-სთან ერთად ავტობიოგრაფიის წარდგენას გულისხმობდა. მოკლედ, კომისია ვერ ახორციელებდა იმ ფუნქციას, რომელიც დაეკისრა. იგი კერძო ინტერესებს ემსახურებოდა და შედეგად ათასობით ადამიანი დაზარალდა. ხალხი თვეობით ელოდა შედეგს - დასაქმებას", - ამბობს humanrights.ge-სთან საუბარში კონკურსის ერთერთი მონაწილე, სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მანანა მანაგაძე.

მანაგაძე დანარჩენ კონკურსანტებთან, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისის საკრებულოს პირველივე სხდომაზე დასწრებას და თამაზ მარგველაშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დაყენებას გეგმავს. ისინი მარგველაშვილის როგორც კომისიის ხელმძღვანელის, ისე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენებას მოითხოვენ.

რაც შეეხება ქუთაისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას, რომელიც მხოლოდ სამი  წევრისა და თავმჯდომარის ამარაა დარჩენილი, დაშლის პირასაა. გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მას დანარჩენი წევრებიც  დატოვებენ. აღნიშნული მოვლენების ფონზე კი, თამაზ მარგველაშვილი ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს, სადაც მიმართავს როგორც არასამთავრობო სექტორს, ისე მედიას, მიმდინარე წლის 14 იანვრამდე კომისიაში წევრობის მსურველთა შესაბამისი კანდიდატურები წარმოადგინონ: "კომისიის ეფექტურ მუშაობას, მისი საქმიანობის გამჭვირვალობას, საჯაროობასა და მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის მაღალ ხარისხს მის მუშაობაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა ჩართულობა განაპირობებს. ამდენად, ვაცხადებთ ვაკანსიას კომისიის წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად" - ნათქვამია კომისიის თავმჯდომარის განცხადებაში.

ახალი ამბები