კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბოლის თემის რწმუნებული ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

20 იანვარი, 2014
 
მარი ოთარაშვილი, ახალგორიდან

ახალგორში დღეს ყველა ბოლის თემის ( ადგილი ახალგორის რაიონში, რომელიც 13 სოფელს მოიცავს) რწმუნებულის რობინზონ გვრიტიშვილის დაკავებაზე საუბრობს. ის ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივთაგან ზოგიერთს ხელჩანთაში დააქვს სია, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაზარალებული მოსახლეობის სახელები და გვარებია მითითებული. 

“ამ სიაში მეც ვარ, მაგრამ დღემდე არც კოტეჯი და არც კომპენსაცია არ მიმიღია!,გამოდის, რომ ჩემს მაგივრად სხვას მისცეს კოტეჯი ან კომპენსაცია. აბა, სხვანაირად როგორ იქნებოდა?! ჰკითხეთ აქ ვისაც გინდათ - მე მართლა არაფერი ამიღია! ამას კოტეჯებისა და კომპენსაციების განაწილების კომისიაც ადატურებს. ბოლო 5 წლის განმავლობაში ხან ახალგორის მუნიციპალიტეტში დავდივარ, ხან დევნილთა სამინისტროში იმისათვის, რომ მეც მერგოს რამე, მაგრამ ყველგან უარით მისტუმრებდნენ. დევნილის სტატუსი მაშინღა მაღირსეს, როცა ხელისუფლება შეიცვალა,“ - ამბობს ჩვენთან საუბარში ახალგორელი ქალბატონი და თან ნაბეჭდ ფურცელში თავის სახელსა და გვარს გვაჩვენებს.

უკვე წელიწადზე მეტია, რაც მთავარი პროკურატურა უცხოელი დონორების მიერ 2008 წლის ომის გამო დაზარალებული დევნილებისთვის გამოყოფილი მილიონობით ლარის განაწილების საქმეს სწავლობს. საქმე ეხება ახალგორელი და ლიახვისხეობის დევნილებისთვის კოტეჯებისა და კომპენსაციების განაწილებას. 

ცნობისათვის, კოტეჯი (საცხოვრებელი ფართი წეროვანში, წილკანსა და ფრეზეთში) ან ფულადი კომპენსაცია (10 000 დოლარის ეკვივალენტი ლარებში) იმ პირზე გაიცემოდა, ვინც 2008 წლის ომამდე ახალგორში ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ პირზე იმ ცნობას, რომლის მიხედვითაც ის ნამდვილად ცხოვრობდა ახალგორში, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები გასცემდნენ. ახალგორელებისთვის ცნობების უკანონო გაცემასთან დაკავშირებით პრეტენზიები და აღშფოთებული რეპლიკები ბოლო 6 წლის განმავლობაში არ შეწყვეტილა. საყვედურები და უკმაყოფილობა კი, განსაკუთებით თვითონ დაბის, ასევე – მოსაბრუნის, ბოლის რწმუნებულების მიმართ გაისმოდა და მათ პასუხისგებაში მიცემასაც ითხოვდნენ. 

სია, სადაც მითითებულია, ვინ აიღო დევნილისთვის განკუთვნილი ფულადი კომპენსაცია ან კოტეჯი, დიდი ხნის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო. მას დევნილთა სამინისტროსგან არაერთი მედია-საშუალება, მათ შორის “ადამიანის უფლებათ ცენტრიც” ითხოვდა. საბოლოოდ სია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გასაჯაროვდა.    

როგორც დევნილების სიაში აღმოჩნდა, კოტეჯები და კომპენასაციები კომისიის მიერ გადანაწილდა არა მარტო თვითონ ახალგორელებზე, არამედ თბილისელებზე, კასპელებზე, მცხეთელებზე და იმ პირებზეც კი, რომლებიც დღეს ვლადიკავკაზში ცხოვრობენ. აღნიშნულ სიაში, რომელიც თვითონ ახალგორელებს დევნილთა სამინისტორდან აქვთ, მიცვალებულებიც კი აღმოჩნდნენ.

როგორც რაიონში ადგილობრივები აცხადებენ, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული რობინზონ გვრიტიშვილი (და არა მარტო ის) ყალბ ცნობებს იმ პირებზე გასცემდა, ვინც რეალურად არ იყო ახალგორელი: „ასეთები ფორმალურად ფულად კომპენსაციას 10 000 დოლარს იღებდნენ, ფაქტობრივად კი მათ მხოლოდ ნახევარი – 5 000 დოლარი მიჰქონდათ, ნახევარ 5 000 დოლარი კი ყალბი საბუთის გამცემს რჩებოდა. ადგილობრივები კონკრეტულ გვარებსაც ასახელებენ, რაიონში მცხოვრებთაგან თუ ვინ აიღო ასე 5 000 დოლარი. ვენაცვალე იმათ, ვინც ამათი დაჭერა დაიწყო! რამხელა ფული აკეთეს ახლგორის გამგოეობის წევრებმა ამ დახმარებებით, ვერ წარმოიდგენთ. ყველა ციხეშია წასასვლელი და მათი ჯერიც დადგება!” - ამბობს ჩვენთან საუბრისას ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის მცხოვრები ქალბატონი.

“ნამდვილად ვიცი, რომ ეს საქმე ამ ერთი ადამიანის დაჭერით არ გაჩერდება. ვისაც დანაშაულში წვლილი მიუძღვის, აუცილებლად პასუხისგებაში მიეცემიან. თუმცა ახლა უკვე ვისი დაკავება მოხდება, ამის დაკონკრეტებას ნუ მომთხოვთ, რადგან ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება,” – აცხადებს ახალგორის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების”- თავმჯდომარე ზვიად ბალაშვილი.

ახალი ამბები