კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2014 წელს კახეთში ინფრასტურქტურულ პროექტებზე 112 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

22 იანვარი, 2014
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი 

20იანვარს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ კახეთის გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილთან და რეგიონის გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებთან შეხვედრა გამართა. მან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ისაუბრა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო 2014 წელს კახეთში  გეგმავს. საუბარი შეეხო საავტომობილო გზების რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემების გამართვას, მყარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
 
ნარმანის განცხადებით ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებად 2014 წელსაც საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია რჩება. ამისათვის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად, რეგიონში 26 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას აპირებს. გაგრძელდება წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის, ულიანოვკა-ბოდბე-გამარჯვების, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზების რეაბილიტაცია. დაიწყება თუშეთის გზის უსაფრთხოების ღონისძიებები, აგრეთვე, ფშაველი-აბანო-ომალოს, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის, ახმეტა-თელავი ბაკურციხისა და სხვა საავტომობილო მონაკვეთების რეაბილიტაცია.

ასევე, 2014 წელს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა წყალმომარაგების საკითხების მოგვარებას, რომლისთვისაც 19 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. მიმდინარე წელს მოხდება თელავის, გურჯაანის, სიღნაღის, ახმეტის, ლაგოდეხის, ყვარლის, საგარეჯოს, თელავი-კურდღელაურისა და წნორის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს, ხოლო ადმინისტრირებას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გასწევს.

2014 წელს ჩატარდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდინარე ალაზნის შესართავთან, მდინარე კაპარჩაის კალაპოტის ნაპირსამაგრი სამუშაოები. ნაპირგამაგრება მოხდება, ასევე, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში მდინარე მღვრიეხევზე. გამაგრდება, ასევე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გურგენიანში მდინარე ჭვარტლისხეევის სანაპირო ზოლიც. ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდება, აგრეთვე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორი-ბოდბისხევის მონაკვეთზე.

2014 წელსვე მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას საგარეჯოსა და თელავის ნაგავსაყრელების კეთილმოწყობა აქვს დაგეგმილი. აგრეთვე, ექსპლუატაციაში შევა გურჯაანის, ყვარლის, სიღნაღის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს ნაგავსაყრელები. დაგეგმილია ამ ნაგავსაყრელების პოლიგონების შემოღობვაც.
 
რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ უკვე დაამტკიცა 85 პროექტი, რომელიც 2014 წელს კახეთში განხორციელდება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია (43 პროექტი), კულტურის სახლისა და სხვა შენობების რეაბილიტაცია (3 პროექტი), წყლისა და კანალიზაციის მოწესრიგება (26 პროექტი), ნაპირსამაგრი სამუშაოები (13 პროექტი) სანიაღვრე არხებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

მთლიანობაში, 2014 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კახეთის რეგიონში 95 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დამატებით 17,5 მილიონ ლარს მიიღებენ, რომლითაც 85 პროექტს განახორციელებენ. ჯამში, კახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 112 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

ახალი ამბები