კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან - ცვლილებები თვითმმართველობის კოდექსის პროექტში

27 იანვარი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 
     
გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" პროექტი 84 ხმით 14-ის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით მიიღო. კოდექსი, რომელსაც თან 24 კანონპროექტი ახლავს და საბოლოო ჯამში, მას ფუნდამენტურად ცვლის, როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ ცხარე განხილვისა და აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა. 

"ეს არის რეფორმატორულ ცვლილებებზე დაფუძნებული კოდექსი, რომელიც შექმნის ევროპულ სტანდარტთან მიახლოებულ თვითმმართველობას" - აცხადებს  ხელისუფლება. "ამ ცვლილებებზე დაყრდნობით ისე ვერ შეიცვლება კოდექსი, რომ მოხდეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება. პირიქით, თვითმმართველობისთვის ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი" - პასუხობს ოპოზიცია.

პარალელურად, სხვადასხვა ფორმატში, იმართება არგუმენტირებული დებატები. არის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ალტერნატიული შეთავაზებებიც, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ უჭერს.

"მთელი წლის მანძილზე მიდიოდა საუბარი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში ფუნდამენტური გარდატეხა მოხდებოდა, რომ ქალაქები და სოფლები რეალურ თვითმმართველობას მიიღებდნენ. თუმცა, როგორც ვხედავთ, ასე არ მოხდა და ყოველივე ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ მხოლოდ სქელტანიანი დოკუმენტი, რომელშიც ბევრი აზრია წარმოდგენილი, მაგრამ არაფერი წერია რეალურ თვითმმართველობაზე. ანუ, ამ მხრივ არსად ჩანს წინგადადგმული ნაბიჯი", - ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე.

იგი საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, გამგებლებისა და მერების პირდაპირი წესით არჩევას წინგადადგმულ ნაბიჯს უწოდებს და მიესალმება, თუმცა, გადამეტებულად მიაჩნია საკრებულოს როლი პირდაპირი წესით არჩეული მერისა და გამგებლისთვის უფლებამოსილების შეჩერების კუთხით: "ამ ნაწილშიც კი, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს წინგადადგმული ნაბიჯია, არის ხარვეზი. არ შეიძლება ხალხის მიერ არჩეული მერი, ან თუნდაც გამგებელი საკრებულოს ორმა მესამედმა, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გადააყენოს. ამდენად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ კანონპროექტის და მერე უკვე კანონის პირობებში ჩვენი ქვეყნის თვითმმართველობაში ვერცერთი ნაბიჯი წინ გადადგმული ვერ იქნება".

პარლამენტარი ოპოზიციონერის აკაკი ბობოხიძის განმარტებით კი, ის რომ საკრებულოს ორ მესამედს შეუძლია არჩეულ მერს ან გამგებელს უფლებამოსილება შეუჩეროს, მოქმედი ხელისუფლებისთვის ერთგვარი თავდაცვაა: „მას ჭირდება გარკვეული თავდაცვის მექანიზმი, რომელიც სწორედ ამ მუხლით ამოქმედდება. ანუ, თუკი მოხდება ისე, რომ არჩევნების შემდეგ რომელიმე ქალაქსა თუ სოფელში "არასასურველი პირი" აღმოჩნდება (გაეპარება) აღნიშნულ თანამდებობაზე, საკრებულოს მეშვეობით იოლად გამოასწორებს ამ "შეცდომას" და შეცვლის მას. ამდენად, მერისა და გამგებლების არჩევით ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება წინ, მაგრამ ეს არ იქნება რეფორმა, არამედ ეს იქნება არჩევნების წესის შეცვლა და სხვა არაფერი." 

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის კრიტიკა მეტისმეტია და საქმე არც ისე ცუდად არის, როგორც ეს უმცირესობაში მიაჩნიათ. კერძოდ, მეორე მოსმენით გასული კოდექსის პროექტის მიხედვით, საკრებულოს მიერ უნდობლობაგამოცხადებულ მერს ან გამგებელს სასამართლოს ვერდიქტამდე უფლებამოსილება არ უწყდება. შესაბამისად, სასამართლო განხილვის დასრულებამდე კონკრეტულ ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში ხელახალი არჩევნები არ ინიშნება.  
      
"არ არის გამორიცხული სასამართლომ გაამართლოს ესა თუ ის მერი ან გამგებელი და თქვას, რომ საკრებულოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა. ამ შემთხვევაში პირი თანამდებობაზე რჩება და ჩვეულებრივად აგრძელებს უფლებამოსილების შესრულებას", - განმარტავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი.

ისიც, მმართველი გუნდის თითქმის სრული შემადგენლობის მსგავსად, საბოლოო ჯამში, საკანონმდებლო ცვლილებებით კმაყოფილია. პარლამენტში მიაჩნიათ, რომ პროექტის მიხედვით, "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" არცთუ ცოტა და მნიშვნელოვანი საკითხი იცვლება. კერძოდ, იზრდება თვითმმართველ ქალაქებში მერის არჩევის ბარიერი. საუბარია 40%-ზე, რაც არსებულზე გაცილებით მაღალია. ასევე, ცვლილებაა პარტიებისთვის გადასალახი ბარიერის კუთხით, რომელიც ნაცვლად 5 პროცენტისა  4 პროცენტია.

ახალი ამბები